"რა უნდა უნივერსიტეტში მეცნიერს?"

ქვეყნის პირველი უმაღლესი სასწავლებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წელს დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად დაარსდა და დღემდე სახელმწიფოებრიობის, ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი ქვაკუთხედია... თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამჟამად შექმნილ ვითარებაზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი და პროფესორი, ფიზიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი ჯემალ მებონია გვესაუბრებიან.

გიორგი გოგოლაშვილი: - საზოგადოებას კარგად ახსოვს "ვარდების რევოლუციის" შემდგომ, 2004-2006 წლებში უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები, როცა აღვირახსნილმა უკანონობამ უნივერსიტეტი, ფაქტობრივად, შეიწირა. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში თანდათან დაიწყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი, თუმცა, უნივერსიტეტს ჯერჯერობით ეს არ შეხებია. ამიტომ უნდა აღდგეს ყოველივე ის, რაც დაინგრა, წახდა და რაც უნივერსიტეტის სახეს ქმნიდა.

- ბატონო გიორგი, როგორ შეაფასებთ მეცნიერების, სამეცნიერო კვლევის თვალსაზრისით უნივერსიტეტში შექმნილ მდგომარეობას?
- განათლების ყოფილ მინისტრს ლომაიას ეკუთვნის სამარცხვინო ფრაზა: "რა უნდა უნივერსიტეტში მეცნიერს?" ხელის ერთი მოსმით, ფაქტობრივად, მთელი სამეცნიერო სექტორი გააუქმეს. 2005 წლიდან უნივერსიტეტის ბიუჯეტს მთლიანად ჩამოეჭრა სამეცნიერო სექტორის დაფინანსება, 1500 თანამშრომელი უხელფასოდ დარჩა. მათ თავხედურად ეუბნებოდნენ, უნივერსიტეტში სიარულს არ გიშლით, მაგრამ ხელფასი არ გექნებათო; ათეულობით ლაბორატორიასა და სამეცნიერო კაბინეტში შეჩერდა მუშაობა. გაუქმდა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას კაბინეტები. ეს ქართული მეცნიერების მკვლელობა იყო, რომლის შედეგის გამოსწორებას ათეულობით წელი დასჭირდება. ამიტომ თქვა კახა ლომაიამ: ჯავახიშვილის უნივერსიტეტს ნაჯახით ამოვძირკვავთო. სოფელ ცხრუკვეთში მყოფმა სააკაშვილმა კი უნივერსიტეტის პროფესორებს საჯაროდ წითელი პროფესურა, კორუმპირებულები, უსინდისოები და რუსეთის აგენტები გვიწოდა.

- რამდენი თანამშრომელი გათავისუფლდა ბოლო წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან?
- უნივერსიტეტში კატასტროფულად შემცირდა აკადემიური სექტორი. რეფორმამდე უნივერსიტეტის აკადემიურ სექტორში 4000-მდე თანამშრომელი იყო, განათლების იმჟამინდელ მინისტრ ლომაიას მოთხოვნით კონკურსი მხოლოდ 700 საშტატო ერთეულზე გამოცხადდა, რის შედეგადაც აკადემიური სექტორი უნივერსიტეტში თითქმის ხუთჯერ შემცირდა, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში კი - მხოლოდ 3-4 პროცენტით.

- რა ხდება დღეს უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრაზე?
- უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრაზე, რომელსაც აკაკი შანიძის კათედრას უწოდებდნენ, "რეფორმამდე" 23 თანამშრომელი იყო, ამჟამად ძველი ქართული ენის დეპარტამენტში მხოლოდ სამი თანამშრომელია, მათგან მხოლოდ ერთია ძველი ქართული ენის გრამატიკის სპეციალისტი...

