“ბიძინა ივანიშვილის კუბლაშვილთან ვიზიტი შეცდომა იყო, რადგან ეს მოვლენა ისე გაშუქდა, თითქოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე სასამართლო სისტემის დიდი რეფორმატორია,” _ აცხადებს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას კოალიცია “ქართული ოცნების” ყველაზე “კინტექსტიდან ამოვარდნილი” დეპუტატი კობა დავითაშვილი. ამასთან, ანგარიშგასაწევ დოკუმენტად არც ვენეციის კომისიის დასკვნას მიიჩნევს და ამბობს, რომ ვენეციის კომისია საკონსულტაციო ორგანოა და მას მხოლოდ მაშინ უნდა მივმართოთ, თუ რაღაცას თავს ვერ მოვაბამთ. “არ მაინტერესებს ვენეციიდან დანახული საქართველო, მე აქედან დანახულ საქართველოს ვხედავ და ჩემზე კარგად არავინ იცის, თუ რა ჭირდება ქვეყანას”, _ აცხადებს დეპუტატი.
_ ბატონო კობა, ამასწინათ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უმცირესობას”, ანუ “ნაცმოძრაობას” ასე მიმართეთ, თქვენ ყველანი ბაჩო ახალაიები ხართო. რატომ თვლით, რომ ყველა, ვინც ოპოზიციაშია, ბაჩო ახალაიაა?
_ ასე იმიტომ ვუთხარი, რომ მკერდზე თვითონ დაიწერეს, დღეს მე ბაჩო ახალაია ვარო. ბაჩო ახალაია “ნაცმოძრაობის” პროდუქტია. ისინი ერთად მოქმედებდნენ და ყველა იმ გაუპატიურების, მკვლელობის, წამების და საერთოდ, იმ ძალადობის თანამონაწილეები არიან, რასაც ბაჩო ახალაია ჩადიოდა. ამიტომ, ისინიც ისეთივე სასჯელს იმსახურებენ, როგორსაც _ ბაჩო ახალაია.
_ ეს გასაგებია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ “ნაციონალები” პიარს დახელოვნებულნი არიან და ახალაია თანამედროვე ცოტნე დადიანადაც კი შერაცხეს. ამ პიარს კოლიცია ხშირად ვერაფერს უპირისპირებს...
_ არ მგონია, რომ ბაჩო ახალიას თანაგრძნობა და მაისურების ჩაცმა კარგი პიარი იყოს. მათი საქციელი საზოგადოებას აღიზიანებს და ეს სულელური და ცუდი პიარია. ისინი, როგორც პიარექსპერტები, დაჩლუნგდნენ. საზოგადოებაში მხარდამჭერები არ ჰყავთ. ადრე ხალხს აშინებდნენ და მხარდაჭერას ამით აღწევდნენ. დღეს კი, შიშის საფუძველი აღარ არსებობს და ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, მათ მხარს არავინ დაუჭრს.
_ “დაჩლუნგებულ” პიარსაც ვერაფერს უპირისპირებთ...
_ ამ საკითხთან დაკავშირებით საზგადოების გაღიზიანება სამართლიანია, რასაც ვუერთდები და ვამბობ, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების განხორციელებისთვის გადამჭრელი მოქმედებებია საჭირო, რადგან ჯალათებმა, მკვლელებმა და ადამიანის უფლებების შემლახველებმა თავისუფლად აღარ ისეირნონ და ისეთ პირებს, როგორიც მაგალითად შაშკინია, არ გაუჩნდეთ სურვილი, რომ საქართველოში ჩამობრძანდნენ. ამიტომ, აუცილებელია სასამართლო რეფორმის დაუყოვნებლივ განხორციელება. დასავლეთში მათ მფარველებს, რომლებმაც თავიანთი ბედი სააკაშვილსა და მის რეჟიმს დაუკავშირეს, ზედმეტ ანგარიშს ვუწევთ. არადა, ამ მფარველებს სააკაშვილი კი არა, საკუთარი თავი ადარდებთ, რადგან თუკი ცნობილი გახდა, რომ ასეთ რეჟიმს მფარველობდნენ, პასუხს საკუთარ ქვეყანებში მოსთხოვენ. ჩვენ თავდაცვითი ტაქტიკა არ უნდა გვქონდეს და თავს არ უნდა ვიმართლებდეთ. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობენ იმ ხალხის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, ვინც სააკაშვილს მფარველობდა. მათზე უნდა გავიდეთ და მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რას აკეთებდა სააკაშვილი და მისი მფარველები ტაშს რაზე უკრავდნენ. გაღმა რომ შევედაოთ, მგონი გამოღმა უფრო შეგვრჩება, თორემ თავზე ხელის გადასმითა და ლოიალობით მათ მხოლოდ გავათავხედებთ.
