“საზოგადოებრივი მაუწყებელის” გარშემო ისევ სკანდალია _ მას შემდეგ, რაც ე.წ. ბორდ-მა გენდირექტორობიდან გიორგი ბარათაშვილი გადააყენა, ამ თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის სურვილი ჯერჯერობით 12 კანდიდატმა გამოთქვა. მიიღებს თუ არა კონკურსში მონაწილეობას კავკასიის საკითხების ექსპერტი და გამოცდილი “ტელევიზიონშჩიკი” მამუკა არეშიძე? _ ეს საკითხი ჯერ “ღიაა”. ყოველ შემთხვევაში, არეშიძე “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ამბობს, რომ კონკურსში მონაწილეობას მას შემდეგ გადაწყვეტს, თუკი საზოგადოებისა და ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერას იგრძნობს. ისე, ექსპერტი “პირველი არხის” გენდირექტორის კონკურსში 2012 წლის მიწურულსაც მონაწილეობდა, თუმცა მაშინ ბორდ-მა გაურკვეველი მიზეზით “დაბრაკა”...
_ ბატონო მამუკა, ვიდრე “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” ვისაუბრებთ, იმ ღია წერილზე გკითხავთ, რომელიც ევროპარლამენტის 23 წევრმა პრემიერ ბიძინა ივანიშვილს გამოუგზავნა და პარლამენტარებზე, ადგილობრივ თვითმართველობაზე, “საზოგადოებრივ მაუწყებელსა” და სასამართლოზე ზეწოლის შეწყვეტა მითხოვა. ამასთან, ევროდეპუტატები პრემიერს მოუწოდებენ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არ დაასამაროს. ეს შენიშვნები სამართლიანია?
_ ევროპარლამენტის 724 წევრიდან ამ წერილს ხელს მხოლოდ 23 აწერს, თან ოცდასამივე დეპუტატი, თუ არ ვცდები, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელია. E”ნაცმოძრაობა” ამ ალიანსის წევრია და პრაქტიკულად, ეს ხალხი მხარს თავისივე ალიანსის წევრებს უჭერენ. ამიტომ არ შეიძლება, ეს წერილი რეზონანსული იყოს, რადგან შეიძლება ღია წერილი ევროპულმა ლიბერალურმა პარტიამაც დაწეროს. ლიბერალურ პარტიაში “რესპუბლიკური პარტია” და “თავისუფალი დემოკრატები” არიან გაერთიანებულნი. ასე რომ, წერილებით შეიძლება, ერთმანეთი დავტუქსოთ, მაგრამ მთავარი ისაა, თუ რამდენად მართალია ის, რაც ამ წერილებში წერია.
ამ ფონზე ვსვამ შეკითხვას: არის თუ არა “საზოგადოებრივ მაუწყებელში” ჯანსაღი გარემო და ხორციელდება თუ არა მასზე ზეწოლა? _ ჩემი აზრით, იქ გამეფებულ სიტუაციას არ შეიძლება ჯანსაღი დაერქვას. ამასთან, ამ ორგანზიაციაზე ზეწოლას ვერ ვხედავ.
_ ისე გიორგი ბარათაშვილი, “პირველი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროს, ხათუნა ბერძენიშვილის მსგავსად, “ნაციონალების” კადრად ითვლებოდა და ამ ორ ადამიანს შორის კონფლიქტის საფუძველი რა უნდა გამხდარიყო?
_ ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთს ებრძვიან, უახლოესი მეგობრები არიან და წლების განმავლობაში, ერთმანეთის გამტანები იყვნენ. ამ ბრძოლაში პოლიტიკურ მოტივაციას კი არა, უფრო პირადი გაღიზიანების მომენტს ვხედავ. ამ ორიდან ერთ-ერთი ჩემი გაზრდილია, ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი, რისი გამკეთებელია და რა შეუძლია. საერთოდ ვთვლი, რომ პარლამენტი იმ პროცესს, რომელიც “საზოგადოებრივ მაუწყებელში” მიმდინარეობს, იგნორირებას აბსოლუტურად უსამართლოდ უკეთებს. მხოლოდ პარლამენტი კი არა, საზოგადოებაც ბევრად უფრო აქტიური და აგრესიული უნდა იყოს. მართალია, ხალხი მიაჩვიეს აზრს, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” მათია, მაგრამ საზოგადოებამ კეთილი ინებოს და მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის კონტროლისთვის აქტიურობა გამომაჟღავნოს.
ვთვლი, რომ ამ არხის სამეურვეო საბჭო პოლიტიკური ნიშნით არ უნდა ირჩეოდეს _ ეს მახინჯი ფორმაა. ბორდ-ი პროფესიონალებით უნდა დაკომპლექტდეს...
რაც შეეხება ზემოხსენებულ წერილში ნახსენებ ყოფილი ჩინოვნიკების დევნას, ხალხმა “ქართულ ოცნებას” მანდატი იმიტომ მისცა, რომ ეს პარტია სამართლიანობის აღდგენის პირობას დებდა. სამართლიანობის აღდგენა კი, დამნაშავეების დასჯის გარეშე არ არსებობს.
სასამართლოს ზეწოლაზე ლაპარაკიც ტყუილია იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს მახინჯი ფორმა, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელიცაა და ამ დროს ზეწოლაზე საუბარი სისულელეა...
_ ბატონო მამუკა, მოდით ისევ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” დავუბრუნდეთ. თუკი გავყვებით ვერსიას, რომ გიორგი ბარათაშვილი “ნაციონალების” კადრი იყო გამოვა, რომ ის ისევ “ნაციონალებმა” გაწირეს?
_ “ნაციონალების” კადრი გიორგი ბარათაშვილი კი არა, ლევან გახელაძეა. ყოველ შემთხვევაში, გახელაძე ცალსახად “ნაცმოძრაობის” მითითებით მუშაობს. ბარათაშვილის პოლიტიკური ორიენტაცია ჩემთვის რთული განსასაზღვრია. ის თავისი საქმის მცოდნეა და ალბათ იფიქრეს, რომ მათი სურვილების უტყვი შემსრულებელი იქნებოდა, მაგრამ ბარათაშვილმა დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტა, ანუ საინფორმაციო ხელმძღვანელის გადაყენებასა თუ დაწინაურებას ვგულისხმობ. მათ შორის ეტყობა პირადი წყენა მოხდა, თორემ ისინი ძალიან ახლობლები იყვნენ.
_ ბატონო მამუკა, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენდირექტორის კონკურსში მონაწილეობას ახლაც მიიღებთ?
_ ამის სურვილი არ მაქვს და, სიმართლე გითხრათ, არც ადრე მინდოდა, რადგან ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ამ ბორდის პირობებში ღუმელთან არავინ მიმიშვებდა, მაგრამ მაინტერესებდა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა ტელევიზიის თანამშრომლებს და საზოგადოებას ჩემი კანდიდატურის წარდგენისას. როცა დავინახე, რომ საზოგადოების ნაწილს ეს ჭკუაში დაუჯდა, გადავწყვიტე, კონკურსში მოანწილეობა მიმეღო. მართალია, დღეს ვითარება შეიცვალა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, განაცხადის შეტანას მაინც არ ვაპირებ.