სააკაშვილი პრემიერს დაემუქრა, “სახალხო პარტიას” მოგიქსევო...

სააკაშვილი პრემიერს დაემუქრა, “სახალხო პარტიას” მოგიქსევო...

მას შემდეგ, რაც პრემიერისა და პრეზიდენტის პირისპირ საუბარი უშედეგოდ დასრულდა, უფრო სწორად, კიდევ უფრო გამძაფრდა, პოლიტიკურმა ტურბულენციამ მნიშვნელოვნად იმატა. საქართველოში და, საერთოდ, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე, გამოცემა “ფორეიგნ პოლისი”  სტატიას _ “პოლიტიკური რყევები საქართველოში” აქვეყნებს. სტატიის ავტორი კავკასიის სამ რეგიონში _ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება. “როგორ განაახლებთ სახლს, როცა ხალხი საძირკველს არყევს?” _ ამ შეკითხვით იწყება თომას დე ვაალის სტატია, რომელიც წერს, რომ ეს შეკითხვა დგას როგორც ვლადიმერ პუტინის რუსეთის, ისე, სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის _ სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს წინაშე. თითოეულ მათგანში, მმართველი რეჟიმი უპირისპირდებოდა, ან უპირისპირდება საზოგადოებრივი პროტესტის განახლებულ ფორმებს...
შიდა პოლიტიკური ურთიერთობები საქართველოში ვერ დალაგდა, ვერ დალაგდა საგარეოც; ვერა და ვერ გაირკვა და, საბოლოოდ, ვერ დაზუსტდა ქვეყნის სტრატეგიული პოლიტიკური ვექტორი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს სხვადასხვაგვარად კითხულობს და აანალიზებს მმართველი პარტია და ოპოზიცია. გარდა ამისა, ევროპარლამენტიდან ოფიციალური წერილი მოვიდა საქართველოს პარლამენტში, 23 გაბრაზებული დეპუტატი “სახალხო პარტიიდან” ხელს აწერს წერილს, რომელშიც “ღრმა შეშფოთებით” ითხოვენ, ბრბოს ნუ უსევთ პროევროპულ ძალებსო. ეს ის “სახალხო პარტიაა”, რომლითაც პრეზიდენტი პრემიერს დაემუქრა, მოგიქსევო.

არც საზოგადოებაშია სიმშვიდე: სასწრაფო სამდიცინო დახმარების ექიმები გაიფიცნენ, ბენდუქიძის აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია მოუხსნეს და 4 000 სტუდენტი პერმანენტული აქციების მოწყობას აპირებს. ყველაფერი ეს წინა ორშაბათიდან დაიწყო, მაგრამ...
წინა კვირის ყველაზე სკანდალური განცხადება მაინც მოსკოვიდან ახლახან ჩამოსულმა უშიშროების ექსმინისტრმა, ვალერი ხაბურძანიამ გააკეთა: “ოკუპაციის მაგივრად, უკეთესი იქნება, ვთქვათ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატიზმი. კრემლს აღიზიანებს, როდესაც საქართველოში ოკუპანტებს ეძახიან. ამ სიტყვას უნდა მოვერიდოთ. აგრეთვე, მხარი უნდა დავუჭიროთ რუსეთს, რათა კავკასიაში სრული კონტროლი განახორციელოს”. ბატონმა ხაბურძანიამ ისიც განაცხადა, რომ პრორუსული პარტიის დაფუძნებას აპირებს და სავარაუდო მხარდამჭერებად კუკავასა და ბურჯანაძეს მოიაზრებს. კუკავამ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ არ იზიარებს ხაბურძანიას პოლიტიკურ ორიენტირს. რაც შეეხება ბურჯანაძეს, ჯერჯერობით არ გამოხმაურებია უშიშროების ექსმინისტრს.
აშკარა საჯარო განცხადება რუსული ორიენტაციის თაობაზე მაშინ კეთდება, როდესაც საქართველოს პარლამენტმა, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, რეზოლუცია მიიღო.

