"ვიცე-პოლკოვნიკი სასტიკად აწამეს და დააინვალიდეს"

ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს, მანამდე კი მას და მის ორ მეგობარს მეგის ქარდავამ და ძმებმა ახალაიებმა წამებით აიძულეს თანამშრომლობა და ხელი მოაწერინეს მათთვის სასურველ ჩვენებაზე. ლონდარიძე სასტიკი ცემა-წამების შემდეგ დაინვალიდდა და ხელჯოხის გარეშე გადაადგილება უჭირს. ის დღეს მეგობრებთან ფსიქორეაბილიტაციის კურსს გადის.

გელა ნიკოლაიშვილი, დავით ლონდარიძის ადვოკატი:
- 2011 წლის 13 სექტემბერს ციხეში წამებით მოკლეს პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, ეს მაღალკვალიფიციური სამხედრო იმხანად უკვე პენსიონერი იყო. სერგო თეთრაძის დაპატიმრებამდე რამდენიმე კვირით ადრე ბელორუსიდან საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა ვინმე ტომაშუკი, რომელიც, თავის დროზე, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მსახურობდა სსრკ-ს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. ესენი იყვნენ - გორელაშვილი, ჩაპლიგინი და ლონდარიძე. ტომაშუკმა დაურეკა დავით ლონდარიძეს, იმხანად თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს, და უთხრა, საქართველო გვინდა დავათვალიეროთ და თუ შემხვდებიო. ლონდარიძემ თავი აარიდა ამ შეხვედრას, რამაც ჯარის მეგობარი გააკვირვა. ლონდარიძემ ჰკითხა, რიცხვი 37 რამეს გეუბნებაო? როცა ტომაშენკო ვერაფერს მიხვდა, ლონდარიძემ აუხსნა, ჩვენთან 1937 წელიაო. სამხედროებს იურიდიულად არ ჰქონდათ სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ურთიერთობის უფლება და თუ ექნებოდათ, მაშინ ამის შესახებ ხელმძღვანელობისთვის უნდა მოეხსენებინათ. ამიტომაც აარიდა თავი ლონდარიძემ ამ შეხვედრას, მაგრამ ვინაიდან ყველას და ყველაფერს უსმენდნენ, ზემოაღნიშნული სატელეფონო საუბრის შემდეგ ლონდარიძე დააპატიმრეს. 16 სექტემბერს, შუაღამისას, იგი დაიბარეს სამხედრო პოლიციაში და შეიყვანეს სამხედრო პოლიციის უფროს მეგის ქარდავას კაბინეტში. მათ ვიცე-პოლკოვნიკი ძირს დააგდეს, დაუწყეს ცემა და აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ იყო რუსეთის ჯაშუში. ლონდარიძეს უხსენეს ტომაშუკის გვარი, უთხრეს, ის და მისი ცოლიც რუსეთის ჯაშუშები არიან, აღიარე ეს და მის დაჭერაში დაგვეხმარეო. ლონდარიძე კარგა ხანს უარყოფდა ყველაფერს, საათობით გაგრძელდა მისი ცემა-წამება და იმ ზომამდე მიიყვანეს, რომ ლონდარიძემ საპირფარეშოში თავის ჩამოხრჩობა სცადა. ხმაურზე მასთან შეცვივდნენ, ნახეს, რომ იგი ქამრით იყო ჩამოკიდებული და ჩამოხსნეს. თუმცა მოგვიანებით კვლავ განაგრძეს მისი ცემა. განსაკუთრებით აქტიურობდა მეგის ქარდავა, უფრო სწორად, ის ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას. როცა ვერაფერი აღიარებინეს, ლონდარიძეს ძალით გახადეს ტანსაცმელი და გაუპატიურება დაუპირეს. როდესაც ლონდარიძე მიხვდა, რომ მათი მუქარა რეალური იყო, უთხრა, რასაც გინდათ, იმას ვიტყვი, ოღონდ თავი დამანებეთო.

- კონკრეტულად რას მოითხოვდნენ მისგან?
- ლონდარიძეს უნდა ეთქვა, როგორ დაამყარა კავშირი ჯერ კიდევ სსრკ-ის პერიოდში რუსეთის სპეცსამსახურებთან, როგორ "დაავერბოვკეს" მათ ჯერ კიდევ 1992 წელს, როდესაც ის გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მსახურობდა. უთქვამთ, რუსული გვარი მოიფიქრე, ვინც გადაგიბირა, ოღონდ, ივანოვი არ თქვაო. ალბათ იმიტომ, გავრცელებული გვარი რომ არის. ერთი სიტყვით, შეთხზეს რაღაც ლეგენდა, ლონდარიძეს ხელი მოაწერინეს, თუმცა სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვინაიდან 1992 წელს აღარც სსრკ არსებობდა და აღარც - გდრ, მაგრამ ჩვენებაში ჩაწერილია, თითქოს ეს კაცი ამ წელს იქ მსახურობდა და საბჭოთა სპეცსამსახურებმა გადაიბირეს. ლონდარიძეს ასევე აიძულებდნენ ეთქვა, რომ გენერალი ნაირაშვილიც რუსეთის აგენტი იყო. ლონდარიძემ მათ განუცხადა, მასთან არ მიმსახურია და როგორ დავამტკიცებო. შემდეგ დაუსახელეს სერგო თეთრაძე. იმავე
პერიოდში დააპატიმრეს გიორგი გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი. მთავარი ის არის, რომ ლონდარიძის წამებისას ოთახში შევარდნილა ბაჩო ახალაია, რომელსაც ლონდარიძისთვის პირში იარაღი ჩაუჩრია და ნაცემ-ნაბეგვს უყვიროდა, აღიარე ჯაშუშობაო. შემდეგ შესულა დათა ახალაია, რომელიც კეთილი პოლიციელის როლს თამაშობდა და ეუბნებოდა, ხომ იცი, რა გიჟია ჩემი ძმა, თქვი, რასაც გეუბნება, თორემ მოგკლავს, შენს გვამს სადღაც ტყეში დააგდებს და ცხოველები შეჭამენო. ასევე აწამეს სერგეი ჩაპლიგინი, რომელიც ასაკოვანი კაცია და დროზე დათანხმდა მათ მოთხოვნებს. დიდი წამების შედეგად აღიარებაზე დაითანხმეს გორელაშვილიც. ლონდარიძე ისე აწამეს, დღეს ის ინვალიდია, ჯოხითაც კი ძლივს დადის. რაც შეეხება გორელაშვილს, იგი აწამეს როგორც სამხედრო პოლიციაში, ისე ციხეშიც. მას მოასმენინეს სერგო თეთრაძის წამების ხმები და ეუბნებოდნენ, შემდეგი შენ იქნებიო. ციხის დირექტორის კაბინეტში გორელაშვილს სცემდნენ მეგის ქარდავა და ალექსანდრე მუხაძე, იგივე - "ქილერა". ამ ადამიანებს ათქმევინეს, თითქოს სერგო თეთრაძე მონაწილეობდა ჯაშუშობაში. რაც შეეხება სერგო თეთრაძეს, მოგეხსენებათ, იგი წამებისას შემოაკვდათ. ყველა მათგანს საპროცესო შეთანხმებით 6-7 წელი შეუფარდეს და შემდეგ მათ საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაადეს, თუმცა მათ ისეთი ჩვენებები აქვთ მიცემული, საიდუმლო არაფერია.