პრეზიდენტის დიპლომატიური აბსურდი

პრეზიდენტის დიპლომატიური აბსურდი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადებით, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ეს დიპლომატიური აბსურდია. ასე შეაფასა ჯაფარიძემ პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, პარლამენტს დასამტკიცებლად მხოლოდ ხუთი ახალი ელჩის კანდიდატურა გადაეგზავნა.

თედო ჯაფარიძის თქმით, დიდი ხანია, იგი დიპლომატიურ სფეროში ტრიალებს და მსგავსი რამ არ სმენია და ცალკეული ქვეყნების მხრიდან ეს აღიქმება, რომ ქართულ მხარეს უბრალოდ არ სჭირდება იმ ქვეყნებში ელჩები. თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელების დანიშნვა ისედაც გრძელვადიანი პროცედურაა და მისი კიდევ უფრო გაჭიანურება გაუგებარია. ელჩები, რომლებიც ამჟამად დაინიშნენ, კიდევ 1-2 თვის განმავლობაში ვერ შეუდგებიან თავიანთ საქმიანობას.

პრობლემას ისიც ამძაფრებს, რომ ჩვენ არ გვყავს ელჩები ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქვეყნებში, როგორიცაა გაერო, გერმანია და თუნდაც დიდი ბრიტანეთი. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, სადაც ჯერ კიდევ წარდგენილი არ არის ელჩის კანდიდატურა, 7-8 თვის განმავლობაში ელჩი არ გვეყოლება. ეს მაშინ, როცა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საქართველოს პრეზიდენტს 17 ქვეყანაში ელჩის შეცვლის თხოვნით ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მიმართა.

პირველ ეტაპზე, პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს 9 ელჩის (ბელგიაში ელჩი და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი - ნატო საბანაძე, უკრაინაში - მიხეილ უკლება, საფრანგეთში - ეკატერინე სირაძე-დელონე, აშშ-ში - არჩილ გეგეშიძე, უნგრეთში - ზაზა კანდელაკი, ავსტრიაში - კონსტანტინე ზალდასტანიშვილი, ლატვიაში - თეიმურაზ ჯანჯალია, ჩეხეთში - ზაალ გოგსაძე, იტალიაში - კარლო სიხარულიძე) კანდიდატურა წარუდგინა, რომლებიც პარლამენტმა 20 თებერვალს დაამტკიცა.

სულ ახლახანს კი პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა კიდევ ხუთი დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა კანდიდატურები: ხათუნა სალუქვაძე - ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, ზურაბ პატარაძე - ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, ირაკლი კოპლატაძე - თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, თეიმურაზ შარაშენიძე - აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე და კონსტანტინე კორკელია - ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის თანამდებობაზე.

რაც შეეხება სააკაშვილის მიერ თავის დროზე დანიშნულ ელჩებს, ისინი პოლიტიკურ მისიას რომ უფრო ასრულებდნენ, ეს კოტე გაბაშვილის გუშინდელმა განცხადებამაც ცხადყო. საქართველოს ყოფილი ელჩი იტალიაში, რომელიც, ამავდროულად, "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი აქტიური სახის გოკა გაბაშვილის მამაა, თანამდებობიდან წასვლის მიზეზად ქვეყნის საგარეო კურსის დაუბალანსებლობას ასახელებს და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მოტივს იშველიებს, რომლის მიმართაც სკეპტიციზმს გამოხატავს. თანაც, განმარტავს, რომ რთულია ისეთი დავალებების შესრულება, რომელსაც არ ეთანხმები და არ გჯერა.

ჩვენ დავინტერესდით, პოლიტიკური დავალებების გარდა, ასრულებდა თუ არა კოტე გაბაშვილი დიპლომატის მოვალეობას, ასევე, - რატომ აჭიანურებს პრეზიდენტი ელჩების დანიშვნას და სადამდე უნდა ვიყოთ ელჩების მოვალეობის შემსრულებლების, ანუ დროებითი რწმუნებულების ამარა?! ამ საკითხებზე For.ge ყოფილ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს ესაუბრა.

ასევე, შევეცადეთ, გაგვერკვია, რატომ არ თანხმდება სააკაშვილი ბულგარეთში, ჩინეთში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შეთავაზებული ელჩების დანიშვნას?!