ვანო მაჭავარიანი, პოლიტექსპერტი, ყოფილი ელჩი იაპონიაში: “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის ახალი მთავრობის პროდასავლურ კურსსა და პრიორიტეტებს. რეზოლუციაში აქცენტი გაკეთებულია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოებასა და იმ ფასეულობებზე, რომელიც ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს რეზოლუცია კარგი საფუძველია იმისთვის, რომ ახალმა მთავრობამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები; სამთავრობო დონეზე ჩამოყალიბდეს სახელმწიფოებრივი ხედვა, სამუშაო დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებში შემავალ სამინისტროებს კონკრეტულად განუსაზღვრავს მოქმედების არეალს. ეს საკითხებია _ ქვეყნის უსაფრთხოება, დემოკრატიული ინსტიტუტები, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარება და ეკონომიკური განვითარება. კარგია, რომ საგარეო კურსთან დაკავშირებით, პრემიერისა და პრეზიდენტის ერთობლივი წერილის ინიციატორი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ერთობლივად განაცხადონ საქართველოს საგარეო კურსის თაობაზე”.
როგორც ჩანს, ჯერჯერობით, პრემიერი და პრეზიდენტი ერთობლივ განცხადებას ქვეყნის სტრატეგიულ პოლიტიკურ ორიენტაციაზე არ აკეთებენ და, სავარაუდოდ, არც გააკეთებენ და ეს ნათლად გამოჩნდა “იმედისთვის” მიცემულ პრემიერის ინტერვიუში. ამ ინტერვიუში ივანიშვილმა ხმამაღლა განაცხადა ის, რაც პრეზიდენტს პირისპირ შეხვედრის დროს უთხრა: “ნუ ზრდით აგრესიას ხალხში, დაანებეთ თავი რიტორიკას”, რაზეც პრეზიდენტს უპასუხია: “შენ ნუ გეშინია, უგულავამ და მერაბიშვილმა მითხრეს, სიამოვნებით დავჯდებითო”. ამის პასუხად პრემიერმა განაცხადა: “ამ კაცს (პრეზიდენტს) სურვილი აქვს, მისი გუნდის რაც შეიძლება მეტი წევრი შეეწიროს მას, რათა აჩვენოს, რომ ჩვენ ბოროტები ვართ”.

უფრთხილდით მას...
რაც შეეხება უსტარს ევროპარლამენტიდან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საკადრისი პასუხი გასცა “ღრმა შეშფოთებულ” 23 დეპუტატს:თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვა პრეზიდენტისადმი არ წაგიკითხავთ და ისე გააკეთეთ თქვენი განცხადება, ეს ცალკე პრობლემაა. მაგრამ თუ გაეცანით მას, მაშინ სად ნახეთ მუქარა და ბრბოს მისევა პროევროპული ძალებისადმი? კონსტიტუციიდან დემოკრატიის უპრეცედენტო ნორმის (პრეზიდენტის უფლება პარლამენტის თანხმობის გარეშე შექმნას ახალი მთავრობა) ამოღებისაკენ მოწოდება მუქარაა თუ კოსტიტუციის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების მცდელობა? ბატონი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ხომ არ არის ავტორი საზოგადოების შეურაცხმყოფელი და გამთიშველი გამონათქვამებისა, როგორიცაა “მუმიები”, “ჩასარეცხები”, “კრემლის აგენტები”, “გასანადგურებელი კლასი”, “სახელმწიფოს მტრები” და სხვა? მიხეილ სააკაშვილმა უკვე მოახერხა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ბევრის დაშანტაჟება და მათი პოლიტიკური მომავლის საკუთარ საეჭვო პოლიტიკურ მომავალთან სრულად დაკავშირება. უფრთხილდით მას, ნუ დარჩებით სტერეოტიპების ტყვეობაში, დარჩით ევროპელები”.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თაობაზე “საერთო სასამართლოების შესახებ” კი, როგორც ჩანს, მმართველი პარტია და ოპოზიცია, საერთო ენას ვერ გამონახავენ.

თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი:  _ “დასკვნა, რომელიც მივიღე, ადასტურებს, რომ ვენეციის კომისია იუსტიციის სამინისტროს ავტორობით შექმნილ სასამართლო რეფორმას მწვანე შუქს უნთებს. ვენეციის კომისია რეფორმებს აფასებს, როგორც პროგრესს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის გზაზე. ამასთან, როგორც ევროპულ სტანდარტებთან მართლმსაჯულების დაახლოებას, კომისია ეთანხმება იმასაც, რომ პრეზიდენტს აღარ ჰყავდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრი. დადებითად არის შეფასებული ისიც, რომ უმაღლესი საბჭოს წევრებს აღარ წარმოადგენდნენ დეპუტატები. რაც შეეხება დანარჩენ 8 წევრ მოსამართლეს, ამ შემთხვევაში ვენეციის კომისია ამბობს შემდეგს _ ის ეთანხმება იმ პრობლემას, რაც არის წამოჭრილი თავმჯდომარე-მოსამართლეების ამ საბჭოში ყოფნის გამო, რადგან არ შეიძლება მხოლოდ მოსამართლეთა ე.წ. ელიტა იჯდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და კომისია ამბობს, რომ მას ეს პრობლემა ესმის. გადაჭრის გზა არის ერთადერთი და ესაა საბჭოს ის მოსამართლე წევრები, რომლებიც დღევანდელ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არიან არჩეული მოსამართლეთა კონფერენციის მიერ და ასეთი, როგორც ვიცი, არის მხოლოდ ორი. თუ მათ სურთ, შეუძლიათ დარჩნენ თანამდებობაზე, ოღონდ ჯერ უნდა გადადგნენ სასამართლოს თავმჯდომარეობიდან. “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ ვეტოს გადავლახავთ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელახლა იქნება არჩეული”.

დავით დარჩიაშვილი, უმცირესობის წევრი: _ “გამოიყენებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონთან დაკავშირებით ვეტოს უფლებას, ეს კანონპროექტში ცვლილებებზეა დამოკიდებული. თუ კანონპროექტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ადეკვატური ცვლილებები განხორციელდება, მაშინ შესაძლოა, პრეზიდენტმა ვეტოს უფლების გამოყენებაზე 2012 წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირებული პოზიცია შეცვალოს”.
საქართველოს პრეზიდენტმა “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონზე ვეტოს დადების თემაზე განცხადება, ჯერ კიდევ, 2012 წლის 20 დეკემბერს გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა: “იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი იმ ფორმით დამტკიცდება, რა ფორმითაც ახლა არსებობს (იგულისხმება წულუკიანის ხელმძღვანელობით შექმნილი), ვეტოს გამოვიყენებ”.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ, როდესაც პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ” კანონი მიიღო, პრეზიდენტმა ვეტო დაადო, მაგრამ პარლამენტმა ეს ვეტო გადალახა.
რაც შეეხება მოქმედ კოსტიტუციას, რომელიც დამოკლეს მახვილივითაა პრეზიდენტის ხელში, მმართველ პარტიას, პრაქტიკულად გადაულახავ პრობლემას უქმნის და უფრო მეტიც, თუ პრეზიდენტმა კონსტიტუციური უფლებები სრულად გამოიყენა, მაშინ, უკეთეს შემთხვევაში, მოქმედი პარლამენტის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგება, უარეს შემთხვევაში, კი...

