მოლაპარაკებების თემა, როგორც ამბობენ, გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ქონების გადანაწილება იყო. ერთი ვერსიით, ხელისუფლება ბერეზოვსკის პატარკაციშვილის სხვადასხვა აქტივების მიცემას დაჰპირდა, რადგან ის პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორი იყო, სანაცვლოდ კი მან ტელეკომპანია "იმედზე" პრეტენზიები უნდა დათმოს.
მეორე ვერსიით ის "იმედის" მფლობელობაზე გამოთქვამს პრეტენზიას, ხოლო ხელისუფლება კი, ამ საბაბით ტელეარხის ოჯახისთვის დაბრუნებაზე განაცხადებს უარს, ვინაიდან გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახის სასამართლო პროცესები უკვე დასკვნით ფაზაში შედის და ოჯახის მოგების ალბათობა საკმაოდ დიდია. თუმცა, ბერეზოვსკი წაგებული არც მეორე შემთხვევაში რჩება, ის თავის წილს მიიღებს და ოჯახს დავა ამჯერად მასთან მოუწევს.
ბერეზოვსკი თბილისში 11 და 17 სექტემბერს იმყოფებოდა. ბორის ბერეზოვსკი თბილისში ვიზიტის დროს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შეხვდა. ოლიგარქი 11 სექტემბერს გვიან ღამით, ბადრი პატარკაციშვილის საფლავზეც იმყოფებოდა - იტყობინება "ინტერპრესნიუსი".
ბერეზოვსკის საქართველოში ყოფნის და ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეხვედრის მიზანის და დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სააგენტოს წყაროს ცნობით, ბორის ბერეზოვსკიმ გარდაცვლილი მეგობრის საფლავს პატივი მიაგო და პატარკაციშვილების ეზო დაახლოებით 40 წუთში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ბერეზოვსკი, რომელიც ხელისუფლებამ ნოემბრის მოვლენების შემდეგ პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა, 2008 წლის თებერვალში მეგობრისა და ბიზნესპარტნიორის ბადრი პატარკაციშვილის დაკრძალვას ვერ დაესწრო. მან ჯერ ლონდონში საქართველოს საელჩოს მიმართა ვიზისთვის, თუმცა საელჩოში პასუხისთვის ერთი კვირა ითხოვეს, მაშინ, როდესაც პატარკაციშვილის დაკრძალვა სამ დღეში იყო დაგეგმილი, მოგვიანებით კი ისრაელის საელჩოს, მაგრამ ჩამოსვლა მაინც ვერ შეძლო. ხელისუფლებაში კი აცხადებდნენ, რომ მისთვის ვიზის მიცემის საკითხი საკონსულოების გადასაწყვეტი იყო.
ხოლო იმავე წლის მარტში ოლიგარქმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ზ.თ."- ში განაცხადა, რომ იგი თავისი ფონდის ფილიალის ჩამოყალიბებას გეგმავდა, რომელიც საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს გაძლიერებას შეუწყობდა ხელს, რათა ქართველი ხალხი სააკაშვილის "კორუმპირებული და ავტორიტარული" რეჟიმისგან დაეცვა.
ამავე ინტერვიუში ბერეზოვსკი ამბობდა, რომ მასა და პატარკაციშვილს საერთო ბიზნესინტერესები ჰქონდათ და აქციების დიდი ნაწილი სამართავად პატრაკაციშვილს ჰქონდა გადაცემული.
"ვფლობ მე თუ არა რაიმე წილს ტელეკომპანია "იმედში", მე ვერ მოგცემთ პასუხს. მაგრამ მე არ მქონდა ბადრისგან განცალკევებული ბიზნესი, მათ შორის საქართველოშიც და ამაზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ იმ ანალიზს, რომლის ჩატარებაც ჩვენ იურისტებს დავავალეთ, პროფესიონალ ბრიტანელ იურისტებს, რომელთაც უნდა გასცენ პასუხი იმაზე, თუ კონკრეტულად ვინ რისი მფლობელი იყო", - ამბობდა მაშინ ოლიგარქი.