- რამ გადაგაწყვეტინათ უნივერსიტეტიდან წამოსვლა?
- რეფორმის პერიოდში სამი კონკურსი ჩატარდა: 2006, 2009 და 2012 წლებში. 2006 და 2009 წლებში, ვინც "რეფორმის" ამ სახით ჩატარებას ვეწინააღმდეგებოდით, უარი ვთქვით კონკურსში მონაწილეობაზე. 2010 წელს უნივერსიტეტიდან გაუშვეს მთავარი დამნაშავე ხუბუა. ამის შემდეგ, როცა 2012 წელს კონკურსი გამოცხადდა, უნივერსიტეტის რექტორს ალექსანდრე კვიტაშვილს მივმართე განცხადებით, რომ ხუბუას წასვლა უნივერსიტეტიდან სამართლიანობის აღდგენის იმედს იძლეოდა და ამიტომ გადავწყვიტე კონკურსში მონაწილეობა. ჩემს კონკურენტად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე დასვეს, რომელიც კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტია და სამეცნიერო ხარისხი ლიტერატურაში აქვს დაცული. რექტორმა ჩემთან შეხვედრა არც ისურვა; უბრძანებია, ყველაფერი კომისიას მივანდოთო, კომისიის წევრები კი "ერთგულებისა და მორჩილების პრინციპით" იყვნენ შერჩეული (კომისია თვალთვაძემ შეადგინა!); და ქართული ენის პროფესორის ადგილი დაიკავა არაენათმეცნიერმა დარეჯან თვალთვაძემ. იმავე პერიოდში (ეს არჩევნების წინა ხანებში ხდება), ჩატარებული კონკურსით უკმაყოფილება
გამოთქვეს პროფესორებმა ნოდარ ხადურმა და დავით ნარმანიამ, ამჟამად მთავრობის წევრებმა. არჩევნების შემდეგ ხადური და ნარმანია უნივერსიტეტში დააბრუნეს. უნივერსიტეტში კვლავ პოლიტიკური ნიშნით წყდება თანამშრომლების მიღება-არმიღების საკითხი...

- უნივერსიტეტს ამჟამად ოთხი წლით არჩეული რექტორი ჰყავს. თქვენ მის გადაყენებას ითხოვთ?
- უნივერსიტეტში უმძიმესი ვითარებაა: 23 ფაკულტეტი იყო, დღეს ექვსია, გაუქმდა არაერთი კათედრა, გაქრა სპეციალობები. უნდა გამოძიონ ყველა ის დანაშაული, რაც უნივერსიტეტში მოხდა. ამიტომ მივმართეთ საუნივერსიტეტო საზოგადოებამ, პროფესორ-მასწავლებლებმა, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა საგანგებო წერილით პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს; მოვითხოვთ, შეიქმნას კომპეტენტური კომპლექსური კომისია, რომელიც 2004-2012 წლებში უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებსა და კანონდარღვევებს შეისწავლის, მას პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებას მისცემს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარდამავალი პერიოდი უნდა დაწესდეს, შეიქმნას დროებითი მმართველობა, რომელიც უნივერსიტეტის გადარჩენისა და განვითარების გზებს შეისწავლის, მოამზადებს საკანონმდებლო ბაზას მისი რეალური ავტონომიისთვის. უნივერსიტეტის რექტორის გადაყენებას ამ ეტაპზე არ ვითხოვთ, რადგან ამ ვითარებაში რექტორის შეცვლა არაფერს შეცვლის. 2010 წელს ხუბუა, როგორც დამნაშავე, გაუშვეს უნივერსიტეტიდან და მოვიდა ალექსანდრე კვიტაშვილი, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა: იგივე სტრუქტურები, იგივე ადმინისტრაცია, იგივე სასწავლო გეგმა, კვიტაშვილს თანაშემწეც კი იგივე ჰყავს, ვინც ხუბუას ჰყავდა. ასე რომ, მარტო რექტორის ჩანაცვლებას აზრი არ აქვს, შესაკრებთა გადანაცლებით ჯამი არ იცვლება. დღეს უნივერსიტეტი ისეთ სავალალო მდგომარეობაშია, ნიკო კეცხოველიც ვერ უშველის, ჯერ ძირეული, მათ შორის, მსოფლმხედველობრივი ცვლილებები, რეფორმაა გასატარებელი.

ჯემალ მებონია: "უნივერსიტეტს განსაკუთრებული სტატუსი უნდა მიენიჭოს"

