გუშინ გაირკვა, რომ ყოფილი რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე, რომელიც „დასის“ აღდგენის შემდეგ პარტიის ერთ ნაწილთან ერთად შეუერთდა მოძრაობას „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, ძირითად სიაში ვერ მოხვდა. არადა, სამიოდე დღის წინათ გოგი თოფაძემ „რეზონანსთან“ სატელეფონო საუბარში თითქმის დაადასტურა, რომ ის სიაში მეხუთე ნომერი იყო.
რა შეიძლება, იყოს ხმალაძის სიიდან ამოვარდნის მიზეზი? სავარაუდოა, რომ მრეწველები ბოლო ეტაპზე ფულიან ხალხს უფრო დახარბდნენ, ვიდრე სახელიანს. ედპ-ს ლიდერი ირინა სარიშვილი გაცილებით ჯენტლმენურად მოექცა რესპუბლიკელებს, ვიდრე თოფაძე.
გასაკვირია, რომ მაშინ, როცა ნათელაშვილი სიის გაკეთილშობილებას ცნობილი მსახიობით ცდილობს, მრეწველებმა სიაში ძირითადი ადგილები მიაკუთვნეს უცნობ ბიზნესმენებს და გაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაციის წარმომადგენლებს.
ბევრი შეცდომად თვლის, რომ ისეთი პოლიტიკური გამოცდილებისა და ძველი იდეების მატარებელი ფიგურები, როგორებიც არიან ვახტანგ ხმალაძე, ვახტანგ ძაბირაძე და სხვები (მათ უკან რეზო შავიშვილიც მოიაზრება), ამ მოძრაობას შეუერთდნენ და თავიდანვე ბევრ დათმობაზე წავიდნენ. მართალია, დღეს პოლიტიკაში ფული მეტს წყვეტს, ვიდრე ავტორიტეტი, მაგრამ ასეთი პერიოდი ყველა ქვეყანაში გარდამავალია.