_ დავით უსუფაშვილის თქმით, დღის წესრიგში შეიძლება, ყოფილი ჩინოვნიკების ამინისტირების საკითხი დადგესო, რაც ხალხს არ უნდა...
_ ამ შემთხვევაშიც, ხალხს ვეთანხმები. არსებობს ფინანსური ამინისტია, როცა უკანონო შემოსავლის ლეგალიზება ხდება და ამის პრეცენდენტი ჩვენთანაც იყო, ანუ აღიარებ, რომ უკანონო შემოსავალი გაქვს და გპატიობენ. ასევე უნდა მოვიქცეთ სისხლის სამართლის შემთხვევაშიც _ თავიანთი დანაშაულის შესახებ უნდა განაცხადონ და მერე ვაპატიოთ, ოღონდ სახელმწიფო სამსახურში მუშაობა უნდა ავუკრძალოთ. მის წინააღმდეგ კი, ვინც არ აღიარებს, სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს და დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი. არც იმ აზრს ვიზიარებ, რომ სისხლის სამართლის დევნა მხოლოდ ქვედა და საშუალო რგოლებს უნდა შეეხოს. ის კოორდინატორი, რომელიც თავის უბანზე ინფორმაციას აგროვებდა და შემდეგ, ზემოთ აწვდიდა, თუ ვინ იყო ოპოზიციონერი, დანაშაულის ისეთივე თანამონაწილეა, როგორც _ მიხეილ სააკაშვილი. მათაც მოუწევთ დანაშაულის აღიარება და გაცნობიერება, რომ ცუდად იქცეოდნენ. კონფორმიზმი უნდა დაისაჯოს _ ყველაფრის შეგუება და ყველგან შეძრომის უნარი უნდა დავივიწყოთ!
არც ის მომწონს, სამსახურებიდან მასობრივი გათავისუფლება რომ ხდება და ყველა იმიტომ უნდა დაისაჯოს, რომ “ნაცმოძრაობის” წევრი იყო. ისიც კატეგორიულად მიუღებელია, რომ ისინი, რომლებიც სისტემის შემოქმედნი იყვნენ, დღეს ისევ ადგილებზე სხედან, უამრავი პროფესონალი კი, უმუშევარია. გამოცხადდეს კონკურსი და ასე დასაქმდნენ ადამიანები, მათ შორის, ძველებსაც მიეცეთ სამსახურში დარჩენის შანსი.
ვიმეორებ: ეს ლოიალობა ჯალათებს მხოლოდ ახალისებთ _ ისინი გულიანად ხარხარებენ და საზოგადოება, რომელიც “ქართულ ოცნებას” მხარს უჭერდა, ძალიან უკმაყოფილოა. სხვათა შორის, მეც უკმაყოფილო ვარ, თან _ ძალიან.
_ კოალიციაში ეს საკითხები დაგიყენებიათ?
_ დიახ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ეს საკითხები დავსვი და მომავალშიც არაერთხელ დავსვამ, თუ რა თქმა უნდა, კიდევ მიმიწვევენ.
_ ბატონო კობა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ასეთი რადიკალიზმის გამო, “კონტექსტიდან ამოვარდნილი” ხართ.
_ მოყვარეს პირში უნდა უძრახო, მტერს კი, პირს უკანო. საზოგადოებაში პოლიტიკოსის გავლენა იმით კი არ განისაზღვრება, რომელი მაღალი პოსტი უკავია, ან პარლამენტში რამდენკაციანი ფრაქცია ჰყავს, არამედ იმით, თუ რამდენად ზუსტად და დროულად გამოხატავს ხალხის ნებას. პოლიტიკა მე ასე მესმის.