თინა ხიდაშელი: _ “პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო პროექტის თანახმად, კონსტიტუციიდან ის ორი მუხლი ამოდის, რომელიც პრეზიდენტს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის განმავლობაში და საკუთარი უფლების ამოწურვამდე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, დათხოვნას უკრძალავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წარმოდგენილი პროექტით, პრეზიდენტს უფლება ეძლევა, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს, მათ შორის, პარლამენტის არჩევნების ჩატარებამდე ექვსი თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. აღნიშნულ ინიციატივას არასამთავრობო სექტორი იმთავითვე კრიტიკით მიუდგა. მისი აზრით, საჭიროა, პარლამენტს კონსტიტუციური დაცვის გარანტიები შეუნარჩუნდეს. გარდა ამისა, მოქმედი საკონსტიტუციო ნორმის თანახმად, თუ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ზედიზედ სამჯერ პარლამენტის ნდობას ვერ მიიღებს, პრეზიდენტი ხუთი დღის ვადაში პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას წამოაყენებს ან პარლამენტის თანხმობის გარეშე პრემიერ-მინისტრს ნიშნავს. ხოლო პრემიერ-მინისტრი, ასევე ხუთი დღის ვადაში, პრეზიდენტის თანხმობით მინისტრებს დანიშნავს. ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს”.
მოკლედ, პრეზიდენტს პარლამენტის დაშლის კონსტიტუციური უფლება ჯოკერივით აქვს და საჭირო დროს “დააძრობს”. ეს “საჭირო დრო” კი, უკვე დააანონსა “ნაცპარტიამ” _ 19 აპრილი.
ახლახან შეიქმნა “საზოგადოებრივი მოძრაობა 19 აპრილი” და განცხადებაც გააკეთა: “2012 წლის ოქტომბერში მოსული საქართველოს მთავრობა ადასტურებს, რომ საგარეო პოლიტიკის ვექტორი არ შეიცვლება, თუმცა ჩვენმა უახლესმა ისტორიამ გვაჩვენა, რომ არც ერთი მთავრობის და პოლიტიკოსის ნათქვამი არაა ბოლომდე სანდო. გვჯერა, რომ საზოგადოება ხელისუფლებას უნდა დაეხმაროს, რათა ის აერიდოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საბედისწერო შეცდომებს. გვაშფოთებს პრემიერ-მინისტრის რიტორიკა, რომლის მიხედვითაც, საქართველო დიდი პოლიტიკური ძალების საკამათო თემების ნუსხიდან უნდა ამოვარდეს და არ უნდა ეცადოს, მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს. ეს ანონსად გვეჩვენება. თუ გვჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა რუსეთთან ურთიერთობის მოსაგვარებლად, საქართველომ, დიახაც, უნდა მიმართოს მსოფლიო ძალებს დაცვისთვის და საქართველოს საკითხი, დიახაც, უნდა დარჩეს რუსეთისა და დასავლეთის კამათის საგნად. ის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს ამბიცია, გავლენიანი იყოს თავის სამეზობლოში მაინც, ვერც მდიდარი გახდება და ვერც გადარჩება. ვერც ის ერი შეინარჩუნებს თავისუფლებას, რომელიც ღირსების დათმობას დიპლომატიურ ხრიკს უწოდებს. სწორედ ამიტომ და ამ მოთხოვნით ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ, შევუერთდეთ 19 აპრილის მიტინგს”.

რამდენიმე მოსაზრება
პირველი: თუ ქვეყანა დასავლურ ღირებულებებს აღიარებს და სწორედ ეს არის ქვეყნის სტრატეგიული პოლიტიკის ვექტორი, მაშინ რატომაც არა?! _ ჩაიწეროს ეს პუნქტი ახალ კონსტიტუციაში, შედეგად მივიღებთ, რომ კოალიცია “ქართულ ოცნებას” ერთი მესამედით გაეზრდება მხარდამჭერები. პრეზიდენტი და მისი გუნდი კი, ვეღარ იაქტიურებს და არც სალაპარაკო ექნება რამე დასავლეთში. ერთი სიტყვით, პრობლემა, რომელიც 1 ოქტომბრიდან დღემდე გადაუჭრელია, გადაიჭრება და, საერთოდაც, აღარ იარსებებს.
მეორე _ ბენდუქიძის აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია მოუხსნეს და აბსოლუტურად ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ უნივერსიტეტში სწავლების ხარისხიც მაღალი იყო და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობაც. ვის აწყობს 4 000 სტუდენტის პერმანენტული აქციები, რომელთაც სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც უჭერენ მხარს?
მესამე _ სწორედ ამ რთულ დროს, როდესაც ახალი კონსტიტუციის საკითხი წყდება, რატომ აცხადებს საჯაროდ უშიშროების ექსმინისტრი ვალერი ხაბურძანია, რუსეთს უნდა დავუჭიროთ მხარი, რათა კავკასიაში სრული კონტროლი განახორციელოს?
და ბოლოს, თუ მმართველ პარტიას ჰყავს პროფესიონალი პოლიტტექნოლოგები და ექსპერტები, ხომ უნდა გაითვალისწინონ საზოგადოების ის სეგმენტი, რომელსაც ჯერ თავისი არჩევანი არ გაუკეთებია? მხოლოდ ენერგომატარებლებზე ფასის 10 თეთრით დაკლება, შედეგი არ არის.