ოპოზციონერი გოგა ხაინდრავა ბერეზოვსკის ვიზიტთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ფლობს. ის აცხადებს, რომ ბერეზოვსკის პატრაკაციშვილის საფლავზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი თარგამაძეც ახლდა, მაგრამ პატარკაციშვილის საფლავზე მხოლოდ ბერეზოვსკი მივიდა.
"თვითონ გივი არ შესულა, მაგრამ გარეთ ელოდებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმ წყაროებს, ვისზე დაყრდნობითაც მე ვლაპარაკობ, ეს არის რეალობა. რამდენადაც ვიცი, არსებობს ვიზუალური ვიდეომასალა, რომელიც ამტკიცებს, რომ ბერეზოვსკი თბილისში იყო და ბადრის საფლავზე მივიდა", - ამბობს ხაინდრავა.
რაც შეეხება 17 სექტემბერის ვიზიტს, გვიან ღამით, ბორის ბერეზოვსკის კუთვნილი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდა. თუმცა უცნობია, ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე. აღნიშნულმა თვითმფრინავმა თბილისის აეროპორტი 2 საათში დატოვა.
პატარკაციშვილების ოჯახი ამ საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებს. ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, რომ კომენტარი მოგვეპოვებინა, მათ ამ საკითხზე საუბარი არ სურთ.
თავად ბორის ბერეზოვსკი კი ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს და აცხადებს რომ მისი გადადგილების დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს.
"გასაგებ მიზეზთა გამო, მე მსოფლიოში ჩემი გადაადგილების შესახებ კომენტარს არ ვაკეთებ. რამდენიმეჯერ ეფ-ეს-ბეს ისე უნდოდა გაეკეთებინა, რომ მე საერთოდ არასოდეს მქონოდა გადაადგილების საშუალება. ამიტომ ჩემი გადაადგილების შესახებ კომენტარს არ ვაკეთებ. მინდა, მხოლოდ აღვნიშნო, რომ გარკვეული მიზნით უამრავი ინფორმაცია ვრცელდება და ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა", - აცხადებს ბერეზოვსკი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.
ოლიგარქი აცხადებს, რომ ის ოპტიმისტია და ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ექნება.
ოლიგარქის ვიზიტი შესაძლოა "იმედის" თემას უკავშირდებოდეს, კერძოდ, ხელისუფლება ახალ სცენარს ამზადებს, რომ თითქოსდა ამ არხზე პრეტენზიას ბერეზოვსკი გამოთქვამს - მიიჩნევს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელსაც პატარკაციშვილების ოჯახთან ახლო კონტაქტი აქვს.
ხუხაშვილი თვლის, რომ ბორის ბერეზოვსკის საქართველოში ჩამოსვლა ხელისუფლების სერიოზული გარანტიების მიღების გარეშე ვერ მოხერხდებოდა.
"როგორც ჩანს, ვიღაცამ ახალი თამაში ჩაიფიქრა. "იმედის" თემა ისევ აქტუალური ხდება. არ გამოვრიცხავ ამ მიმართულებით გათამაშებული სცენები გვაჩვენონ, თუ როგორ ამბობს ბერეზოვსკი, რომ "იმედი" მისია და ხელისუფლება კი "იმედს" არ დათმობს, რადგან ბერეზოვსკი ურჩხულია. თუ ასეთი სცენარით განვითარდა მოვლენები, მხარეებს შორის შეთანხმებული სცენარი იქნება", - ამბობს ხუხაშვილი.
მისი თქმით, პატარკაციშვილის დაკრძალვაზე ის ვერ ჩამოვიდა, რადგან პერსონა ნონ-გრატად იყო გამოცხადებული. ხუხაშვილი ამბობს, რომ თუ ეს ფაქტი დადასტურდა, შეიძლება ნიშნავდეს ერთ რამეს, რომ დაუძინებელი მტრებიც კი ერთიანდებიან ქალებთან საომრად.
