„რისთვის აკეთებენ ამას, ყოფილიყო ის ხელშეკრულება დებული, მორწყვას ითხოვდა, თუ თივის მიტანას?!“

„რისთვის აკეთებენ ამას, ყოფილიყო ის ხელშეკრულება დებული, მორწყვას ითხოვდა, თუ თივის მიტანას?!“

19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა. პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერიდან მეასე დღეს „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის მიღწევა ანულირებულად გამოაცხადა. შეთანხმების ანულირების ფონზე, ბუნებრივია, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რა ბედი ეწევა შეთანხმების იმ პუნქტებს, რომელთა შესრულებაც ჯერ არ დაწყებულა ან ჯერ არ დასრულებულა?

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტებით, ჯერ კიდევ 19 აპრილამდე, ვიდრე დოკუმენტს ხელი მოეწერებოდა, განაცხადეს, რომ სასამართლო და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც განხორციელდებოდა, შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს პროცესი გაგრძელდება და სასამართლო რეფორმა მომავალი წლის ზაფხულამდე დასრულდება, ხოლო ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პროცედურისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპის შესაბამისად სიღრმისეულად განიხილება და მიიღება.

გარდა ამისა, როგორც კობახიძე ამბობს, რომ შემოდგომაზე დასრულდება „ამნისტიის შესახებ კანონის“ მიღება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა რიგგარეშე არჩევნები არა ხმათა 43%–ის, არამედ 53%–ის მიღების შემთხვევაშიც დანიშნოს. მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების“ კეთილი ნება იქნება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევა აჩვენებს, რომ პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება მათი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში არის დამკვიდრებული.

„რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის არმოწერა ერთგვარი თვითმიზანი იყო. მათ ამოძრავებდათ ერთადერთი მიზანი, დალოდებოდნენ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს და გაემეორებინათ პოლიტიკური საბოტაჟი, როგორც კი „ქართული ოცნება“ 43%–იან საარჩევნო ზღურბლს გადალახავდა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ თვეების მანძილზე არ აიღეს კარვები რუსთაველის გამზირიდან.

ამას ადასტურებს ის ამორალური და აგრესიული კამპანია, რომელსაც მათივე კუთვნილი ტელევიზიების საშუალებით, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დღემდე აწარმოებენ. რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური პოლარიზაცია არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით უკიდურესად გაღრმავდეს. 19 აპრილის შეთანხმების ცალკეული პუნქტები რადიკალური ოპოზიციის მიერ პოლარიზაციის შემდგომი გაღრმავებისთვის გამოიყენებოდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომლებმაც ხელი მოაწერს შარლ მიშელის დოკუმენს. პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ვიცე–სპიკერი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმად გადააქციოს, ამიტომ მოხდა შეთანხმების ანულირება. მისი თქმით, ამის გაკეთების საშუალება „ნაცმოძრაობის“ უპასუხისმგებლო საქციელმა მისცა.

„ეს სიურპრიზი არ ყოფილა, ხშირად საუბრობდნენ, რომ ეს აქამდე მივიდოდა. „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იმ ძალისხმევასთან მიმართებაში, რაც შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმებაში ჩაიდო.

წარმოუდგენელი ენერგია დახარჯა ქვეყანამ იმისთვის, რომ ეს შეთანხმება მიღწეულიყო და „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად თქვა ამაზე უარი, მაგრამ უნდა ვთქვა ისიც, რომ ამის გაკეთების საშუალება მას მისცა ძალიან უპასუხისმგებლო საქციელმა „ნაციონალური მოძრაობის“, რომელმაც არ მოაწერა ხელი დოკუმენტს და გაუხსნა ხელ–ფეხი „ქართულ ოცნებას“, რომ ცალმხრივად უარი ეთქვა ამ შეთანხმებაზე“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან იოსელიანმა.

„ლელოში“ არ გამორიცხავენ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის მისი რეიტინგი, სწორედ ამიტომ გამოვიდა ამ 19 აპრილის ხელშეკრულებიდან, რადგან იციან ამ არჩევნებში ისინი 43%–ს ვერ დააგროვებდნენ.

