რა თანხა დაჯდა მშენებლობა პრეზიდენტის რეზიდენციისა, რომელშიც სააკაშვილი ერთხელაც არ ყოფილა

რა თანხა დაჯდა მშენებლობა პრეზიდენტის რეზიდენციისა, რომელშიც სააკაშვილი ერთხელაც არ ყოფილა

თბილისის, ზუგდიდისა და ბობოყვათის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სვანეთშიც აიშენა რეზიდენცია, რომელიც მესტიაში საუკეთესო ადგილას მდებარეობს - ერთი მხრიდან ისტორიულ კოშკებს გადაჰყურებს, მეორე მხრიდან კი ჰაწვალს, სადაც ახალი სათხილამურო ტრასა უნდა აშენებულიყო...
27 თებერვალს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: "წელს სვანეთში მთლიანად ჩავარდა ტურისტული სეზონი და რატომ ჩავარდა, იცით? იქ ერთი მინისტრი არ ასულა. კარგით, მესმის, რომ პრემიერ-მინისტრი თხილამურებით არ სრიალებს, ჩემგან განსხვავებით. საუბრები ჰქონდათ, სააკაშვილმა აიშენა მესტიაში რეზიდენციაო. უხ, მაგ გარეწარმა თავისთვის აიშენაო. მე პირადი რეზიდენცია კი არ ავიშენე, არამედ აშენდა სახელმწიფო რეზიდენცია, გასაჩერებელი ადგილი. მე შარშან მესტიაში ავიყვანე 5-ჯერ მეტი ტურისტი, ვიდრე 2013 წელს ავიდა. ჩვენ მესტია ავაშენეთ და იქ ვიყავი იმიტომ, რომ თავზე დავდგომოდი და გასაჩერებელი ადგილი გვქონოდა. ახლა წაიღეს ჩემი რეზიდენცია, თუმც თვითონაც აღარ დადიან"...
გვესაუბრება სამშენებლო კომპანია "არ დი აის" დირექტორი გურამ კვირიკაშვილი, რომელიც სვანეთში პრეზიდენტის რეზიდენციის აშენების შემდეგ იძულებული შეიქნა ყველაფერი მიეტოვებინა და საქართველოდან წასულიყო.

- ჩემი კომპანია "არ დი აი" 2000 წლიდან არსებობს და არაერთი პროექტი განვახორციელეთ ქვეყნის მასშტაბით. 2011 წელს ჩავერთეთ მესტიაში პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობაში. ეს იყო ჩავარდნილი პროექტი - მუშებისთვისაც კი არ ჰქონდათ გაცემული ხელფასი... დაგვიკავშირდა "სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური" და დაგვიბარეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ზაზა ფოდიაშვილთან და სულხან პაპაშვილთან. შეხვედრას ესწრებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილიც. რეზიდენციის აშენება ჩემს კომპანიას დაევალა. მოთხოვნა იყო ასეთი, პროექტი სამ თვეში უნდა დაგვესრულებინა. ჩამოვიყვანეთ ავსტრიელი სპეციალისტები და შევუდექით მუშაობას. ამის შემდეგ ადმინისტრაციამ მოითხოვა, რომ მშენებლობაში ჩემს კომპანიას საკუთარი ფული ჩაედო, გვეუბნებოდნენ, ეს ასე უნდა გააკეთოთ, ადეიშვილმა იცის და ამ თანხას მალე აგინაზღაურებთო.

