რატომ მალავს  ბურჯანაძე ჯორბენაძის ნარკომანობას?

რატომ მალავს ბურჯანაძე ჯორბენაძის ნარკომანობას?

ბურჯანაძე-დემოკრატების ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ქუთაისის შემდეგ წყალტუბოშიც ჩავიდა.

ქუთაისისგან განსხვავებით წყალტუბომ დარბაზში ხალხის სიმრავლით არც ისე გაანებივრა ქვეყნის მეორე პირი. თუმცა მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ ახლო სოფლებიდან ამომრჩევლებით სავსე ორი ავტობუსი გამგებლის დამქაშებს დაუკავებიათ. შეხვედრაზე მოსულთა შორის უმრავლესობამ ბურჯანაძისადმი სიმპათია გამოხატა.

მაჟორიტარ დეპუტატად ზაზა სოფრომაძე დასახელდა. ის წინა მოწვევის დეპუტატი იყო. კონკურენციას მას შს მინისტრის ძმა, ლაშა ნარჩემაშვილი გაუწევს. კულისებში სწორედ ამ თემაზე საუბრობდნენ. მინისტრის ძმის გარდა, ის წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთის მკვიდრია. თავად სოფრომაძე ოპტიმიზმს მაინც არ კარგავს.

„მე ვამაყობ, რომ ბურჯანაძე-დემოკრატებთან ვარ. ეს პასუხისმგებლობას მაკისრებს. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, სიძნელეების გადალახვას მათი დახმარებით შევძლებ,“ - აცხადებს ის და ტრიბუნას პოლიტიკურ ნიუანსებში უფრო დახვეწილ გიგი წერეთელს უთმობს.

აქ ვიცე-სპიკერმა საუბარი იუმორისტულ ნოტაზე წარმართა: „ჩვენ ვერ შევეგუებით საქართველოს უკუსვლას. ამიტომაც შევეკარით ბურჯანაძეს. მისი პოპულარობა და რეიტინგი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.“

როგორც ჩანს ნინო ბურჯანაძემ დარბაზზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მისი გამოსვლის შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა. „ძალიან კარგი ქალია ეს ბურჯანაძე, მარა აცლიან, ნეტა?“ - ჩაილაპარაკეს ქალებმა.

პარლამენტის თავმჯდომარე თავის სიტყვებში სხვადასხვა საკითხებს შეეხო. მათ შორის ბიუჯეტის სეკვესტრსაც:

„დღესდღეობით პარლამენტში მუშაობა გვიწევს ისეთ ხალხთან, ვინც ტაშს უკრავს ბიუჯეტის სეკვესტრს. არ მესმის, რანაირად შეიძლება ჯარისკაცს დღეში ორჯერ აჭამო ფაფა და მერე აფხაზეთის დაბრუნება მოსთხოვო. ვისაც კი შევხვდით სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში, არავის მოუთხოვია ჩვენთვის, არ ვიმუშავებთ და თქვენ შეგვინახეთო. ყველა ითხოვდა ერთს - მოგვეცით მუშაობის საშუალება.“

სანამ ბურჯანაძე წყალტუბოდან თერჯოლაში გაემგზავრებოდა, ქუთაისში 11 არასამთავრობო ორგანიზაციას შეხვდა. მათთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკის ხელოვნებაზეც ისაუბრა:

„პოლიტიკის ხელოვნება ის არის, რომ მტერი გადმოიბირო და ის ხალხი შენს სიმართლეში დაარწმუნო. თორემ ვისაც უყვარხარ და შენი ნაცნობია, ის ნამდვილად მოვა არჩევნებზე და ხმასაც მოგცემს.“

ინტელიგენციასთან შეხვედრისას ქალბატონ ნინოს მამამისი, ანზორ ბურჯანაძე უმშვენებდა მხარს, რომელიც სიამაყით ისმენდა საკუთარი შვილის ქებას.

თერჯოლაში ბურჯანაძეს სავსე დარბაზი დახვდა. მაჟორიტარ დეპუტატად დავით ძოწენიძე დაასახელეს. ჯერჯერობით დაუდგენელია, ვინ იქნება მისი კონკურენტი სახელისუფლებო ბლოკიდან.

აქ ბურჯანაძეს საუბრისას ერთი მოხუცი წამოუხტა.

- თქვი, თქვი, რატომ არ ამბობ?

რა უნდა ვთქვა, ბატონო?

- თქვი ის, რომ ნარკომანია ეგ ჯორბენაძე, რატომ მალავთ?

რა თქმა უნდა, ბურჯანაძეს ამ გამოსვლისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა დარბაზში ყველა ყურადღებით აკვირდებოდა პარლამენტის თავმჯდომარის და დემოკრატების რეაქციას.