“ვარდოსანთა” “ნისიების ბლეფი”

“ვარდოსანთა” “ნისიების ბლეფი”

“ნაციონალ” ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ბოლო დროს მაღაზიებში “ნისიად გაყიდვებმა” მოიმატა, “უბნის მაღაზიის” მეპატრონე კი ირწმუნება, რომ არჩევნების შემდეგ ნისიები არ გაზრდილა

“ნაცმოძრაობა” მხოლოდ ხალხის კი არა, ხელისუფლების ნერვებზეც “თამაშობს”. ასე, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, “ნაციონალების” ერთ-ერთმა სახემ, დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მაღაზიებში ნისიად აღებული პროდუქტის რაოდენობა გაიზარდაო. იმის თქმა, რომ საქართველოში ნისია აღარ არსებობს, რასაკვირველია, არ შეიძლება, მაგრამ ყოფილი ხელისუფლება “ნისიების გაზრდის კუთხითაც” იტყუება, რადგან ე.წ. უბნის მაღაზიები “ნისიაზე” “ნაციონალების” ზეობის დროსაც მუშაობდნენ და ამ მხრივ სიტუაცია ხელისუფლებიდან არც მათი წასვლით შეცვლილა.
მაინც, რა ხდება არჩევნების შემდეგ ე.წ. უბნის მაღაზიებში და მართლა გაიზარდა თუ არა “ნისიები”?  _ ამის გასარკვევად “ქართული სიტყვა” გლდანში მდებარე ერთ-ერთ ასეთ მაღაზიას ესტუმრა. მაღაზია რამდენიმე წელია, ფუნქციონირებს და მისმა მეპატრონემ, ქალბატონმა მანანამ მთელი სამეზობლოს ფინანსური შესაძლებლობა იცის. შესაბამისად, ავტოფარეხში გახსნილ “მარკეტს” ისეთი პროდუქციით ამარაგებს, რაზეც უბანში ყველაზე დიდი მოთხოვნაა.

_ მართალია, ჩემს გვერდით რამდენიმე სუპერმარკეტი გაიხსნა, მაგრამ კლიენტის ნაკლებობას მაინც არ ვუჩივი და, ალბათ, იმიტომ, რომ “ნისიაზეც” ვმუშაობ _ ხალხს ხელფასიდან ხელფასამდე ვაცდი. სუპერმარკეტებში კი, ამას არ აკეთებენ, _ ამბობს ქალბატონი მანანა და დასძენს, _ რამდენიმე დღის წინ, ვიღაცები მოვიდნენ, ჩემი მონაცემები ჩაიწერეს და მითხრეს, მალე, შეიძლება, პატარა მაღაზიების პირობები გაუმჯობესდესო...
_ ქალბატონო მანანა, უცნობებმა არ გითხრეს, “პირობების გაუმჯობესებაში” რას გულისხმობდნენ? იქნებ, “ნაციონალების” აქტივისტები იყვნენ და ფინანსური ამნისტიისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ?
_ რა ამნისტია? დავალიანება არ მაქვს. ერთხელ, არჩევნებამდე, 700-ლარიანი ჯარიმა გადავიხადე და მას შემდეგ, საგადასახადოსთან ყველაფერი რიგზე მაქვს.

_ სუპერმარკეტებმა კლიენტი არ წაგართვათ?
_ იმათ თავიანთი ხალხი ჰყავთ, მე _ ჩემი. ჩემი კლიენტი ისევ ჩემთან დადის.

_ ძირითადად, რა სახის პროდუქცია იყიდება?
_ ყველაფერი... ისეთი არაფერი შემომაქვს, რაც არ გაიყიდება. პური, ხილ-ბოსტნეული, ჰიგიენის საშუალებები, გამაგრილებელი სასმელები და რძის პროდუქტები კი, ყველას უნდა...

_ ალკოჰოლი?
_ ეგეც კარგად იყიდება, განსაკუთრებით, _ არაყი და ლუდი

_ ძვირადღირებული პროდუქტის გაყიდვა არ გიჭირთ?
_ ყველაფასიან პროდუქტს თავისი კლიენტი ჰყავს... იციან, რომ ვალზე სხვაგან ვერ იყიდიან და ჩემთან მოდიან..

_ ისე, “ნისიები” არჩევნების შემდეგ მართლა გაიზარდა?
_ როგორც ადრე იყო, ისევ ისეა, არაფერი შეცვლილა. არიან ოჯახები, რომელთაც ხელფასიდან-ხელფასამდე ყველაფერი ვალზე მიაქვთ.

_ და თვის განმავლობაში რა თანხაზე ადიან?
_ ადრე 200 ლარზე და მეტზეც ასულან, ახლა კი, ერთი ოჯახის “ნისია” 150 ლარს არ სცილდება.

მოკლედ, გლდანში მდებარე ერთ-ერთი “უბნის მაღაზიის” მეპატრონე ირწმუნება, რომ “ნისიების” მხრივ არჩევნების შემდეგ არაფერი შეცვლილა, ანუ ხალხს მაღაზიიდან პრიდუქტი ვალზე ადრეც მიჰქონდა და ახლაც მიაქვს. ასე რომ, “ნაციონალების” “ნისიების საბოტაჟი”, როგორც იტყვიან, წმინდა წყლის ბლეფია...