"ვფიქრობ, 19 აპრილი "ნაციონალების" პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოლო აქცია იქნება!"

"მინდა გამოვეხმაურო აგრარული უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ცუდი ფაქტია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, განათლების სამინისტრო ასეთ გადაწყვეტილებას უმიზეზოდ არ მიიღებდა. არ ვიცი, სხვა რა კონკრეტულ დარღვევებზეა საუბარი, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა სასწავლებელში არაპროფესიონალი კადრების არსებობა. იმ სტუდენტებს, რომლებიც დღეს ასე აპროტესტებენ ლიცენზიის გაუქმებას, მაშინაც ასე რომ ეაქტიურათ, როცა უნივერსიტეტიდან დამსახურებული პროფესსორ-მასწავლებლები გამოყარეს, დღეს ამ უნივერსიტეტის ლიცენზიის საკითხი დღის წესრიგში არ დადგებოდა, აგრარულ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის ხარისხზე კითხვის ნიშნები არ გაჩნდებოდა. მეცნიერებს და პროფესორებს "ჩარეცხილები" სააკაშვილმა უწოდა და არა ივანიშვილმა. ახალი ხელისუფლება, რომელმაც ამოცანად დაისახა, მეცნიერება ფეხზე დააყენოს, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარებაა, ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რაც მომავალს დააზარალებს", - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ვფიქრობ, 19 აპრილი "ნაციონალების" პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოლო აქცია იქნება!".

"ვენეციის კომისია ვერაფრით ვერ დაწერდა, რომ სასამართლო არ უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეწოლისგან. იქ არის შენიშვნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეცვლა არ უნდა მოხდეს. მაგრამ, როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, მიუხედავად კომისიის შენიშვნისა, საბჭოს შემადგენლობა მაინც შეიცვლება, თანაც უახლოეს მომავალში, რასაც აბსოლუტურად ვეთანხმები. როგორც ჩანს, სასამართლო რეფორმა, რომელსაც ასე ელოდება საზოგადოება, მალე განხორციელდება და, შესაბამისად, საინტერესო პროცესები დაიწყება. ვგულისხმობ სამართლიანობის აღდგენის პროცესს, სადაც უკვე თავისუფალი სასამართლო იქნება ჩართული. ბოლოს და ბოლოს, დაისჯება ყველა, ვისაც დანაშაული მიუძღვის ქვეყნისა და კონკრეტული ადამიანების წინაშე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედუარდ შევარდნაძე.

"23 ევროპელი პარლამენტარი არ არის მთელი ევროპა, შესაბამისად, არც მათი წერილი უნდა იქნას განხილული, როგორც ევროპის, მთელი ევროპარლამენტის პოზიცია. თანაც, ვინ არიან ეს პარლამენტარები, ისევ იმ სახალხო პარტიის წარმომადგენლები, რომელთა ლიდერის ვილფრედ მარტენსის სიყვარული სააკაშვილისადმი საქვეყნოდ არის ცნობილი. ამ წერილის ავტორებს ქართველ ხალხთან ბოდიში აქვთ მოსახდელი, რადგან ისინი შეურაცხყოფას აყენებენ არა რომელიმე კონკრეტულ ლიდერს, არამედ სრულიად ქართველ საზოგადოებას, მის არჩევანს. ძალიან მომეწონა ბატონი ბიძინა ივანიშვილის პასუხი, ეს არის საქართველოს ხელისუფალის ღირსეული ნაბიჯი. კმაყოფილებას ვერ ვმალავ იმის გამო, რომ დღეს საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც მონურ მორჩილებაში არ იმყოფება არავისთან და მისთვის ამომავალი წერტილი საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებია", - განაგრძობს რესპონდენტი.

"რაც შეეხება დაანონსებულ აქციას, ვფიქრობ, 19 აპრილი მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბოლო აქცია იქნება. დარწმუნებული ვარ, აგრარულ უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენების შემდეგ იმედი მიეცათ, რომ სტუდენტებიც შეუერთდებიან. თუ ასეა, ძალიან ცუდი წარმოდგენა ჰქონიათ ქართველ ახალგაზრდობაზე, რომელიც არასდროს დაივიწყებს ყოფილი ხელისუფლების მიერ ჩადენილ არაერთ სამარცხვინო საქციელს. გარწმუნებთ, სააკაშვილი აღარ არის ის პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია, რაიმე გავლენა მოახდინოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. რაც შეეხება ხაბურძანიას პოლიტიკაში დაბრუნებას, ქართულ პოლიტიკაში ხაბურძანიას დრო და ადგილი აღარ არის!" - დასძენს ედუარდ შევარდნაძე.