"ავტორიზაციის გაუქმება შეცდომა იყო"

"ბიძინა ივანიშვილის წერილი "ევროპის სახალხო პარტიისადმი" ადეკვატურია და კონკრეტული. მასში ასახულია ქვეყანაში განვითარებული მოვლენები და არის ერთგვარი მოწოდებაც, ზერელე შთაბეჭდილებებს ნუ აჰყვებითო. ბოლოს და ბოლოს, ყველამ, მათ შორის ევროპარლამენტარებმაც, სანამ ვინმეს დატუქსავდნენ, ინფორმაცია ორივე მხრიდან უნდა მიიღონ და შეაჯერონ. რატომ ჰგონიათ, რომ მაინცდამაინც მიხეილ სააკაშვილისგან მიიღებენ ობიექტურ და ამომწურავ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე?! ის ხომ დამარცხებული მხარეა და დაინტერესებულია, რომ პროცესები ისე წარმოაჩინოს, როგორც თავად აძლევს ხელს. მე მაინც მგონია, რომ "ევროპის სახალხო პარტიის" წევრები ზერელედ უდგებიან საქმეს და არ ცდილობენ სიმართლის დადგენას. ან შესაძლოა, იმდენად არ აინტერესებთ საქართველო, რომ არც კი მიიჩნევენ საჭიროდ, ვთქვათ, ექსპერტები გამოგზავნონ, რომ მათ მაინც შეაფასონ რეალურად სიტუაცია. როგორ შეიძლება დასკვნის გაკეთება მხოლოდ სააკაშვილის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე? იმაზე არ ფიქრობენ ევროპელები, რატომ დაკარგა სააკაშვილმა ამხელა რეიტინგი?", - აცხადებს ფსიქოლოგი მარინა ბალიაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ავტორიზაციის გაუქმება შეცდომა იყო".

"არა მგონია, ისინი მაინცდამაინც სააკაშვილის გუნდის გადარჩენას ცდილობდნენ. უბრალოდ, ისინი იცნობენ საქართველოს პრეზიდენტს და, ალბათ, მას უფრო ენდობიან. გარდა ამისა, არც მაღალი მოტივაცია აქვთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში გაერკვიონ. ფორმალური ბიუროკრატიზმია და სანამ ისინი სიმართლეში გაერკვევიან, ალბათ, კარგა ხანი გავა. სავარაუდოდ, ამ პარტიასა და ძველ ხელისუფლებას ურთიერთვალდებულებები აქვთ. შესაძლოა მართლაც "ნაციონალების" სიცრუის ტყვეობაში არიან. მაგრამ საქმე ის არის, რომ არ სურთ ამ ტყვეობისგან თავის დახსნა, სიმართლის გაგება და კვლავ ერთი და იმავეს იმეორებენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მარინა ბალიაშვილი.

"ავტორიზაციის გაუქმება შეცდომა იყო. რა თქმა უნდა, ბევრმა ასე აღიქვა ეს ფაქტი, რაღა მაინცდამაინც ბენდუქიძეს მიადგნენო. მეორე მხრივ კი, თუ უთხრეს უნივერსიტეტს, გამოესწორებინა შეცდომები და მან არ გამოასწორა, უფლება ჰქონდათ, მისთვის ავტორიზაცია გაეუქმებინათ. თუმცა ეს უკვე დეტალებია. მაყურებლისა და მსმენელისთვის ეს უკვე აღარ არის არსებითი. არადა, სინამდვილეში არსებითი სწორედ ეს არის - თუ იყო კანონდარღვევები, ამას რეაგირება სჭირდება. აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებული ამბავი გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალამ სათავისოდ გამოიყენა. სტუდენტებს ხომ მეტიც არ უნდათ? ჰგონიათ, სწავლის უფლებას იცავენ, ან იქნებ ასე ჩააგონეს კიდეც", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ნაციონალები" აგრარული უნივერსიტეტის საკითხს 19 აპრილის აქციისთვის გამოიყენებენ. დაახლოებით ასეთ რაღაცაზე ოცნებობდნენ და მიიღეს კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა უმრავლესობისა და უმცირესობის მონაწილეობით საგარეო კურსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო, მოსალოდნელი იყო, რომ აქცია მაინც გაიმართებოდა, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" უკანასკნელ რესურსს იკრებს, აქტიურობას ცდილობს და ყველა ხერხს მიმართავს, რისი გამოცდილებაც აქვს. აგერ ახალ "კმარებს" ქმნიან. ახლახან გავიგე, რომ მოძრაობა "დროა" შექმნილა. არა მგონია, მერაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე ბევრი ხალხი მივიდეს. სხვა ფაქტორიც არის - ადამიანები ყოველთვის წინ იყურებიან და წარსულში დაბრუნება არ სურთ. "ნაციონალები" წავიდნენ, თუმცა რატომღაც ამას თვითონ ვერ ხვდებიან. როგორც ჩანს, "ნაციონალები" არაფერზე ფიქრობენ, ხალხმა ცოცხებით გააგდო და ისინი კიდევ აქციას მართავენ. ადეკვატური ნამდვილად არ არიან. საზოგადოებას იწვევენ", - დასძენს მარინა ბალიაშვილი.