- რა თანხაზე იყო ლაპარაკი?
- მხოლოდ ჩემმა კომპანიამ ამ საქმეში 400 ათასი ლარი გადაიხადა, იმ პირობით, რომ ამ თანხას უკან დაგვიბრუნებდნენ, მაგრამ მხოლოდ თანხის ნაწილი დააბრუნეს. ავსტრიელი სპეციალისტი გაგიჟებული იყო, ვერ ხვდებოდა, მშენებლობასთან იუსტიციის მინისტრს რა საქმე ჰქონდა. ჩვენ პირობა შევასრულეთ და რეზიდენცია 2011 წლის ოქტომბერში დავასრულეთ, მაგრამ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და სააკაშვილისთვის რეზიდენციის ჩაბარება ვეღარ მოხერხდა. სააკაშვილი რომ ამბობს, რეზიდენცია წამართვესო, საინტერესოა, ვინ წაართვა მას ეს ქონება, როცა არც მიუღია ექსპლუატაციაში?! კანონის მიხედვით, ვიდრე შენობა ექსპლუატაციაში არ შევა, მშენებლის საკუთრებაა. სააკაშვილმა თვითონ გააუქმა ეს რეზიდენცია.
აღსანიშნავია, რომ ამ მშენებლობის დეტალები თანხმდებოდა ზურაბ ადეიშვილთან. მშენებლობაზე ხშირად მოდიოდნენ ვერა ქობალია, პოლიციისა და კუდის მაღალჩინოსნები, აკვირდებოდნენ პროცესს, მშენებარე რეზიდენციას უღებდნენ ფოტოებს... მე ვითხოვ ჩემს კუთვნილ თანხას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ "სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური", რომელიც ჩემი დამკვეთი იყო, აღარ არსებობს, გაუქმდა. ამ სამსახურის უფროსი, ზაზა ფოდიაშვილი, სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას კარის მეზობელია. უკვე მივმართეთ შესაბამის ორგანოებს და მისი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება. ცოტა ხნის წინ მივწერეთ ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც დეტალურად შეამოწმა რეზიდენცია, შეიქმნა შპს და, ალბათ, ცოტა ხანში აიყვანენ შენობას სახელმწიფოს ბალანსზე. ამ რეზიდენციის აშენება 3 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა და სააკაშვილი იქ ერთხელაც არ ყოფილა.

- 2011 წელს ქვეყანა რა მიზეზით დატოვეთ?
- ჩემს კომპანიას ფინანსური პოლიცია ავიწროებდა. როგორც ჩანს, არ მოსწონდათ, აქტიურად რომ ვმუშაობდით. ბოლოს კომპლექსურად დაგვარტყეს და კომპანიას დიდი ფინანსური ზარალი მიადგა. ვიდრე რეზიდენციის აშენებას დამიკვეთდნენ, თბილისში დაბადებულ იმერელ კაცს ყვარელში სპორტის სასახლე უსასყიდლოდ ამაშენებინეს, ბავშვობის ნატვრა ამიხდინეს (ეღიმება). 5 თვეს ჰქონდა ფინანსურ პოლიციას კომპანია "არ დი აის" საბუთები და დარღვევა რომ ვერ იპოვეს, დააკავეს ჩემი სამი თანამშრომელი - გია ცერცვაძე, ვანო ქოჩლაშვილი და თამაზ წიკლაური. მივხვდი, რისთვისაც დააკავეს ბიჭები, მოვითხოვე, მეც დამაპატიმრეთ-მეთქი და მაშინვე ვაჭრობა დამიწყეს. ადეიშვილის მოადგილემ, პროკურორმა ზაზა ქაჩიბაიამ დამიბარა იუსტიციის სამინისტროში და მითხრა, ამ ბიჭების თავისუფლების სანაცვლოდ 3 მილიონი ლარი გადაგვიხადეო. საიდან უნდა გადამეხადა ამდენი თანხა? შევთანხმდით, რომ ბიჭების თავისუფლების სანაცვლოდ ყვარელში სპორტის სასახლეს ავაშენებდი. სპორტის სასახლის პროექტს პირადად ადეიშვილი აკონტროლებდა და ყველა დეტალი მასთან თანხმდებოდა. მანამდე ყვარელში ნამყოფიც არ ვიყავი და ადეიშვილის სამეფოში სპორტის სასახლე ამაშენებინეს. ახლახან დავბრუნდი საქართველოში, ვამზადებ საქმის მასალებს იურისტებთან ერთად და პროკურატურაში შევიტან სარჩელს...