- ე.წ. განათლების რეფორმას, რომელიც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაიწყო, ყველაზე აქტიური წინააღმდეგობა ფიზიკოსებმა გაუწიეს. შესაბამისად, ყველაზე დიდი დარტყმა "რეფორმატორებისგან" სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტმა იწვნია. აღსანიშნავია, რომ ამ ფაკულტეტზე 2006 წლამდე 112 პროფესორ-მასწავლებელი იყო, კონკურსი კი 23 ადგილზე გამოაცხადეს. ეს გაუთვლელი, გაუმართლებელი ნაბიჯი იყო, რადგან შემდეგ, დამატებით 100 პედაგოგის მოწვევაც კი დასჭირდათ იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი არ ჩაშლილიყო! იმჟამინდელმა მინისტრმა კახა ლომაიამ ერთ-ერთი დებატებისას მითხრა: თქვენი ბიოგრაფიის კაცი ჩვენს გვერდით უნდა იდგეს, თქვენ კი ბნელ ძალებთან დგახართო.. არადა, სწორედ თვითონ არიან ბნელები და უმეცრები, თუნდაც იმიტომ, რომ უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო, ტექნიკური ფაკულტეტები უმძიმეს ვითარებამდე მიიყვანეს. ფიზიკის ლაბორატორიები, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, მათ შორის ორი ისეთი, რომლებიც ჩვენი თანამშრომლების ხელით იყო გაკეთებული. ლაბორატორიების გარდა, ბიბლიოთეკებსაც ემტერებოდნენ, ჩემი თვალით მაქვს ნანახი მეორე კორპუსის კიბეებზე მიმოფანტული ფიზიკის სახელმძღვანელოები, თუმცა, რა უნდა გაგიკვირდეს იმ ხელისუფალისგან, რომლის განათლების მინისტრი პირდაპირ ამბობდა: წიგნმა თავისი დანიშნულება დაკარგაო. თუ ინტერნეტს გულისხმობდა, საიდანაც ინფორმაციის სწრაფად მიღებაა შესაძლებელი, მწარედ ცდებოდა, რადგან წიგნის გარეშე ფუნდამენტური ცოდნის მიღება შეუძლებელია. ვიმედოვნებ, დღევანდელი პოლიტიკური ცვლილებების ფონზე უნივერსიტეტში ყველაფერი უკეთესობისკენ შემობრუნდება.

- თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარება ზედმეტი ფუფუნებაა ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
- ეს ან ბრიყვული, ან დანაშაულებრივი აზროვნებაა. საზოგადოების წინსვლა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა მეცნიერების ყველა დარგი ჰარმონიულად ვითარდება, რადგან ისინი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ფუნდამენტური დისციპლინების განვითარება არ ნიშნავს მხოლოდ ძვირად ღირებული დანადგარებისა და ხელსაწყოების ქონას, მას, უპირველესად, ცოდნის მემკვიდრეობითობა, განათლება სჭირდება. დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში მუშაობენ. ასე რომ, ამ დარგში კონკურენტუნარიანი ცოდნის მიღება პატარა ქვეყანაშიც შეიძლება დიდი ფინანსური დანახარჯების გარეშე. ასევე აუცილებელია სკოლის სახელმძღანელოების შეცვლა, რადგან დღევანდელი ფიზიკის სახელმძღვანელოები უვარგისია.

- უნივერსიტეტში სამართლიანობის აღდგენას ითხოვთ, კონკრეტულად, რა გაქვთ მხედველობაში?
- ჩემი აზრით, ორი მთავარი ფაქტორია ერთმანეთთან დაკავშირებული, ეს ეხება არა მხოლოდ ფიზიკის ფაკულტეტს, არამედ მთლიანად უნივერსიტეტს. ბევრი პროფესორ-მასწავლებელი არ შეეგუა იმ უსამართლობას, რაც მის კედლებში ხდებოდა, რის გამოც უნივერსიტეტს მიღმა დარჩა. მათ უნდა მიეცეთ უნივერსიტეტში დაბრუნების საშუალება. მეორე მხრივ, აუცილებელია თვითონ უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, რაც ამ პროფესიონალების დაბრუნების გარეშე წარმოუდგენელია. ეს ორი ფაქტორი ურთიერთგანმსაზღვრელია. ალბათ ძნელად თუ მოიძებნება უნივერსიტეტი, რომელმაც ასეთი დიდი როლი შეასრულა თავისი ქვეყნის ისტორიაში, ამიტომ მივიჩნევთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს განსაკუთრებული სტატუსი უნდა მიენიჭოს; გარდამავალ პერიოდში დროებითი მმართველობა უნდა დაინიშნოს, რასაც ორი წელი დასჭირდება. უნდა შეიქმნას მმართველობის მოქნილი სისტემა და არა ისეთი, როგორიც დღეს არის! განა არსებობს მსოფლიოში სხვა უნივერსიტეტი, სადაც ადმინისტრაციულ თანამდებობის პირთა რაოდენობა ორჯერ აღემატება აკადემიურს?! არადა, პირიქით უნდა იყოს. დღევანდელ უნივერსიტეტში სიტუაციას მკვდარი წერტილიდან ვერ დაძრავ, რადგან იქაურობა ციხესიმაგრედ აქვთ გადაქცეული, თვითონ კი შიგ თავს კარგად გრძნობენ. უნდა ვიჩქაროთ, რადგან ისედაც მთელი თაობები დაგვრჩა საფუძვლიანი განათლების გარეშე, უცოდინართა არმია არ უნდა გავზარდოთ.