ქოთნის ლობიო, მჭადი, მწნილი და მწვანილი - ეს თინა კანდელაკის მოსკოვური რესტორნის "თინათინის" ერთ-ერთი საფირმო კერძია. როგორც თავად ამბობს, მენიუ დედის კულინარიულ რეცეპტებზე ააწყო. ბუნებრივია, აქ ყველაზე ხშირად სტუმრები ქართულ კერძებს აგემოვნებენ.
- ქართული სუფრა სიყვარულს ჰგავს. მასში უამრავი ფერია, ხან მისი სიცხარე გწვავს და ხან კერძის მირთმევისას სასიამოვნოდ გრილდები. თევზი ქინძძმარში ყველაზე დახვეწილ გურმანსაც კი მოეწონება, აჭარული ხაჭაპური ნებისმიერს დაავიწყებს თავის დიეტას, ნიგვზიანი ბადრიჯანი კი - ფანტაზიას გაუღვიძებს, - ამბობს კანდელაკი.
რამდენიმე დღის წინ "თინათინი" ერთი წლის გახდა და ცნობილმა ტელეწამყვანმა ეს დღე ქართული სტუმართმოყვარეობით აღნიშნა. თინა სტუმრებს ასეთი სიტყვებით მიესალმა: საქართველოში ასეა - თუკი ვინმეზე არ ხარ გამიჯნურებული, საჭმელზე მაინც იქნები შეყვარებული.
თინა კანდელაკის რესტორანში იუბილეზე სტუმრად მივიდნენ: რეზო გიგინეიშვილი და ნადია მიხალკოვა, კრისტინა ორბაკაიტე, კატია დობრაკოვა, ნელი კობზონი და სხვები. სტუმრებს პირადად კანდელაკი დასტრიალებდა თავს. სტუმრების უმრავლესობისათვის ნამდვილად არ იყო უცხო ის კერძები, რომელსაც მასპინძელი ქალბატონი მათ სთავაზობდა. ისინი სიამოვნებით მიირთმევდნენ ლობიოს, საცივს, ხინკალს და ამ ყველაფერს ქართულ ღვინოსაც აყოლებდნენ. საღამოზე ორბაკაიტემ იმღერა და მისმა მოცეკვავეებმა შესანიშნავი შოუც დადგეს.
რა თქმა უნდა, კანდელაკისათვის ეს ბიზნესი ერთადერთი საქმიანობა არ არის. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, თინა კანდელაკი "წლის საქმიან ქალად" დაასახელეს. მოსკოვში ჟურნალ „გლამურის“ რუსულმა გამოცემამ "წლის ქალის" ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გამართა. გამოცემის ინგლისური ვერსიის მსგავსად, ქალბატონები აქაც რამდენიმე კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. გამოკითხვა ჟურნალის ვებგვერდზე ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კონკურსანტთა შორის იყო თინა კანდელაკიც, რომელმაც "წლის საქმიანი ქალის" ნომინაციაში გაიმარჯვა.
თინა კანდელაკი მართლაც გამოირჩევა თავისი შრომისმოყვარეობით. ის ერთმანეთს უთავსებს კომპანია "აპოსტოლ მედიას" ხელმძღვანელობას, "ვიატკა ბანკის" დირექტორთა საბჭოს სხდომებზე დასწრებას, საზოგადოებრივი პალატის წევრობას, თავისუფალ დროს კი მთლიანად ახარჯავს თავის რესტორანს თუ ფორუმს "ჭკვიანი სკოლა".
სხვათა შორის, მის უახლეს გეგმებში სწორედ "ჭკვიან სკოლასა" და კომპანია "აპოსტოლ მედიას" ეთმობა განსაკუთრებული ადგილი. საინტერესოა, რას უყვება თინა კანდელაკი ჟურნალისტებს თავის საქმიანობასთან დაკავშირებით.
მართლაც აპირებთ, რომ ინტერნეტში არხ "იუთუბიზე" თქვენი შოუ გაუშვათ?
- ჩემს უახლოეს გეგმებში შედის, რომ ვიდეოების ერთიანი ბაზა "იუთუბის" პლატფორმაზე გავუშვა პროექტ "ჭკვიანი სკოლის" ფარგლებში. დანარჩენი, მერე ვნახოთ.
რა ხდება თქვენს სხვა პროექტებთან დაკავშირებით, მაგალითად, "ვიატკა ბანკზე" გვიამბეთ...
- წლის ბოლომდე ვაპირებ, რომ ჩემი პროექტების დივერსიფიცირება მოვახდინო. ეს იმისათვის, რომ განვსაზღვრო, თუ რომელ საქმიანობას განვაგრძობ 2012 წელს. "ვიატკა ბანკის" საკითხი, ჯერჯერობით, სასწორზე დევს, ტაიმ-აუტი უნდა ავიღო, რათა მივხვდე, როგორ ჩამოვყალიბდე, რა მაინტერესებს.
ბანკის თანამფლობელი შეიძლება გახდეთ?
- თუ საკმარისი ფული გაქვს, შეიძლება "ბრიონის" თანამფლობელიც კი გახდე. მაგალითად, "დე ბერსში" იყიდებოდა წილი და მისი შეძენა შეიძლებოდა. ამისათვის რა არის საჭირო? ფული და სურვილი!
აი, ფული კი გაქვთ. "ფორბსის" სიის თანახმად, 2 მილიონამდე დოლარს ფლობთ. ეს ციფრი რამდენად სწორია?
- ჟურნალში არასდროს შეიძლება, რომ სწორი რაოდენობა იყოს მითითებული. თუმცა, ეს ჟურნალი ჭეშმარიტებასთან ამჯერად ახლოსაა. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ აქ ციფრი ძალიან არის შემცირებული.
