ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არჩევნებისთვის საქართველოში ბრუნდება, ამის იმედი უკვე გაუჩნდა მის მხარდამჭერთა ნაწილს. თუმცა როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, სააკაშვილის მიერ გაცემული პირობის შესრულები ამჯერადაც ნაკლებადაა მოსალოდნელი.
„სააკაშვილმა იმდენჯერ დაარღვია პირობა, რომ არ მგონია ახლა დადგეს მისი ჩამოსვლის შესაძლებლობა. არაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ნამდვილად შეასრულებს პირობას.
„მიდის საპარლამენტო პროცესი. როგორც, მან თქვა, ამ პროცესს დაელოდება და მიადევნებს თვალს. შანსი იმისა, რომ ამჯერად მაინც პირობა არ დაარღვიოს, ნულია," - განაცხადა საყვარელიძემ.
მან ისაუბრა ექსპრეზიდენტის მიმართ შესაძლო ამინისტიაზე და აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, ის მხარდამჭერების დიდ ნაწილს დაკარგავს.
„ხელისუფლებამ რომ სააკაშვილზე ამნისტია გამოაცხადოს, მას ძალიან ბევრი მომხრე განუდგება, ისინი ვინც მხარს ხელისუფლებას უჭერდა ამ შემთხვევაში შესაძლოა მისი მომხრეები აღარ იყვნენ, ამიტომ ასეთი ჰუმანიზმი ხელისუფლებისთვის სავალალო აღმოჩნდება," - ამბობს საყვარელიძე
თუმცა, ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი მაინც თვლის, რომ შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ" ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალოს. ამ საკითხზე გიორგი გახარიამ მედიასთანაც ისაუბრა. პარტია „საქართველოსთვის" ლიდერი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას შესაძლოა ისევე შეეხოს ამნისტია, როგორც ნიკა მელიას და გიორგი რურუას.
„მიშა საქართველოში რომ ჩამოვა, ჯერ ერთი, მმართველ პარტიას დაეხმარება, მეორე - თუ ჩამოვა, ის არის მსჯავრდებული და იქნება დაკავებული. მესმის ისიც, რომ „ოცნებამ" შეიძლება შეიწყალოს ან ამნისტია შეახოს და სააკაშვილსაც გამოუშვან ისევე, როგორც გამოუშვეს მელია და რურუა, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის ახლა სასაცილოა, მიუხედავად იმისა, რომ იმ ქაოსში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ყველაფერია დასაშვები," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხზე ისაუბრა „რუსთავი 2"-ის ეთერში „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემაც და აღნიშნა, რომ ასეთი ზუსტი ვადები ყოფილმა პრეზიდენტმა პირველად დაასახელა, ამიტომ ის აუცილებლად ჩამოვა არჩევნების წინ.
„კონკრეტული ვადების მითითებით სააკაშვილმა პირველად ისაუბრა ჩამოსვლის საკითხზე. ასე რომ, მე დარწმუნებული ვარ, მას მალე ვიხილავთ საქართველოში. როცა ამბობს მიშა, ყოველთვის ასრულებს."- თქვა გიორგი ბარამიძემ.
მიხეილ სააკასვილმა 29 ივლისს გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში, ქართველ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის გაუქმებით „ოცნებამ" აღიარა თავისი მარცხი, ამიტომ თავს ვალდებულად თვლის ჩამოვიდეს საქართველოში ამ სახალხო რეფერენდუმის წინ