მთავრობა ფარმაცევტებთან გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება

მთავრობა ფარმაცევტებთან გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება

საქართველოში წამლებზე ფასი შეუსვენებლად მაღლა მიიწევს და მასზე არ მოქმედებს არც ლარის გამყარება და არც კონკურენციის პრინციპები. ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა ბოლოს და ბოლოს მკაცრად მოკიდოს ხელი ურჩ ფარმაცევტებს. ერთი კვირის წინ ჯანდაცვის მინისტრმა, ახლა კი პრემიერმა პირდაპირ თქვა, რომ ასეთი განუკითხაობა ვეღარ გაგრძელდება.

ღარიბაშვილმა ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი - წამლების მაღალი ფასი - არჩევნებამდე 2 თვით ადრე მკაცრად დააყენა. მან ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა:

„არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატია დაწესებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება. ჩვენ ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში, რადგან ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დაახლოებით 1 კვირით ადრე იგივე საკითხზე გაამახვილა ყურადღება ჯანდაცვის მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს განვითარების ათწლიანი ხედვა წარადგინა. მან ხაზი გაუსვა წამლების სიძვირეს და აღნიშნა, რომ ფარმაცევტული სექტორი და სამინისტრო ერთი წლით მაინც უნდა შეთანხმდეს მედიკამენტების ფასზე, რათა ყოველთვიურად არ მოუწიოთ ფასზე ვაჭრობა.

„არ მომერიდება და აუცილებლად ვიტყვი, რომ სახელმწიფო და ჩვენი მოქალაქეები, გარკვეულწილად იქცნენ მძევლად ამ ფასების და აქ მნიშვნელოვანი არის ცოტა უფრო მეტი და ალბათ შეიძლება მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღებაც. უბრალოდ ეს გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მტკივნეული რამდენიმე ერთეულისთვის, მაგრამ იქნება ძალიან სასარგებლო ჩვენი მოქალაქეებისთვის.

დიდი იმედი მაქვს, ამ ბრძოლაში, რომელსაც მე აუცილებლად დავიწყებ, საზოგადოება მხარს დამიჭერს. ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ ჩემი ბრძოლა, ეს არის ჩვენი ერთობლივი მიზანი, იმისათვის, რომ აღდგეს სამართლიანობა და ადამიანს, რომელსაც წამალი სჭირდება, რომლის ღირებულებასაც სამინისტრო და სახელმწიფო ფარავს და რომ წლთან მიმართებითაც დიდია საკმაოდ ბიუჯეტი, ერთხელ და სამუდამოდ ერთი წლით მაინც მოხდეს ფასის შეთანხმება და ყოველთვიურად ვაჭრობა არ გაიმართოს ფარმაცევტულ სექტორსა და სამინისტროს შორის“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მედიკამენტების ფასი, რომ არანორმალურად მაღალია, ამაში მთავრობას ეთანხმებიან როგორც ჯანდაცვის დარგის სპეციალისტები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებიც. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე უკვე მრავალი წელია ამ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და მის მოგვარებას ითხოვს:

„აბსოლუტურად გაუმჭვირვალე ფასწარმოქმნის პროცესია. ბაზარზე კონკურენცია არ არის, რადგან მყარად ჩამოყალიბებული, ჩაბეტონებული ოლიგოპოლიაა. სამ კომპანიას ბაზრის 75% აქვს გადანაწილებული. იმ 25%-ში ვითომ წვრილ-წვრილი მოთამაშეებია, ბევრის უკან კვლავ ეს მსხვილი კომპანიები დგანან.

ცალკე პრობლემაა ვერტიკალურად ინტეგრირებული მონოპოლიები, როდესაც ერთი მფლობელის ქვეშაა სადაზღვევო, ფარმაცევტული წარმოება, გაყიდვები, დისტრიბუცია, კლინიკა, ზოგის უკან კიდევ ბანკი და ა.შ. ესეც კონკურენციას ხელს უშლის და მონოპოლისტურ სქემებს ახალისებს. სადაც მონოპოლია-ოლიგოპოლიაა, კონკურენცია არ არსებობს არც ხარისხის, არც ფასის, პროცესი სრულიად გაუმჭვირვალეა.

ამას ემატება სახელმწიფო პოლიტიკის, ჯანდაცვის სამინისტროს სრული უმოქმედობა. მარეგულირებელი რასაც ჰქვია, საქართველოს ეს სისტემა პრაქტიკულად არ აქვს. გადასული არიან ბიუროკრატიულ ქმედებებზე და ამ დანაყოფებში სპეციალისტებიც კი არ მუშაობენ. კომპლექსური პრობლემა საბოლოო ჯამში ფასების კატასტროფულ მატებას იწვევს.

თავის ფუნქციას არ ასრულებს ანტიმონოპოლიური სამსახური. მან ბაზრის სეგმენტი უნდა შეისწავლოს და თუ ნახავს გარკვეულ ნიშნულზე მაღალ გაჯერებას რომელიმე მოთამაშის მხრიდან, შესაბამისი ანტიმონოპოლიური ქმედებებია ჩასატარებელი. ეს ხაზი ჩვენს კანონმდებლობაშიც გასატარებელია, მიზანმიმართულად არ აკეთებენ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების აუცილებლობაზე საუბრობს პროფესორი კახაბერ ჯაყელიც, რომელიც მთავრობის ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს და პირდაპირ ამბობს, რომ დიდი ალბათობით, პრემიერის დაპირება ვერ შესრულდება.

„მექანიზმები იმისთვის, რომ ფასები შემცირდეს, რამდენიმეა. ერთია, რომ გასცენ ვაუჩერები და მათი მეშვეობით დააფინანსონ საბაზრო და მისაღებ ფასს შორის სხვაობა, რომელიც აპრობირებული მეთოდია მსოფლიოს მრავალ ქვეყენაში. მეორე - შეიყვანონ წამლების დიდი ნაწილი ჯანდაცვის პროგრამაში და მესამე - გაუიაფონ კომპანიებს განბაჟება. ამან შეიძლება ფასნამატის გარკვეული პროცენტით შემცირება გამოიწვიოს, სავარაუდოდ, 15-20%-ის ფარგლებში. ამაზე მეტ კლებას არ ველდოები. ზომები მაინც დროებითი იქნება. ხანგრძილივ ვადაში საქართველოს ეკონომიკა ამას ვერ „გაქაჩავს“ ბოლომდე.

თუ მოინდომებენ, ბევრი მექანიზმი არსებობს, რაც ფასს რეალურად შეამცირებს. ცვლილება მაინც მოკლევადიან ღონისძიებად მიმაჩნია და არჩევნების შემდეგ ისევ საწყის ეტაპს დაუბრუნდებიან, უფრო მეტადაც შეიძლება გააძვირონ“, - აღნიშნა ჯაყელმა.

trampi ემზადება......
ემზადოს...... ფეხები არ მოსჭამოს
3 წლის უკან