დეპუტატი სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაში წვლილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვის. სამადაშვილის მტკიცებით, შეთანხმების ჩაშლა იყო „ქართული ოცნების“ გეგმა და ძალიან სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირ შეუწყო ხელი ამ პროცესს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ორი პოლიტიკური ძალა – „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ მიაქანებს ქვეყანას კატასტროფისკენ. მე მიმაჩნია, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ უარის თქმამ შეთანხმების ხელმოწერაზე თავისი როლი ითამაშა. სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლება „ნაცმოძრაობას“ იყენებს საბაბად, ამიტომ არ უნდა მისცე საბაბი ოპონენტს, რომ ქვეყანა წაიყვანოს კატასტროფისკენ. ქვეყანაში იწყება უმძიმესი პოლიტიკური პროცესი.

მე არ ვიცი, რა გეგმა აქვთ ახლა „ნაცმოძრაობის“ წევრებს. შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერები უზრუნველვყოფდით ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და კოალიციური, მრავალპარტიული, დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას. ახლა უნდა დავიწყოთ კონსულტაციები, ვინაიდან ცხადია, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავისი გადაწყვეტილებით ცუდი როლი ითამაშა, მაგრამ შეთანხმება ხელმომწერებისგან მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს საერთო ინტერესებით მოქმედებენ. ლილუაშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ თქვა, რომ სახელმწიფოს ინტერესები, ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქის მომავალი განისაზღვრება არა დემოკრატიული პროცესებით და მოქალაქეთა ნებით, არამედ მმართველი პარტიის ნება–სურვილით.

„მმართველმა პარტიამ გვამცნო, რომ თურმე მათთვის მთავარია მელიასა და რურუას თავისუფლება. მთავარია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმში ბრალდებული ადამიანი მერობის კანდიდატია, რითაც არჩევნებისთვის მტრის ხატი შექმნილია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაადასტურა, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რადგან ეს მმართველ პარტიას აწყობდა და სჭირდებოდა მას საფუძვლად, რომ შეთანხმება ანულირებულად გამოეცხადებინა.

ამ პოლიტიკურ თაღლითობას შიდა პარტიული კვლევების მათთვის დრამატულ შედეგებს უპირისპირებენ – რეალობას სადაც პარტია „საქართველოსთვის“ რეიტინგი კიდევ უფრო იზრდება. ამ რეალობით გამოწვეული შიშის საპირწონედ ორივე მხარე საკუთარ ვიწრო პარტიულ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ოპოზიციას აქვს უდიდესი რესურსი სრულიად კანონიერად, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის პარალიზება მოახდინოს. „გირჩი“ „ქართული ოცნების“ მიერ მიშელის შეთანხმების ანულირების საპასუხოდ ოპოზიციას პარლამენტის პარალიზებას სთავაზობს.

„ქართულ ოცნებას“ ერთადერთი ახლა რაზეც გათვლა არ აქვს, ეს არის ის, რომ ოპოზიცია აქტიური იქნება და შეტევაზე გადავა, გათვლა აქვს იმაზე, რომ იქნება ბოიკოტი, გაქცევა, გაბუტვა, რასაც ოპოზიცია აკეთებდა მთელი ეს პერიოდი. ეს გათვლილი ექნება „ქართულ ოცნებას“, ამიტომ საპასუხოდ ჩვენ სრულიად სხვანაირი ტაქტიკა შეიძლება ავირჩიოთ და ეს იქნება ჩვენი რეკომენდაცია ოპოზიციისთვის და იმედია, ეს გახდება განხილვის საკითხი.

ოპოზიციას აქვს უდიდესი რესურსი პარლამენტში აქტიურობით სრულიად კანონიერად, რეგლამენტის თანახმად, მოახდინოს პარლამენტის პარალიზება. თუ „ქართული ოცნება“ აიღებს 43 პროცენტზე ნაკლებს და არ დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს, პარალიზება გაგრძელდება და მოუწევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ექსპერტი საარჩვენო საკითხებში, ლადო ბოჟაძე თვლის, რომ პირველ რიგში, უნდა ვთქვათ რა მოგვიტანა 100 დღემ – შარლ მიშელის დოკუმენტმა მთავარი რაც მოიტანა, არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ გამოგლიჯეს დანარჩენი ოპოზიცია და შეიყვანეს პარლამენტში. მისი თქმით, ოპოზიცია გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოსი“ მიშელის დოკუმენტის საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში.