_ ამის გამო ხშირად მარტო რჩებით... კოალიციიდან თქვენი წამოსვლის საკითხი ხომ არ დადგება?
_ ამ შემთხვევაში, მარტო არ დავრჩენილვარ, რადგან თანამებრძოლებმა მხარი დამიჭირეს და სანამ ასე იქნება, არაფერს ვგეგმავ.
_ რა ამის პასუხია და, ვენეციის კომისიის დასკვნაზე რას ფიქრობთ?
_ ამაზე აზრი საერთოდ არ მაქვს და არ მაინტერესებს, თუ რას გვეტყვის ვენეციის კომისია. მართალია, ამ შემთხვევაში დასკვნა დადებითია, მაგრამ ვენეციიდან დანახული საქართველო არ მაინტერესებს. საქართველოს მე საქართველოდან ვუყურებ. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ვენეციის კომისია ჩვენი უფროსი არაა. ის საკონსულტაციო ორგანოა და როცა ვერ გავიგებთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ, შეიძლება მაშინ დაგვეხმაროს. ამ შემთხვევაში კი, ვიცით თუ რა არის სასწრაფოდ გასაკეთებელი...
_ მაინც, რა არის სასწრაფოდ გასაკეთებელი?
_ ვენეციის კომისიის დასკვნის გამო, პარლამენტიდან საერთო სასამართლოების შესახებ კანონის გამოთხოვა შეცდომა იყო და სწორედ ამ შეცდომის შედეგს ვიმკით, როცა ბატონი უგულავა, “პადელნიკი” მოსამართლისგან მხარზე ხელდარტყმული გარეთ დაბრძანდება, ბატონი შაშკინი კი, ბედავს მორალი წაგვიკითხოს.
_ აზრი არც იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესზე გაქვთ?
_ იუსტიციის საბჭო და საერთოდ, სასამართლოები ისე უნდა დაკომპლექტდეს, რომ მოსამართლეები დამოუკიდებლები იყვნენ. სააკაშვილის თანამზრახველი და ჯალათი მოსამართლეები ადგილებზე არ უნდა დარჩნენ, მათ თავზე ხელი არ უნდა გადავუსვათ და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე არ უნდა ველაპარაკოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მგლის თავზე სახარება წავიკითხოთ.
ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრის კუბლაშვილთან შეხვედრა შეცდომა იყო იმიტომ, რომ ყველაფერი ისე გაშუქდა, თუ როგორ ვცემთ პატივს დამოუკიდებელ სასამართლოს. არადა, კუბლაშვილი დამოუკიდებელი არაა. ის სააკაშვილის “ჯიბის მოსამართლეა” _ პირადი ვალდებულებები აქვს სააკაშვილთან და ამიტომ მისი ყურმოჭრილი მონაა. სააკაშვილს ასეთი მონები ბევრი ჰყავს... არ ვამბობ, რომ ეს მოსამართლეები უნდა გავყაროთ და ისინი მოვიყვანოთ, ვინც იმას გააკეთებს, რასაც ჩვენ ვეტყვით. ჩვენ არ გვჭირდება “ქართული ოცნების” სასამართლო! სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოა _ დაე, ხალხმა განსაჯოს თანამდებობის პირები და გამოიტანოს განაჩენი. პარლამენტიდან ამ კანონპრეექტის გაწვევა მთავრობის პოლიტიკური შეცდომაა!
_ ამ შეცდომის საფუძველი გამოუცდელობაა თუ ვინმესთვის ანგარიშის გაწევა?
_ არის ორგანიზაციული პრობლემები და არის _ გამოუცდელობაც, მაგრამ ამ გამოუცდელ “ქართულ ოცნებას” გამოცდილ “ნაცმოძრაობაში” არ გავცვლი იმიტომ, რომ “ნაციონალები” გამოცდილნი არიან ნაძირლობაში. “ოცნების” ხალხი გამოცდილი არაა, მაგრამ წესიერია _ შეიძლება, შეცდომები დაუშვას, მაგრამ მისი გამოსწორების უნარიც შესწევს.
_ ისე, “ქართულ ოცნებაში” ბევრი გამოცდილი პოლიტიკოსია...
_ დიახ და ამ გამოცდილებმა გამოუცდელებს უნდა ასწავლონ.