პრეზიდენტი მთავრობაზე აბსოლუტური კონტროლის გარეშე

პრეზიდენტი მთავრობაზე აბსოლუტური კონტროლის გარეშე

საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების დასამტკიცებლად ემზადება. საყოველთაო საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ, კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი 18 მარტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოიწონა. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება ერთპიროვნულად დანიშნოს მთავრობა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 78 დეპუტატის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას არასრული ერთი საათი მოანდომა, თუმცა, ვიდრე სხდომის თავმჯდომარე შალვა შავგულიძე კენჭისყრის შედეგებს შეაჯამებდა, ვახტანგ ხმალაძემ ვრცლად ისაუბრა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისა და მათი მიღების აუცილებლობის შესახებ. ვახტანგ ხმალაძის თქმით, ერთთვიანი საყოველთაო საჯარო განხილვის დროს არავის გამოუთქვამს პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება გადააყენოს მთავრობა და, პარლამენტის წინააღმდეგობის მიუხედავად, ერთპიროვნულად ჩამოაყალიბოს მინისტრთა ახალი კაბინეტი. მისი თქმით, ცვლილება, რომელმაც პრეზიდენტის ეს უფლებამოსილება უნდა შეზღუდოს, კონსტიტუციის მე-80 მუხლში შედის:

„მთავრობის გადადგომის ან პრეზიდენტის მიერ მისი გადაყენების შემთხვევაში პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით, ანუ თუ სამჯერ უნდობლობა გამოუცხადა, პრეზიდენტი იძენს პარლამენტის დათხოვნის უფლებას, მაგრამ ვერ ნიშნავს მთავრობას“.

რაც შეეხება პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მექანიზმს, ვახტანგ ხმალაძის თქმით, კონსტიტუციის 51-ე მუხლი მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებას განიცდის:
„კონსტიტუციის 51-ე პრიმა მუხლიდან უარი ვთქვით „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების ამოღებაზე. „ა“ ქვეპუნქტი ეხება პარლამენტის არჩევიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნის უფლების აკრძალვას, ხოლო „დ“ ქვეპუნქტი ეხება პრეზიდენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დათხოვნის უფლების აკრძალვას. ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტს „დ“ ქვეპუნქტის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას: პარლამენტის დათხოვნის უფლება არ აქვს პრეზიდენტს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის მაისის თვიდან ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებამდე“.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას არ დასწრებიან უმცირესობის წარმომადგენლები, თუმცა უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული წევრები მხარს დაუჭერენ ცვლილებებს:

„უმცირესობაშიც არიან საღად მოაზროვნე ადამიანები. ყველას უნდა გვამოძრავებდეს ერთადერთი ინტერესი. ყველანი - უმცირესობა და უმრავლესობა - ვართ ამ ქვეყნის შვილები და ეს უნდა იყოს მთავარი. ამიტომ მე მოვუწოდებ უმცირესობას დაუჭიროს მხარი უმრავლესობის ამ ინიციატივას და ვანახვოთ ყველას კოჰაბიტაციის ნიმუში“, - ამბობს დეპუტატი თამაზ ავდალიანი.

ამგვარი მოლოდინის პასუხად, ფრაქცია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი ამბობს, რომ უმცირესობა ცვლილებათა პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას ერთიანად, შეჯერებული პოზიციით იმოქმედებს:

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ის საკითხი, რომელიც უმრავლესობამ მთავარ საკითხად აქცია, სინამდვილეში არ არის მთავარი. ჩვენთვის მიუღებელია მათი სურვილი და მცდელობა, ძალით, ხელების გადაგრეხით გაიტანონ ეს საკითხი. „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იქნება ერთიანი და ამ პოზიციას გამოხატავს მთლიანად უმცირესობა“.

რაც შეეხება კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვის თარიღს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასახელდა 20 მარტის პრენარული სხდომა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დღის წესრიგთან დაკავშირებით პარლამენტის ბიურომ უნდა მიიღოს.