"საქართველოში მოსალოდნელია სახელმწიფო გადატრიალება"

პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას აზრით, საქართველოში არსებობს სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე: "ნაციონალური მოძრაობა" საშიშ, გასამხედროებული ტიპის პოლიტიკურ ძალად იქცა. მე იუმორით ვერ შევხედავდი დაანონსებულ 19 აპრილს - ძნელი სათქმელია, რით დამთავრდება ეს ყველაფერი, თუ ნაცები გაბედავენ გადატრიალების მოწყობას, იმედია, მათი მცდელობა ფიასკოთი, გე-კა-ჩე-პეს მოდელით დასრულდება და არ წავა სანდინისტების (რომლებიც ნიკარაგუის ხელისუფლებაში დაბრუნდნენ) მიმართულებით", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი:

- სახელმწიფო გადატრიალება, კლასიკური გაგებით, მოიცავს ოთხ ძირითად მეთოდს: 1. რევოლუცია (დავარქვათ პოლიტიკური გადატრიალება, ანუ ისეთი ქმედება, როდესაც ხდება ხალხის მასების არაკოორდინირებული გამოსვლა სოციალურ-პოლიტიკური სტრუქტურების შეცვლის მიზნით, იგივე - ხავერდოვანი რევოლუციები). 2. სამოქალაქო ომი - ეროვნულ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით. 3. პრონუნსიმიენტო - სამხედრო-პოლიტიკური გადატრიალების ლათინო-ამერიკული მოდელი, რომელსაც ხშირად იყენებდნენ აფრიკაში 4. აჯანყება, ანუ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომი, რომელსაც აქვს ეთნიკურად და პოლიტიკურად გამოკვეთილი კონკრეტული ფორმა.

საქართველოში მოსალოდნელია სახელმწიფო გადატრიალება, გამომდინარე იქიდან, რომ, ჯერ ერთი, არსებობს ორხელისუფლებიანობა, რაც უკვე თავისთავად ქმნის კონფლიქტის წარმოქმნის ელემენტს. დღეს ლაპარაკია კოჰაბიტაციაზე, რომელიც პოლიტიკური გაგებით, არის ორი იდეურად დაპირისპირებული ძალის ურთიერთობა. ამის მაგალითი იყო მენშევიკებისა და ბოლშევიკების თანაარსებობა 1917 წლის თებერვლიდან ოქტომბრის ჩათვლით. კოჰაბიტაციის წარმატებული მოდელი იყო ნიკარაგუაში: იქ 1989 წელს სანდინისტურმა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ჩაატარა არჩევნები. სანდინისტებმა დათმეს ხელისუფლება, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ქვეყანაში სოციალური კრიზისი დაიწყო და ისინი კვლავ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. სხვათა შორის, ეს ის სანდინისტები არიან, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

