საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები მკაცრდება

საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები მკაცრდება

ახალი ინიციატივა პარლამენტში - გივი მიქანაძე, ალუდა ღუდუშაური, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი - ეს, ის დეპუტატები არიან, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ და მუშაობა სულ ახლახანს დაასრულეს, დღეს კი პარლამენტში მორიგი საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირეს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას გულისხმობს. ერთ-ერთი ცვლილება 28-ე მუხლის მეორე ნაწილს ეხება და გულისხმობს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებისთვის კიდევ 2 პუნქტის დამატებას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განმარტებით, ახალი ინიციატივის მიხედვით, დისციპლინარული პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ზომის სახით საარჩევნო ადმინისტრაციაში კომისიის წევრს უნდა შეეზღუდოს საქმიანობის უფლება 1-დან 2 წლამდე და ამასთანავე, ოლქისა თუ უბნის კომისიის თანამდებობის პირი, იქნება ეს თავმჯდომარე, მოადგილე თუ მდივანი, ამ პოზიციიდან უნდა იქნეს გათავისუფლებული და გახდეს კომისიის რიგითი წევრი.

გივი მიქანაძე: არსებული რედაქციით, „საარჩევნო კოდექსის“ 28-ე მუხლის მეორე ნაწილით, დისციპლინური გადაცდომისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ შესაბამისმა ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: შენიშვნა, გაფრთხილება, თანამდებობრივი სარგოს, თანამდებობრივი სარგოს ნაწილის დაკავება, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, გარდა პარტიების მიერ დანიშნული წევრისა. ჩვენ დღეს ვარეგისტრირებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ჩვენი მიზანი არის, რომ დაჩქარებული წესით საქართველოს პარლამენტმა განიხილოს ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“, კერძოდ, მის 28-ე მუხლის მეორე ნაწილში, რომელიც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს უკავშირდება და ჩვენ ამ საქმიანობის შედეგად გამოვავლინეთ, რომ ამ ზომების ჩამონათვალი მოქმედ კანონმდებლობაში არის საკმაოდ მწირი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ კიდევ 2 პუნქტი უნდა დაემატოს, ერთი ეს არის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში კომისიის წევრს შეეზღუდოს 1-დან 2 წლამდე საქმიანობის უფლება და მეორე არის, რომ კომისიის თანამდებობის პირი ეს იქნება ოლქის თუ უბნის, ეს იქნება თავმჯდომარე, მოადგილე თუ მდივანი, ამ პოზიციიდან იქნეს გათავისუფლებული და გახდეს კომისიის რიგითი წევრი.

ასევე, ჩვენ გადავხედეთ ადმინისტრაციული კუთხით კანონმდებლობას და ვნახეთ, რომ რიგ შემთხვევებში ჯარიმების მოცულობა არის საკმაოდ მწირი, ამ შემთხვევაში აქცენტი გვექნება 87-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება, რომელიც არ არის დადასტურებული შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი შესწორების ოქმით, − გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის დაჯარიმებას - თითოეულისა 500 ლარის ოდენობით.

ჩვენი ინიციატივით, მოხდება ამ ჯარიმის სანქციის გაორმაგება და გახდება 1000 ლარი. აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას სექტემბერში პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვქონდა წერილობითი კომუნიკაცია ცესკოს ხელმძღვანელობასთან, რომლისგანაც მივიღეთ პასუხი, რომ მათთვის წარმოდგენილი ცვლილებები არის მისაღები და ისინი ემხრობიან მსგავსი დამატებითი ცვლილებების ასახვას მოქმედ კანონმდებლობაში“.

„ევროპელი სოციალისტების“ წევრი, ფრიდონ ინჯია, ამბობს, რომ კომისიამ, რომელმაც მუშაობა სულ ახლახანს დაასრულა და გამოიძია, იყო თუ არა გაყალბება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, საკმაოდ კარგად იმუშავა, რამაც პოლიტიკურ სპეკულაციებს დაუსვა წერტილი.

ფრიდონ ინჯია: ბოლოს და ბოლოს წერტილი დაესვა იმ პოლიტიკურ სპეკულაციებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა თვეების განმავლობაში. კომისიამ თავისი მუშაობით და დადებული დასკვნით, ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ის რეკომენდაციები, რაც ჩვენ გვქონდა უკვე მოხვდა საარჩევნო კოდექსში, ხოლო დარჩენილი ორი ნაწილი დღეს იქნა წარმოდგენილი.