„ამიტომ, რეალურად შარლ მიშელის დოკუმენტები ან შესრულებულია, ან პროცესშია და ყველას შესრულებაზე პასუხისმგებლობას მაინც იღებს „ქართული ოცნება“, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებიდან გამოვიდა. 100 დღე გავიდა ხელმოწერიდან და მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, რომელსაც შეეძლო, რომ „ქართული ოცნება“ ეიძულებინა ბოლომდე შეესრულებინა ყველაფერი, ხელს არ აწერეს შეთანხმებას და აგრძელებს იმავე პროცესს – ისევ ქუჩა ახალი სტრატეგიით და მედია ჩაერთო ამ პროცესებში.

მედია, როგორც, ლამის, საარჩევნო სუბიექტი დაპირისპირებულია „ქართულ ოცნებასთან“. ამ ნაწილში მიშელის დოკუმენტმა ვერ იმუშავა, მაგრამ ვერ იმუშავა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ გამო. ამიტომ, ის, რა შედეგებიც მივიღეთ, სრულიად საკმარისია ვთქვათ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტმა თავისი საქმე ამოწურა“, – აცხადებს ბოჟაძე.

რაც შეეხება ოპოზიციის შესაძლო ბოიკოტირებას, ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ „გირჩის“ გადაწყვეტილება, ეს ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაა, რასაც წინასაარჩევნოდ გამოიყენებს, რომ რაც შეიძლება მეტი ხმები წამოიღოს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა.

„საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება ამ თვალსაზრისით. დანარჩენი პარტიები, ვინც პარლამენტში შევიდნენ, არ მგონია, რომ პარლამენტიდან გამოვიდნენ. შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადონ რიგგარეშე არჩევნებს, მაგრამ რიგგარეშე არჩევნების ბოიკოტი რა კავშირშია სხვა თემებთან, ვერ ვხვდები. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ თვითმმართველობის არჩევნებს დაუბრუნა ის ფუნქცია, რაც უნდა ჰქონოდა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ლადო ბოჟაძე.

სოსო მანჯავიძისთვის გაუგებარია შარლ მიშელის დოკუმენტი რატომ იყო ფაქტორი, როცა ხელმოწერილი არ იყო ორივე მხარის მიერ. ანალიტიკოსის შეფასებით, ამ პროცესში საინტერესო დეტალია, ამდენი ხნის განმავლობაში რას აკეთება „ქართული ოცნება“, ან ოპოზიცია რატომ თვლიდა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ჰქონდა რამე მნიშვნელობა?

„ცალმხრივად ხელმოწერილი დოკუმენტი ვინმეს უნახავს საერთოდ? როცა მეორე მხარე ხელს არ აწერს, რა აზრი აქვს ერთი ხელმომწერის არსებობას? ასეთ დროს ხელშეკრულება ავტომატურად არ არის ძალაში. ეს 100 დღე რატომ იყო ძალაში შარლ მიშელის დოკუმენტი? არ მოაწერეს ხელი და როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ცალმხრივად ვალდებულებების აღება ამ ხელშეკრულებებით? ეს ნონსენსია. ხელშეკრულება მაშინ შედის ძალაში, თუ ორივე მხარე აწერს ხელს.

ჩემთვის გაუგებარია შარლ მიშელის დოკუმენტი რატომ იყო ფაქტორი, როცა ხელმოწერილი არ იყო ორივე მხარის მიერ? ან „ქართული ოცნება“ რას აკეთებდა ამდენი ხანი, ან ოპოზიცია რატომ თვლიდა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ჰქონდა რამე მნიშვნელობა? ან თვითონ შარლ მიშელი რატომ თვლიდა, რომ მის ფასილიტატორობას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა, თუ ამ დოკუმენტზე ხელი არ იყო მოწერილი? გამაგებინეთ, ეს როგორ ხდება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ სრულიად გაუგებარი პოზიცია გამოიყენა, რომ მიშელის დოკუმენტს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა. მისი თქმით, როგორც ჩანს, პრობლემა 43%–ია.

„გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ ხელშეკრულებას სხვა ოპოზიციური პარტიებიც აწერენ ხელს. ასე რომ, მთლად ცალმხრივი ეს არ არის. გარდა ნაციონალებისა, ამაში მონაწილეობდნენ ჩვენი პარტნიორებიც, მართალია, ისინი გამუდმებით მოუწოდებდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ შეერთებოდნენ ამ დოკუმენტს, მაგრამ არ მგონია ეს ყოფილიყო იმის საფუძველი, რომ „ქართულ ოცნებას“ შეთანხების ანულირება მოეხდინა.

