„ჯერ არ გასულა ის დრო, მოსახლეობას არ ახსოვდეს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი, ეს მეხსიერება, ინფორმაციის სახით, კიდევ რამდენიმე თაობას გადაეცემა“

„ჯერ არ გასულა ის დრო, მოსახლეობას არ ახსოვდეს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი, ეს მეხსიერება, ინფორმაციის სახით, კიდევ რამდენიმე თაობას გადაეცემა“

ტრადიციულად, მმართველი გუნდის წევრები IRI-ს კვლევას არ ენდობიან, რადგან თვლიან, რომ ამ ორგანიზაციის უკან „ნაციონალები“ მოიაზრებიან.

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პატივს სცემს IRI-ს და NDI-ის, მაგრამ თვლის, რომ მათ მიერ დაქირავებული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს, ამიტომ ყველაზე მთავარი კვლევა არის არჩევნების დღე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ მოაკლეს პროცენტები და თანაბრად გადაუნაწილეს „ნაცმოძრაობას“ და გახარიას პარტიას. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კვლევის მონაცემები ყოველთვის აცდენილი იყო არჩევნების შედეგებს. როგორც წესი, „ქართულ ოცნებას“ აკლებდნენ პროცენტებს და ეს პროცენტები ეწერებოდა „ნაცებს“. ირაკლი კობახიძის თქმით, ახლაც იკითხება, რომ გახარია „ნაცმოძრაობის“ პროექტია, ყველა მათი ტელევიზია დაკავებულია გახარიას პიარით.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტებს მოუწოდებს, გადახედონ უახლეს ისტორიას და დარწმუნდნენ, რომ IRI ყოველთვის არასწორ კვლევებს დებდა. სინამდვილეში, ეს არის ყალბი კვლევა, რომელსაც აქვს პოლიტიკური მიზნები.

რის საფუძველზე განსაზღვრა IRI-მ, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, „ოცნებას“ 26%-ს მისცემდნენ, „ნაცებს“-14%-ს, გახარიას პარტიას-9%-ს?

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ჯერ არ მოუსმენია არც ერთი კვლევა IRI-ს, NDI-სა და მსგავსი ორგანიზაციების მხრიდან, რომელიც თუნდაც 10%-ის ცდომილებით ემთხვეოდეს არჩევნებზე დამდგარ შედეგებს. ისინი ხშირად 20-ზე მეტი პროცენტითაც არიან აცდენილნი რეალობას. როდესაც ასეთ აცდენილ შედეგებს ღებულობ, ან უნდა შეწყვიტო გამოკითხვები, რაც მხოლოდ პროპაგანდის ნაწილია და სხვა არაფერი, ან უნდა დახვეწო კვალიფიკაცია.

ნანა კაკაბაძის თქმით, მსგავს სოციოლოგიურ კვლევებში არსებობს სტანდარტი, ანუ 3%-იანი ცდომილებაა დასაშვები. ამდენად, თუ 3%-მდე არ დაიყვან ცდომილებას, მანამდე არ უნდა ჩაატარო ასეთი კვლევები.

„როცა სოციოლოგიური კვლევა 20 და 25%-ით ცდება რეალურ შედეგებს, უკვე კითხვებს აჩენს. ამაზე უკეთ მკითხავი ვარდო უფრო დაამთხვევდა ყავის ჭიქაში მონაცემებს. რამდენი პროცენტი ექნება „ქართულ ოცნებას“ და რამდენი ოპოზიციას, ამას არჩევნები აჩვენებს. სანამ ოპოზიციად გვყავს „ნაციონალური მოძრაობა“, მანამ „ქართული ოცნების“ ელექტორატი ყოველთვის გაცილებით უფრო მეტი იქნება, ვიდრე ახლა ეს კვლევები აჩვენებს. აბსოლუტურად სიყალბე მგონია მსგავსი კვლევები, რადგან ჯერ არ გასულა ის დრო, მოსახლეობას არ ახსოვდეს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი. ეს მეხსიერება, ინფორმაციის სახით, გადაეცემა კიდევ რამდენიმე თაობას. ასე რომ, მშვიდად შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობა“ და არ უნდა იყოს დაინტერესებული ამდენი სულელური რყევებით“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.

მისი აზრით, საზოგადოება იმდენადაა ნაციონალების წინააღმდეგ მომართული, ხელისუფლებამ სულაც რომ გადააბაროს ძალაუფლება, საზოგადოება გამოყრის მაგათ რეალურად და არა ისე, მათ რომ ვითომ რევოლუცია მოაწყეს. ეს იქნება ნაცების რეალური გამოყრა.

ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ, სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ არჩევნებში აიღებს ყველაზე მეტ პროცენტს, მაგრამ საეჭვოა, ეს 40%-ზე მეტი იყოს.

„დაახლოებით 60%-ს აიღებს დანარჩენი ოპოზიცია. იმედი მაქვს, „ნაცმოძრაობა“ არ აიღებს 17-18%-ზე მეტს, ეს იმ 40%-ს რომ მივუმატოთ, რასაც „ქართული ოცნება“ აიღებს, გამოდის სადღაც 60%-მდე, დანარჩენი 40% კი გადანაწილდება დანარჩენ პარტიებზე. ვინაიდან ადგილობრივი არჩევნები არ არის პრინციპული საზოგადოებისთვის, რადგან დეცენტრალიზაცია არ მომხდარა, ადგილობრივ არჩევნებს, პრინციპში, აზრიც არ აქვს საქართველოში. ეს არის ფორმალობა, ადგილობრივ არჩევნებზე არაფერი არ წყდება, მთელი ფული ცენტრში მიდის და ცენტრი უნაწილებს ბიუჯეტს ადგილობრივ თვითმმართველობებს“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას და აბსურდულად მიიჩნევს ასეთი არჩევნების ჩატარებასაც კი.

ანალიტიკოსის აზრით, ჩვენ უნდა დაველოდოთ შემდგომ საპარლამენტო არჩევნებს, თუკი ჩვენ გვინდა, ვნახოთ რეალური პოლიტიკური სურათი. ნებისმიერ შემთხვევაში, ზუსტად არჩევნები იქნება IRI-სა და NDI-ზე  უკეთესი კვლევა, რომლითაც დავადგენთ, ვის ვინ მოსწონს. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, თუკი „ქართულმა ოცნებამ“ ვერ აიღო 43% და, ალბათ, ვერც აიღებს და მხოლოდ 40%-ს დასჯერდება, შეიძლება ოპოზიციას გაუჩნდეს განცდა, ხალხი ქუჩაში გაიყვანოს. თუმცა, ხალხი ქუჩაში არ გამოვა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, ყოფილმა პრემიერმა ამ არჩევნებზე 8% აიღოს. მართალია, ყველა ოპოზიციონერი ამბობდა, გახარია 4-5%-ზე მეტს ვერ აიღებსო, მაგრამ პაატა ზაქარეიშვილს აინტერესებს, თუკი გახარია 4-5%-ზე მეტს ვერ აიღებს, მაშინ მისი მოწინააღმდეგეები რატომღა ნერვიულობენ?!