უკვე ცნობილია, რომ დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ასევე, ირლანდიაში საქართველოს ელჩის პოსტზე თედო ჯაფარიძის კანდიდატურაა წარდგენილი, ბულგარეთში - ზურაბ ბერიძე, ჩინეთში - დავით აფციაური, გერმანიაში - ლადო ჭანტურია, ხოლო გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის თანამდებობაზე - კახა იმნაძე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ, ცხადია, ხანგრძლივად არ უნდა გაგრძელდეს ელჩების დანიშვნის პროცესი, რადგან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არის მთავარი უწყება, რომელიც განსაზღვრავს და არჩევს საკადრო პოლიტიკას. პარლამენტის მიერ ელჩების დამტკიცება ამ საკადრო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. თუმცა, რა თქმა უნდა, მოქმედი პრეზიდენტი სააკაშვილი ჩართულია ამ პროცესში და სურს, თავისი "წვლილი" შეიტანოს და ძალიან დააბრკოლოს ელჩების დანიშვნის პროცესი. ამით სააკაშვილი ცდილობს, პირობითი ხელოვნური მუხრუჭები ყველგან შექმნას. 

ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ, ამავდროულად, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ინიცირებულია კანონპროექტი, რომ აღნიშნული პროცედურები გადაიხედოს და  ძალიან დეტალურად იყოს გაწერილი. ამდენად, იგი იმედოვნებს, რომ ამ კანონს მალე მივიღებთ და ბევრი საკითხი მალე მოგვარდება. უბრალოდ, დროის ამბავია ყველაფერი.

რაც შეეხება ელჩობის კანდიდატურებს, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ახალი კანდიდატურები მნიშვნელოვანი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები არიან და აქცენტი კეთდება პროფესიონალ დიპლომატებზე, რომლებმაც თავიანთი საქმე იციან. მთავარი კი ის არის, რომ ეს ადამიანები პარტიული წარმომადგენლები არ არიან.

"სამწუხაროდ, დავინახეთ, რომ ზოგიერთი საელჩო უახლოეს წარსულში პარტიული ორგანიზაციის დონეზე არსებული ოფისი იყო სხვადასხვა ქვეყანაში და "ნაციონალური მოძრაობის" დავალებას ასრულებდა. არ მინდა, შეგნებულად დავასახელო ის ქვეყნები. საზღვარგარეთ როცა ვიყავი და ვსაუბრობდით იმის შესახებ, თუ როგორ აჭიანურებს პრეზიდენტი ელჩების დანიშვნას, ჩვენი უცხოელი კოლეგები, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები, გაოცებულნი იყვნენ, რადგან ამის პრეცენდენტი არ არსებობს", - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

რაც შეეხება კოტე გაბაშვილის განცხადებას, ზურაბ აბაშიძეს მიაჩნია, რომ კოტე გაბაშვილი ძალიან სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს. რეალურად, ის მხარეა და მისი პირადი მოსაზრებით, კოტე გაბაშვილი არც არასდროს ყოფილა ქვეყნის წარმომადგენელი.

“ის ყოველთვის მხარე იყო ერთ-ერთი პარტიის, რომელსაც წარმოადგენდა. იტალიაში მისი მოღვაწეობაც პარტიულ კვალს ტოვებდა და ეს სენსაცია არ არის. ის ამ ყველაფრის ნაწილი იყო, რასაც "ნაციონაური მოძრაობა" ჰქვია. სამწუხაროდ, ადამიანებმა გადაწყვიტეს, გაეიგივებინათ სახელმწიფო და პარტია. არადა, ეს აბსოლუტურად სხვადასხვაა”, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის აზრით, სააკაშვილს ადვილად არაფრის დათმობა არ უნდა და ელჩების მორიგ დამტკიცებაზეც გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ამით სააკაშვილი რატომღაც ფიქრობს, რომ პრობლემის შექმნა - ეს არის ურთიერთობათა მიღებული ფორმა. ეს ურთიერთობა კი მაინცდამაინც კოაბიტაციურად არ გამოიყურება და საქმიან წერილზე საქმიანი პასუხის მიწერა პრობლემას არ წარმოადგენდა.

“არ ვარ განწყობილი, ნაციონალებს რამე დავაბრალო, მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. არ შეიძლება, ამდენ ხანს სახელმწიფო სრულფასოვანი წარმომადგენლის გარეშე დარჩეს, რადგან ეს არის ხელშეშლის გარკვეული ფორმა. რაც შეეხება კოტე გაბაშვილის განცხადებას, როგორც წესი, ისეთი დავალების მიღება, რომელიც ელჩს სახელმწიფოებრივად არ მიაჩნია, ელჩს მორალურად ავალებს, რომ ამის შესახებ განაცხადოს და გადადგეს. თუმცა რასთან დაკავშირებით ასახელებს კოტე გაბაშვილი თანამდებობიდან წასვლის მიზეზად ქვეყნის საგარეო კურსის დაუბალანსებლობას, ვერ ვხვდები. დავალება მიიღო ასეთი?! კოტე გაბაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელმაც უნდა შეაფასოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. სწორედ ახლა ვკითხულობდი ბრიტანეთის, ევროპული ქვეყნების და აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას. ეს არის ის აუცილებლობა, რასაც ამერიკა და აშშ ჩვენგან ითხოვს და ამ წინადადებას გვთავაზობს”, - აცხადებს გია ვოლსკი.

