"მომზადებულია ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის დღეს არსებულ მმართველობის სისტემას. კონკრეტულად, ადამიანები, რომლებიც სოფლებში, თემებში, დაბებში ცხოვრობენ, ძალიან შორს არიან ადგილობრივი ხელისუფლებისგან. ხშირ შემთხვევებში არ შეუძლიათ მათ თავიანთი ხმა მიაწვდინონ ცენტრს არსებულ მოთხოვნილებებთან და საჭიროებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური შესაძლებლობები ძალიან მწირია, აქედან გამომდინარე მათ არ შეუძლიათ მოაგვარონ ძალიან ბევრი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები", - აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "გუბერნატორის ინსტიტუტი უქმდება".
"ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობები იქნება არა დღეს არსებული რაიონის დონეზე, არამედ უფრო ახლოს. ქალაქები იქნებიან ცალკე ადგილობრივი თვითმმათველობები, სოფლების გაერთიანებები ანუ თემები ასევე ცალკე ადგილობრივი თვითმმართველობები იქნებიან. მათ ექნებათ დამოუკიდებელი ბიუჯეტი, თავიანთი ფუნქციები. ამ ბიუჯეტით ისინი შეძლებენ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოგვარებას, როგორც არის სოფლებში წყალმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები, ნარჩენების გატანასთან დაკავშირებული პრობლემები, გზების მოწესრიგება, სოფლის ამბულატორიების დაფინანსება და ა.შ. ასეთი საკითხების გადაწყვეტა ადამიანებს ადგილზე შეეძლებათ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ნარმანია.
"მეორე დონე იქნება ადგილობრივი თვითმმართველობა სამხარეო დონეზე, ნაცვლად დღეს არსებული გუბერნატორის ინსტიტუტისა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ცენტრის ცალკეული დავალების შესრულების ფუნქცია გააჩნია. იქნება სამხარეო დონის თვითმმართველობა, რომელსაც ექნება თავისი წარმომადგენლობითი ორგანო, საკრებულო და აღმასრულებელი ორგანო. მხარეს უხელმძღვანელებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მას ექნება თავისი ფუნქციები და ამ ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ბიუჯეტი. ისეთი ფუნქციები, რომელიც სოფლის, ქალაქის დონეზე ვერ განხორციელდება ანუ უფრო დიდი ფუნქციაა, მაგრამ არც მთლად ცენტრალური დონის ფუნქცია არ არის. ე.წ. შუალედური ფუნქციები სამხარეო თვითმმართველობების მიერ განხორციელდება. ამ ცვლილების მიღების შემდეგ გუბერნატორის ინსტიტუტი გაუქმდება და უფრო თანამედროვე, უფრო დემოკრატიული ფორმა იქნება შემოღებული", - განმარტავს რესპონდენტი.
"მხარის აღმასრულებელი ორგანოს დაკომპლექტების წესი ასეთი იქნება: სამი ადამიანი შეირჩევა მხარის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ანუ საკრებულოს მიერ მთავრობას წარედგინება და მთავრობა სამი კანდიდატურიდან ერთს დაამტკიცებს. ინსტიტუტს ერქმევა მხარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. სოფლებში შეთავაზებულია არა თვითმმართველობა, არამედ სოფლის კრებების ორგანიზების საკითხები, სადაც სოფელში მოსახლეობა შეიკრიბება, გამართავს კრებას, აირჩევს სოფლის წარმომადგენელს, რომელიც სოფლის მიერ არჩეული პირი იქნება და რომელიც სოფლის ინტერესებს გაატარებს. წარმომადგენლობითობა ყველა სოფელს ექნება. ამ ახალი კანონმდებლობის მიხედვით, სოფელს თავისი პრიორიტეტის გამოკვეთა გაუმარტივდება. ძირითადი მიმართულება ევროპული გამოცდილებაა", - განაგრძობს დავით ნარმანია.
"მე პრეზიდენტს მოვუწოდე, რომ კონკრეტული პროექტი დაასახელოს, რომელიც შეჩერდა. თუ ფიქრობენ ისინი, რომ ჩვენ ლაზიკა გავაჩერეთ, ლაზიკა დაწყებული არც იყო. ეს იყო მითიური მონაგონი, რომელიც ნახატების გარდა, არანაირი დოკუმენტაციის სახით არ არსებობდა. ის ტერიტორია საინტერესოა პორტისთვის. თუ პორტის მშენებლობა იქნება, გაგრძელდება პორტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის გამართვა. მანამდე ანაკლიაში ნაპირდაცვით სამუშაოებს, წყალმომარაგების და საგზაო სამუშაოებს ვატარებთ. ვიმეორებ, ყველა პროექტი გრძელდება. გადავხედეთ მხოლოდ რამდენიმე პროექტს, რომელმაც მიმართულება შეიცვალა. პროექტების კორექტირება მოხდა. ჩვენ მართვის განსხვავებული სტილი გვაქვს. განსაკუთრებულ აქცენტს გამჭვირვალობაზე ვაკეთებთ. პროექტების ეფექტიანობასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე", - დასძენს რესპონდენტი.