გოგა ხაინდრავა კი ამბობს, რომ ბერეზოვსკის საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ ერთ, ბელორუსიის პრეზიდენტის, ლუკაშენკოს უსაფრთხოების გარანტორად დადგომის შემთხვევაში იყო შესაძლებელი. მისი თქმით, ლუკაშენკო, ბერეზოვსკი და პატარკაციშვილი დიდი ხნის ბიზნეს და პოლიტიკური პარტნიორები იყვნენ. ამიტომ ერთადერთი ლუკაშენკო შეიძლებოდა ყოფილიყო, ვინც ბერეზოვსკის უსაფრთხოებისთვის დაუდგებოდა.
"ერთადერთი შესაძლებლობა ბერეზოვსკის თბილისში ჩამოსვლისა, ეს არის ბერეზოვსკის და სააკაშვილის ხელისუფლებას შორის რაიმე ტიპის შეთანხმების მიღწევა. ვვარაუდობ, რომ ბერეზოვსკის ჩამოსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ გარანტორად ლუკაშენკო დაუდგებოდა. სააკაშვილისა და მისი ხელისუფლებისთვის ლუკაშენკო მნიშვნელოვანი ფიგურაა. დღის წესრიგში ბელორუსის მხრიდან დგას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარების საკითხი. ამიტომ ეს არის სერიოზული არგუმენტი ლუკაშენკოს მთავრობის ხელში და ამ თვალსაზრისით ლუკაშენკოს გარანტია ბერეზოვსკისათვის საკმარისი იქნებოდა", - განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, თუ ბერეზოვსკის ჩამოსვლა დადასტურდა, სავარაუდო იქნება, რომ მას მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან პატარკაციშვილის ოჯახის წინააღმდეგ ჰქონდა.
"ხელისუფლება ეშმაკთანაც წავა მოლაპარაკებაზე. ლუკაშენკო სააკაშვილისა და თარგამაძისთვის ბოლო დიქტატორი იყო და დემოკრატიის ჯალათი, მაგრამ მერე მერაბიშვილის ძირითადი ვოიაჟები ბელორუსთან მიმართებით ხდებოდა და დიდი მეგობრული ურთიერთობები დაამყარეს. ის ხელისუფლება, რომელსაც ღირსება არ გააჩნია, ეშმაკთანაც დაამყარებს ურთიერთობას", - ამბობს ხაინდრავა.
ხაინდრავა ამბობს, რომ ამ საკითხზე არც ბერეზოვსკისთან და არც პატარკაციშვილის ოჯახთან არ უსაუბრია, რადგან ბადრი პატრკაციშვილის მეუღლე საქართველოში არ იყოფება, ხოლო ბერეზოვსკი კი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ორჯერ ნახა.
"ბადრის გარდაცვალების შემდეგ ორჯერ შევხვდი ბერეზოვსკის, ისიც იმავე პერიოდში. დეტალები შეხვედრაზე არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ეს უკავშირდება ბადრის ქონებას და იგივე ბერეზოვსკის ქონებასაც, რადგან ისინი ახლო მეგობრები იყვნენ და გაერთიანებული ბიზნესი ჰქონათ", - აცხადებს ხაინდრავა, რომელიც ფიქრობს, რომ ხელისუფლება ბერეზოვსკისთან მოლაპარაკებებს შეეცდება.
ჩვენ ასევე ვცადეთ გივი თარგამაძესთან დაკავშირება, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული აქვს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ბერეზოვსკი საქართველოში არ ყოფილა.
"მე ამ თემაზე კომენტარი გავაკეთე არაერთხელ და კიდევ ვამბობ, რომ ბერეზოვსკი საქართველოში არ ჩამოსულა", - აცხადებს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი.