ხაზარაძე და ჯაფარიძე ჯერაც მოუკლავი დათვის ტყავის განაწილებაში ისე გაერთნენ, არჩევნები გადაავიწყდათ  

ხაზარაძე და ჯაფარიძე ჯერაც მოუკლავი დათვის ტყავის განაწილებაში ისე გაერთნენ, არჩევნები გადაავიწყდათ  

„ლელო“ ოპოზიურ პარტიებს კოალიციის შექმნას და ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტებას სთავაზობს. მამუკა ხაზარაძეს აქვს წინაპირობაც - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მომავალ მთავრობაში ძალოვანი მინისტრები არ უნდა წარადგინოს.

ხაზარაძის თქმით, დღესვეა საჭირო შეთანხმება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები მომავალ მთავრობაში.

„ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საჭიროა, უკვე დღეს, ოპოზიციურმა ძალებმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები დიდი კოალიციის შესაქმნელად.

უკვე დღეს, საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე.

დღესვეა საჭირო შეთანხმება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები მომავალ მთავრობაში, ისინი უნდა იყვნენ პროფესიონალები სამოქალაქო საზოგადოებიდან, თუ ოპოზიცია ამას შეძლებს, მაშინ არსებული „ოცნების“ ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანა დაადგება სწრაფი რეფორმების და ევროინტეგრაციის შეუქცევად გზას“, - წერს „ფეისბუქზე“ ხაზარაძე.

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად როგორც მამუკა ხაზარაძის, ასევე გიორგი ვაშაძის კანდიდატურებზე მსჯელობას არ გამორიცხავს.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ მამუკა ხაზარაძე განიხილებოდეს პრემიერობის კანდიდატად, ჯაფარიძე პასუხობს:  „ჯერ არ შევთანხმებულვართ ამაზე. ასევე შეიძლება იყოს სხვა კანდიდატებიც, გიორგი ვაშაძეზე დღეს გაიჟღერა - რატომაც არა, განვიხილოთ სხვადასხვა კანდიდატი, ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

„ლელოს“ ინიციატივას „ნაციონალები“ უკვე გამოეხმაურნენ. ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ენმ-ს ძალოვან მინსიტრებთან დაკავშირებით პრობლემა არა აქვს, თუმცა პრემიერი უნდა იყოს თუ არა მათი პარტიიდან, ეს ჯერჯერობით უცნობია.

„ზოგადად, 2020 წლის ჩვენ წინასაარჩევნო დაპირებებს თუ გაიხსენებენ, მე მგონი, იქ ყველაფერი ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს საერთოდ არც ერთ ძალოვან უწყებაზე პრეტენზია ჰქონდეს. იცით რატომ? - ზოგადად რომ გამოვრიცხოთ, არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რომ რაღაცნაირად ძალოვანი უწყებები პოლიტიზირებული არიან, ამიტომ ამ უწყებებში მაქსიმალურად უნდა იყვნენ არასამთავრობო სექტორიდან ადამიანები, ან არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი ადამიანები. ჩვენი პოზიციაა ასეთი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ის, რომ ჩვენ გვყავს პოლიტიკური პოლიცია, პოლიტიკური პროკურატურა და ა.შ. ეს ჩვენი პოზიცია ერთი წლის წინ ღიად გამოვაცხადეთ, ამიტომ არ მგონია, ეს ჩვენ ასე ღიად გვეხებოდეს. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ოქტომბრის არჩევნები. თუ ოპოზიციურ პარტიებს სურთ, რომ რეალურად ძალების კონსოლიდაცია მოხდეს, მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ კონსოლიდაცია ამ არჩევნებისთვის“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მამუკა ხაზარაძის ინიციატივასთან დაკავშირებით, განცხადებები გააკეთეს მმართველ გუნდშიც. „ქართულ ოცნებაში“ ჩრდილოვანი კაბინეტის იდეას არასერიოზულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ოპოზიციას არ შესწევს ძალა არჩევნებში ხელისუფლება დაამარცხოს.

„ლელოს“ ინიციატივას ოპოზიციაშიც არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა. „სტრატეგია აღმაშენებელში“ ამბობენ, რომ არჩევნებში „ნაცმოძრაობასთან“ კოალიცია არ ექნებათ, თუმცა ჩრდილოვან კაბინეტის ფორმირებაზე თანამშრომლობას არ გამორიცხავენ. For.ge-სთან პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტარი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ „ლელოს“ ინიციატივა კიდევ უფრო საინტერესო იქნება, თუ პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს განიხილავენ.

„მგონია, რომ მამუკა ხაზარაძის ინიციატივა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგანაც მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე საუბარი მიდის. მით უმეტეს საინტრესო იქნება, თუკი ტექნიკური მთავრობის მეთაური და პრემიერი გიორგი ვაშაძე იქნება. მე ვეთანხმები, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ერთი პარტიიდან არ უნდა იყვნენ. ჩვენთვის ესეც საინტერესო წინადადებაა. „სტრატეგია აღმაშენებელს“ შეუძლია საერთო ოპოზიციური ინტერესების გამო უარი თქვას საკუთარ ამბიციებზე, თუმცა სანამ კონსულტაციები დაიწყება, ვაცხადებთ, რომ მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განხილული იყოს გიორგი ვაშაძე. დანარჩენი მერე ვნახოთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ for.ge-სთან.

„მოქალაქეების“ ლიდერი და დეპუტატი ალეკო ელისაშვილი „ლელოს“ ურჩევს ამპარტავნობას მოეშვას.

„სამწუხაროდ „ლელოს“ ჰგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობით“ იწყება სამყარო და მთავრდება. როგორც ჩანს, ეს ხალხი მათთვის მთავრი პროლემაა, რაც ძალიან სამწუხარო ამბავია. რჩევა არაერთხელ მიმიცია და ახლაც მინდა მივცე - უადგილო ამპარტავნობას მოეშვან, ციდან დაბლა დაეშვან და ოპოზიციას ნორმალურად აუხსნან, რა უნდათ. კოლეგიალურად განმარტონ საუბარი რაზეა. პრესკონფერენციიდან რაღაცას რომ გადმოგვძახებენ, რა პასუხს მიიღებენ? სტიგმა აქვთ და უნდათ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო დადიოდნენ. ჩვენი მხრიდან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაზე საუბარი გამორიცხულია. ამის კონკრეტული მიზეზები გვაქვს. „ლელოს“ ჰგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობით“ იწყება სამყარო და მთავრდება, ესაა მთავარი პრობლემა. ის ჰგონიათ კიდევ, რაღაცას რომ იტყვიან, იმდენად სიბრძნეა, რომ ბედნიერებისგან ავჭყლოპინდებით და დავეთანხმებით, ნურას უკაცრავად, დაეშვან მიწაზე, მოვიდნენ და დაგველაპარაკონ“, - განაცხადა ელისაშვილმა for.ge-სთან.

კონსტიტუციონალისტი და ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე ფიქრობს, რომ „ლელო“ რაღაცას ეძებს, მაგრამ რას თავადაც ვერ ყალიბდება. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ ჯერ გაუგებარია ტექნიკური მთავრობა ვინ უნდა შექმნას და ვინ უნდა დაამტკიცოს. „ლელომ“ მაშინ ჯერ არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს, შემდეგ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს და იქაც ოპოზიციის მოგების შემთხვევაში ტექნიკური მთავრობის დანიშვნა მოხდეს. ახლა, როცა ჯერ ყველაფერი წინაა და გაურკვეველია, რა მთავრობის შექმნასა და თანამდებობის განაწილებაზე საუბრობს ხაზარაძე ძაბირაძესთვის გაუგებარია.

„ლელო“ რაღაცას ფანტაზიორობს და რაში იყენებს ამ განცახდებას ვერ ვიგებ. არც პიარის კუთხით გამოადგებათ და არც სერიოზულობასთან აქვს რაიმე კავშირი. თუ ამათ უნდათ, რომ საზოგადოებას აჩვენონ, ოპოზიციას როგორი ერთობა შეუძლია, მაშინ ადგილობრივ არჩევნებზე ერთიან მერობის კანდიდატებზე შეთანხმდნენ და ხალხს დაანახონ, რა შეუძლიათ. ოპოზიციამ უმრავლესობა რომ შექმნას, ჯერ ხომ არჩევნები უნდა მოიგოს, თუ „ოცნება“ მიდის და მთავრობა აქვთ უკვე შესაქმნელი?! „ლელოს“ ამ განცახდებით გამოდის, რომ ჯანდაბას პრემიერი იყოს „ნაციონალი“ და ძალოვან მინისტრებს ჩვენ დავნიშნავთ. ეს ხომ აბსურდია. თუ პრემიერი ენმ-დან იქნება, „ლელოს“ და სხვა ოპოზიციური პარტიების მითითება ვინ, სად დანიშნოს, რაში სჭირდება? ცოტა ლოგიკას მოკლებული განცხადებები აქვთ“,-ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.