მე უფრო მგონია, რომ მათ თავი დაიზღვიეს და პრობლემა 43%–ია. მით უმეტეს თუ გახარია სერიოზულად გააქტიურდება, 43%-ის აღება საკამაოდ პრობლემატური შეიძლება აღმოჩნდეს. თუ გახარია არ იქნებოდა პოლიტიკურ ველზე, ან ნაკლებად აქტიური იქნებოდა, მაშინ 43% არ უნდა ყოფილიყო პრობლემა. თუ გახარია გააქტიურდება, მაშინ შეიძლება პრობლემა გახდეს „ქართული ოცნებისთვის“. მთავარია, ამ გადაწყვეტილებას როგორ შეხვდებიან ჩვენი პარტნიორები და რამდენად შეძლებს „ქართული ოცნება“ დაუმტკიცოს და დააჯეროს პარტნიორები, რომ მისი გადაწყვეტილება არის კანონზომიერი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

ტერმინი – ანულირება გაუგებარია რამაზ საყვარელიძისთვის. მისი თქმით, თუ მმართველი გუნდი იტყოდა, რომ გამოდიან შეთანხმებიდან, გასაგები იქნებოდა, მაგრამ დოკუმენტი, რომელსაც ბევრი ვინმე აწერს ხელს და იქიდან გამოდიხარ, ერთ რამეზე მიუთითებს – დალაგებული გადაწყვეტილება არ არის.

„ფორმულირებაც კი არ არის რაციონალურად გათვლილი და შედეგები იქნება რაციონალურად გათვლილი? დაიწყო უკვე შედეგები, აგერ „გირჩმა ჯაფარიძემ“ გამოვდივარო, „ლელომ“ გამოსვლას ვაპირებო. მთელმა ამ შემადგენლობამ, რომ ისევ ქუჩაში გადაინაცვლოს, ვინ იქნება პასუხისმგებელი? – რა თქმა უნდა „ქართული ოცნება“. რისთვის აკეთებენ ამას, ყოფილიყო ის ხელშეკრულება დებული, მორწყვას ითხოვდა, თუ თივის მიტანას?! რაში დასჭირდათ ეს? ამბობენ, რომ პარტიის შეურაცხყოფა არისო და უფრო დიდი შეურაცხყოფა იქნება თუ პარტიის ქაოსი დაიწყება. ეს არის ხელის კვრა ქაოსისკენ.

ლოგიკურ არგუმენტს იმისას, რომ ეს ნაბიჯი სწორი იყო, ვერ ვხედავ. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია. ეს არ არის მომწიფებული პოლიტიკის შესაფერისი ნაბიჯი. ის, რაც კობახიძემ გვითხრა, ეს ხომ ახსნა არ არის? წინდახედული პარტია ჯერ იმ არგუმენტებს დაძრავდა, რომლითაც აპირებდა ამ ნაბიჯების გადადგმას, ნახავდა რეაქციას და მერე გადადგამდა ამ ნაბიჯს. ამ ნაბიჯით „ოცნებამ“ შეიძლება დაკარგოს ოპოზიცია პარლამენტში, ასევე დიდ შანსია დაკარგოს ამომრჩეველი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

Katana . არ მესმის ამ ხალხის ლოგიკა...
კი, ზოგადად, შეთანხმება დაიდო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, მაგრამ ხომ ყველამ იცის , რომ მთავარ სუბიექტებად იგულისხმებოდნენ "ოცნება" და "ნაცმოძრაობა", თავის სატელიტებიანად?!
შესაბამისად, ყველაზე დიდი ელექტორატის პეტრონ ოპოზიციური ძალასთან კონსენსუსი იქნებოდა ამ დოკუმენტის მიზანი, თორემ თაკო ჩარკვიანი და "გირჩის" ორი კინკილა კაცი შევიდოდნენ თუ არა პარლამენტში, ვის აინტერესებდა?!
ჰოდა, გინახავთ სადმე, ერთი მხარე ხელს არ აწერდეს ხელშეკრულებას და მხოლოდ მეორე მხარე იყოს ამ ხელშეკრულებით ხელებშეკრული?!
2 წლის უკან
ილია რატომ არის "ანულირება" გაუგებარი? "გირჩს" რომ გამოეცხადებინა ანულირება, სწორედ ეს იქნებოდა კომიკური. "ქართულ ოცნებას", როგორც მმართველ პარტიას, აქვს ამის უფლება.
2 წლის უკან