მისი თქმით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მოგვარებით დაინტერესებულია მსოფლიო და ეს იმით არ არის განპირობებული, რომ მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკას უჭერენ მხარს. უპირველესად, დასავლეთს ამ პრობლემის მოგვარება საკუთარი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე აინტერესებს, კავკასიაში უსაფრთხო ატმოსფეროს შექმნის მიზნით იძლევიან ასეთ რეკომენდაციებს. 

საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაერთიანების თემაც რომ გავიხსენოთ, გია ვოლსკი აცხადებს, რომ სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობამ დასვა ამის აუცილებლობა. ამდენად, რუსეთი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული მოლაპარაკებების გარკვეულ ფორმატში.  

იმის გამო, რომ მნიშვნელოვან ქვეყნებში არ გვყავს ელჩები, გია ვოლსკის აზრით, ამით “ქართულ ოცნებას” რაიმე არ აკლდება, პირიქით, “ქართული ოცნების” პოპულარიზაცია აქ არაფერ შუაშია. აქ არის სახელმწიფოს ინტერესები და ელჩი იმისთვის არსებობს, რომ სახელმწიფოს ინტერესისთვის იმუშაოს. მისი თქმით, საქართველოს შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას არ განიცდის თუნდაც გერმანია ან დიდი ბრიტანეთი, მაგრამ ელჩის ფუნქცია არ არის ვინმეს გააცნოს, თუ რა გეგმები აქვს “ქართულ ოცნებას”.

„ნაციონალური მოძრაობა" მიეჩვია, რომ საკუთარი პარტიული ინტერესები წინა პლანზე ყოფილიყო წამოწეული. ამის მრავალი მაგალითი გვაქვს, როდესაც ელჩები, განსაკუთრებით, წინასარჩევნო პერიოდში დარბოდნენ და „ქართული ოცნების“ მადისკრედიტირებელ მასალას არიგებდნენ დელეგაციებში. ახლაც დიპლომატების არსებობა კონკრეტულ ქვეყანაში არის ერთ-ერთი ბერკეტი, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს იმის დადასტურებას, რომ მას გავლენა ისევ შემორჩა. ეს კი სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს“, - აცხადებს გია ვოლსკი. 

ჩვენი შეკითხვის საპასუხოდ, თუ რატომ აჭიანურებს პრეზიდენტი ელჩების დამტკიცებას, საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ მთავარი ამოცანაა, შევჯერდეთ კონსტიტუციაზე, საერთო სასამართლოებზე და საზოგადოებრივ მაუწყებელზე. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი ინსტიტუტები. ასევე, უნდა მოვრჩეთ იმ სურათის შექმნას, როცა უნივერსიტეტის ავტონომიასაც დაემუქრა საშიშროება. ამდენად, დავით დარჩიაშვილის აზრით, ეს პრობლემებია გადასაწყვეტი და პრეზიდენტი მაქსიმალურად უფრო ამ საკითხებშია ჩართული.

რაც შეეხება დიპლომატების დანიშვნის დაბრკოლების მიზეზებს, დავით დარჩიაშვილს არ მიაჩნია, რაიმე განსაკუთრებულად სკანდალური ხდებოდეს. მეტიც, მისი აზრით, დიპლომატიური კორპუსი, დიპლომატიური მისიები და მათი მოვალეობის შემსრულებლები მუშაობენ და მომავალშიც დაინიშნებიან ელჩები.

„თუკი ელჩების სასწრაფოდ დანიშვნის სურვილი არსებობს, მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტრო და საპარლამენტო შესაბამისი კომიტეტი კონსულტაციების დროს ამ საკითხსაც დასვამენ. არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტი, თავისი ინსტიტუციით და მათ შეუძლიათ, სამუშაო ვითარებაში ეს საკითხები განიხილონ. თუ სად გადის ზღვარი პრეზიდენტის მხრიდან ელჩების დანიშვნის ხელოვნურ დაბრკოლებასა და არხელოვნურ დაბრკოლებას შორის, თუ ეს ბატონმა თედომ იცის, გვითხრას. რაღაც პრობლემა თუ არის, ამას სჭირდება სამუშაო ვითარებაში განხილვა“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.

შეეძლო თუ არა პრეზიდენტს, სურვილის შემთხვევაში, ბევრად უფრო დაჩქარებულად განეხილა ელჩების დანიშვნის საკითხი, ამასთან დაკავშირებითაც დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ სამუშაო ვითარებაში უნდა ემსჯელათ ამის შესახებ და საგარეო საქმეთა სამინისტროს არ უნდა ეთაკილებოდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობითი ურთიერთობები.