„ბუნებრივია, ეკონომიკური მაჩვენებლები დადებითი იქნება, თუ სტატისტიკას ერთმანეთთან შევადარებთ. პანდემიის მართვის მიმდინარე პერიოდში, როდესაც რეგულაციები არ არსებობს, ტურიზმის სექტორი გაიხსნა და სასიკეთო ძვრები არსებობს. პანდემიის მართვის დროს რეგულაციებიდან გამოწვეული დანაკარგები ბიუჯეტს უმძიმეს ტვირთად აწვება“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზურაბ კუკულაძემ For.ge-ს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეკონომიკის შენარჩუნების გზა ვაქცინაციაზე გადის. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა 2 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი ქვეყანამ შეინარჩუნოს, რადგან ეკონომიკური მაჩვენებლის ნამდვილად უპრეცენდენტო ზრდა შეინიშნება. რა მდგომარეობა გვაქვს დღეს ქვეყანაში?
- თუ პანდემია დროულად არ დასრულდება და ეს ხარჯი ეკონომიკას არ მოშორდება, ძალიან მძიმე პერსპექტივა გვაქვს საშუალო მომავალში, რადგან გადაივლის ეს ტურისტული სეზონი და შემოდგომაზე ძალიან მკაცრი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით.
კონკრეტულად, რა მიმართულებები უნდა განავითაროს ქვეყანამ იმისთვის, რომ ეკონომიკური მაჩვენებელი და საზოგადოების მდგომარეობა გაუმჯობესდეს?
- არ მიმაჩნია, რომ ქვეყანა აქცენტს უნდა აკეთებდეს ტურისტული სექტორის განვითარებაზე. მე ტურიზმის სექტორს განვიხილავ, როგორც ერთგვარად საშუალებას, რომ გარკვეულწილად, გაყიდოს ისეთი პროდუქტი, რომელთაც ქმნის მომიჯნავე სექტორი, თუნდაც იგივე სოფლის მეურნეობა, მსუბუქი მრეწველობა და ა.შ. როდესაც შენ გასაყიდი და მომიჯნავე სექტორები არ გაქვს განვითარებული, ტურიზმის განვითარებას აზრი არ აქვს.
ტურისტმა, პირობითაც, უნდა გაგიყიდოს სოფლის მეურნეობის პროდუქტები, სასტუმროს სექტორის სერვისები, მსუბუქი მრეწველობის პროდუქტები. როდესაც ქვეყანაში ესენი არ გაქვს წარმოებული, ტურიზმიდან შემოსული ფული ისევ იხარჯება იმპორტის მომსახურეობაზე და გადის ქვეყნიდან. შესაბამისად, ეფექტი ნაკლებად რჩება. ამიტომ, ეკონომიკის მმართველმა პირებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ შეიქმნას გასაყიდი პროდუქტი. ჩვენ რეალურად პროდუქტი არ გვაქვს და ტურისტს რაც შეეძლო დადებითი პროდუქტი მოეტანა ქვეყნისთვის, იმას საერთოდ ვერ ვიყიდით.
პირობითად, ჩვენ ქვეყანაში შემოსული ტურიზმის 100 დოლარიდან 90 დოლარი გადის გარეთ. შესაბამისად, ასეთი ტურიზმის განვითარებას დიდი ეფექტი არ აქვს. თუ ქვეყანაში არ შეიქმნება ისეთი ღირებულება, რომელიც ფულს დატოვებს ქვეყნის ეკონომიკაში და საქართველოს ეკონომიკაში დახარჯული ფული ისევ საქართველოს ეკონომიკაში არ დარჩება, აზრი არ აქვს არც ტურიზმის განვითარებას და არც სხვა ისეთი სექტორის განვითარებას, რომელსაც ფული შემოაქვს უცხოეთიდან.
კონკრეტულად რა მიმართულებაა, რომელიც ქვეყანას უფრო მეტ შემოსავალს მოუტანს?
- პროდუქტის ღირებულების შექმნა რთული არ არის. როდესაც შენ სახელმწიფო ხარ და ამბობ, რომ მე არაფერს გავაკეთებ და ყველაფერი გააკეთოს ბიზნესმა, ეს არის ჩვენი ეკონომიკისთვის დამღუპველი. ზოგადად, ღირებულების შექმნას სერიოზულ ეკონომიკაში უდგებიან ასე: ტარდება კვლევები, იკვლევენ არა მხოლოდ ბაზარს, არამედ, მაგალითად რომ ავიღოთ კიტრის წარმოება, ამას იკვლევენ მეცნიერულად, როგორ მიიღონ მეტი კიტრი. ამას სჭირდება ისეთი ფულის დახარჯვა, რასაც ბიზნესი ვერ დახარჯავს, რადგან არ აქვს ამის ინტერესი.
სახელმწიფო უნდა ჩაერთოს წარმოების შექმნის პროცესში, თუ სახელმწიფო ჩაერთვება წარმოების მართვაში, ამით არასდროს არაფერი შეიცვლება ამ ქვეყანაში. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი დარგიც უნდათ ის განავითარონ, ოღონდ განავითარონ. ყველაფერი არ უნდა იყოს მიშვებული ბანკების ინტერესებზე. ეკონიმიკას აფინანსებს ბანკები. ეკონომიკა არ ვითარდება და ვითარდება ბანკების მოგება.
ბანკის კლერკს ურჩევნია, რომ დააფინანსოს ჩინეთში ტყავის ქურთუკის შეძენა და იმ ტყავის ქურთუკების ჩამოტანა საქართველოში და მისი რეალიზაცია, ვიდრე ამ ტყავის ქურთუკების წარმოება საქართველოში და მისი რეალიზაცია, რადგან გრძელი და რთული პროცესია.
და მაინც, პაანდემიის პირობებში, რა გველის წინ და კიდევ უფრო რთული გზა ხომ არ არის გასავლელი, რაც გამოვიარეთ იმაზე, კიდევ უარესი?
- პანდემია ეკონომიკას უჯდება ძალიან დიდი ფული. პანდემიას როგორ ვმართავთ, მაინცდამაინც ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მთავარია, ქვეყანამ იფიქროს, როგორ განვითარდეს ეკონიმიკა.
პანდემია იქნება თუ არა, ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ თუ ვიფიქრეთ იმაზე, რა გვეშველება და თუ ასე გაგრძელდა, როგორ მოვიქცეთ... მთავარია ჩვენ გვქონდეს მიზნად დასახული განვითარების გეგმა და შემდეგ პანდემია იქნება თუ სხვა დადებითი თუ უარყოფითი მოვლენა მსოფლიოში, თუ ქვეყნის შიგნით ეკონომიკაში, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ამის დადებით თუ უარყოფით მოვლენებს ვერ ავიცილებთ.