საინტერესოა, რაში აპირებთ ინვესტირებას?
- მე არ ვეძებ იოლ ფულს, მინდა, თანხა ისეთ საქმეში ჩავდო, რომელიც მაინტერესებს, რაც მე სიხარულს მანიჭებს.
არ ფიქრობთ, რომ სიტყვა "ბიზნესმენი" უფრო სერიოზულად ჟღერს, აი, "ბიზნესლედი" კი - ცოტა კეკლუცად.
- ჩვენ ხომ ვამბობთ, "ბიზნესმენი" და არა "ბიზნესკაცი". მაშინ, რატომ არ შეიძლება ვთქვათ, "ბიზნესვუმენი"?
კი მაგრამ, ბიზნესი ხომ მკაცრი და დაუნდობელია, ანუ ეს კაცების სამყაროა.
- მოდით, გავიხსენოთ, რომ მაგალითად, ქალები უფრო დაუნდობლები არიან ხოლმე, ვიდრე მამაკაცები. ქალებს უფრო მეტი ტკივილის ატანა შეგვიძლია. თანაც, ქალებს ხომ არავინ ინდობს ბიზნესში მათი ლამაზი თვალების ან მოკლე ქვედაბოლოს გამო. ყველა ხვდება, რომ გარეგნობა მხოლოდ ფასადია.
ტელევიზიის საქმეებში თქვენ ყველაფერში ერკვევით. ხომ არ გინდათ, რომ პრინციპულად ახალი რამ სცადოთ?
- წილი კომპანია "აპოსტოლ მედიაში" სამი წლის წინ მე ვიყიდე. ის ორი მიმართულებით მუშაობს - ტელეწარმოება და მარკეტინგი. ამ წუთისათვის ეს კომპანია და ჩემი საზოგადოებრივი საქმიანობა მთელ ჩემს დროს მოითხოვს. მე და ჩემი პარტნიორი, ვასილი ბროვკო, ვიმედოვნებთ, რომ 5-7 წლის მერე ჩვენი პროექტი მსოფლიოს მასშტაბით გაითქვამს სახელს.
როგორია ასეთი ბიზნესვუმენის ერთი დღე?
- დილით სპორტი, დღისით - სამუშაო. საღამო შვილებს ეკუთვნით. საღამოს მათთან ერთად ვკითხულობ, ვიბარებ გაკვეთილებს. ბოლო დროს დამემატა ვიზიტები რეგიონებში ჩემი პროექტის - "ჭკვიანი სკოლის" ფარგლებში: ვხვდები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. განვიხილავ განათლების რეფორმის საკითხებს, მოკლედ, ვცხოვრობ იმის გაცნობიერებით, რომ თითოეული დღე განუმეორებელია და მხოლოდ ის უნდა აკეთო, რაც ნამდვილად სიამოვნებას განიჭებს.
აღსანიშნავია, რომ გავლენიანმა გამოცემა "სანდი ტელეგრაფმა" თინა კანდელაკი კრემლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და გამოკვეთილ მხარდამჭერად დაასახელა.
- თინა კანდელაკი, რომელიც ვლადიმერ პუტინს რუს ჯეიმს ბონდს უწოდებს, კრემლის ერთ-ერთი გამოკვეთილი და ეფექტური მხარდამჭერია, - წერს გამოცემა.
მოკლედ, თინა კანდელაკი ყველა მიმართულებით აქტიურობს და არ არის გამორიცხული, ის პოლიტიკით კიდევ უფრო მეტად დაინტერესდეს.
და კიდევ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ის გლამურული ჟურნალების ყდებზეც ძალიან ხშირად ხვდება და ათასგვარ სკანდალში ებმება. მორიგი სკანდალი მის სახელს რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა.
რუსმა მომღერალმა ნატალია ვეტლიცკაიამ საკუთარ ბლოგში ტელეწამყვან თინა კანდელაკს ბრიყვი უწოდა. ცოტა ხნის წინ, გაზეთ "იზვესტიას" სტატიაში კანდელაკმა მომღერალი "კრემლის ვარსკვლავად" მოიხსენია. სტატიაში თინა რუსეთის დედაქალაქის დაპყრობაზე წერდა.
- მე ირინა სალტიკოვას არ ვგავარ, ვეტლიცკაიამდე კი, როგორც კრემლის ვარსკვლავამდე, ბევრი მიკლია. ამიტომ ბომონდში მამაკაცის დახმარებით მოხვედრის გეგმა თავიდანვე გამოვრიცხე, როგორც შეუძლებელი. ერთადერთი გზა, რომელიც არაფრის გარანტიას იძლეოდა, მაგრამ მაძლევდა იმედს, ბევრი მუშაობა იყო, - წერდა კანდელაკი.
მომღერალი ნატალია ვეტლიცკაია კანდელაკის ამ სითამამემ გაახალისა. საკუთარ ბლოგში მკითხველებს მან განუცხადა, რომ კანდელაკს თითქმის არ იცნობს.
- მე ადრეც ვვარაუდობდი, რომ ამ ქალს დიდი ჭკუა არ ჰქონდა (არ აურიოთ ინტელექტში), რაც ერთ-ერთ პოსტში დავწერე კიდეც, თუმცა, საქმე უფრო უარესად ყოფილა: ის ბრიყვია. მე ის სულ სამჯერ მყავს ნანახი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემთან ასეთი ხანმოკლე ურთიერთობა მასზე ამხელა შთაბეჭდილებას მოახდენდა, - დაწერა ვეტლიცკაიამ.