სახელმწიფო გადატრიალება შეიძლება წარმოიშვას ძველი ელიტის შიშის საფუძველზე, ვინაიდან ისინი ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ და ელოდებიან დროს, როცა მათზე დაიწყება ზემოქმედება. ჩვენშიც არსებობს ამის საფრთხე. ადამიანები, რომლებიც ახორციელებდნენ ნაცმოს პოლიტიკას, კვლავაც არიან სახელისუფლებო სტრუქტურებში - პროკურატურაში, შს სამინისტროში ცდილობენ გამოიყენონ გავლენის ბერკეტები. ამას დავარქმევდი ლატენტურ (ფარული, უჩინარი) ბიუროკრატიას - საშუალო და დაბალი რგოლის წარმომადგენლები კვლავ პოსტებზე არიან და ახორციელებენ "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიას. ვიდრე არ გაიწმინდება ეს რიგები, არსებობს საფრთხე. დღეს ნაცები აწარმოებენ მასობრივ იდეოლოგიურ მუშაობას ეკონომიკური ან სოციალური პირობების გაუარესების კუთხით. ბევრი იმედგაცრუებულია სასამართლოზე, რადგან იჭერენ და უშვებენ ჯალათებს. ამით სარგებლობს ნაცმო, ამიტომაც მათ 19 აპრილამდე შეგნებულად აიღეს პაუზა. აპრილში პრეზიდენტს აქვს უფლება, გადააყენოს მთავრობა. ამ პერიოდში უფრო იჩენს თავს და მწვავდება ეკონომიკური კრიზისები. გარდა ამისა, როგორც ჩანს, უკვე იწყება ორგანიზებული ჯგუფების თავმოყრა - საზღვარგარეთიდან ჩამოდიან ყოფილი მაღალჩინოსნები, რაც დაგეგმილი სტრატეგიის ნაწილია. ისინი ეტაპობრივად ჩამოდიან და ხალხს აჩვენებენ, რომ არსად იმალებიან და ქმნიან ერთგვარ იდეურ ბაზისს, ჩვენ ვბრუნდებით, არაფრის გვეშინია და შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს მოვიდეთ ხელისუფლების სათავეშიო. თანამედროვე სახელმწიფო გადატრიალებების მოდელი კარგად ხორციელდება ე.წ. კერძო დეტექტიური სააგენტოებისა და კერძო დაცვითი სტრუქტურების შექმნით. მაგალითად, თბილისის მერიაში შეიქმნა ცალკე დაცვის სამსახური, რომელშიც ყოფილი ზონდერები გაერთიანდნენ. რაში სჭირდება მერიას დაცვის სამსახური? ეს მაგონებს ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკის მიერ მოსკოვში შექმნილ კერძო დაცვის სააგენტოს
სახელწოდებით "ატოლი", რომელიც დაკავებული იყო არა მარტო ბერეზოვსკის დაცვით, არამედ ინფორმაციის შეგროვებით, სახელმწიფო მოხელეების ტელეფონების მოსმენებით, იმ ადამიანების თვალთვალით, რომლებიც ოლიგარქის ოპერატიულ ინტერესს წარმოადგენდნენ. ბერეზოვსკიმ ჩაიგდო კიდეც ხელში ძალაუფლება - 1997-99 წლებში რუსეთის მმართველი, ფაქტობრივად, ბერეზოვსკი იყო და არა ელცინი. დღეს თბილისში გაჩნდა უამრავი კერძო დაცვის სამსახური, რომლებიც კარგად არის დაფინანსებული. ასევე, ნაცებმა შექმნეს რეფორმების ასოციაცია. ის მუშაობს მასებზე და ახორციელებს ანალიტიკურ საქმიანობას. ამ სტრუქტურის ხელმძღვანელი მინისტრის ყოფილი მოადგილეა. ბოლოს და ბოლოს, ნაცების მხარეს მუშაობს უშიშროების საბჭო, რომელიც არის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი. ანალიტიკური ინფორმაციების მოძიება, მისი დამუშავება, ანალიზი, სატელეფონო მოსმენები, ობიექტებზე თვალთვალის გადაცემა და ა.შ. ეს ფაქტობრივად ჯდება იმ სქემაში, რომელიც დღეს ხორციელდება ბოლო ხანს გააქტიურებული ნაცმოს მიერ. არ დაგვავიწყდეს შს ყოფილი მინისტრის დანიშვნა პარტიის გენერალურ მდივნად. მით უფრო - ვიცე-მერად. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაცმო გადაიქცა გასამხედროებული ტიპის პოლიტიკურ ძალად, როგორც ეს მოხდა ბოლშევიკების შემთხვევაში - 1917 წლიდან ის გადაიქცა გასამხედროებულ პოლიტიკურ გაერთიანებად, ჰყავდა თავისი გასამხედროებული ფორმირებები, პოლიტიკური გავლენა შეიარაღებული ძალების სტრუქტურებში ე.წ. საბჭოების სახით და პარტიის შიგნით ჰქონდა სამხედრო დაგეგმარების კომიტეტი, რომელმაც განახორციელა სახელმწიფო გადატრიალება ტროცკის მეთაურობით. ასეთი საქმე დიდძალი ფულის გარეშე არ კეთდება. მერიის დაცვის სამსახურს აქვს დაფინანსება, უშიშროების საბჭოს აფინანსებს სახელმწიფო გაერთიანება, რეფორმების ასოციაციაც პარტიული ფულით ფინანსდება, ანუ პარტია გადაიქცა გასამხედროებულ პოლიტიკურ ძალად, რომელიც ამ ფინანსებს იყენებს თავისი გასამხედროებული სტრუქტურების გასაძლიერებლად. ძველი ბიუროკრატიის ნარჩენები კარგად არიან შენიღბული ამჟამინდელი ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურებში და ახორციელებენ საბოტაჟს.

- პრეზიდენტიც, ალბათ, შეგნებულად არ თანხმდება საკონსტიტუციო ცვლილებებს.
- რა თქმა უნდა, სააკაშვილი ცდილობს პროცესების გაჭიანურებას, რაც საბოლოოდ გამოიწვევს თუნდაც ხელოვნურ კონფრონტაციას. 19 აპრილამდე პოლიტიკური მოთხოვნები მიაღწევს პიკს, ანუ კონსტიტუციურ ცვლილებებზე შეთანხმება არ მოხდება, ეს ცვლილებები მეორე მხარის იგნორირებით დამტკიცდება, რაც გამოიწვევს კრიზისს და მის ფონზე მასობრივი გამოსვლები იქნება ნაცმოს მთავარი ამოსავალი წერტილი. დაანონსდა, რომ აქციაზე ლაპარაკი იქნება საგარეო პოლიტიკაზე, თუმცა, დარწმუნებული ვარ, იქ დაისმება პოლიტიკური საკითხები, ნაციონალები ულტიმატუმის ენით დაიწყებენ ლაპარაკს და დაიწყება ორგანიზებული გამოსვლები. ამიტომ პირველი, რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, უნდა მოხდეს სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური შეფასება მთელი იმ საშინელებებით, რაც ამ რეჟიმმა განახორციელა. აგრეთვე, ბიუროკრატიული სისტემა სრულად უნდა გაიწმინდოს ჯალათურ საქმიანობაში მონაწილე ადამიანებისგან, საბოტაჟის ელემენტები რომ გამოირიცხოს. უნდა შემუშავდეს იდეოლოგია, რომელიც გააერთიანებს საზოგადოებას და სხვა ძალას არ მისცემს მანიპულაციის საშუალებას. საზოგადოებას რეგულარულად უნდა შევახსენოთ იმ რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულობები. საერთაშორისო დონეზე უნდა მოხდეს ნაცისტების ნეიტრალიზაცია, მათ საბოტაჟს წერტილი უნდა დაესვას. უნდა დაიშალოს ნაცისტების მიერ აწყობილი ძალოვანი სტრუქტურები და შეიქმნას მათი ახალი მოდელი. 19-ში პროცესი შეიძლება განვითარდეს ან გე-კა-ჩე-პეს გზით, ანუ დასრულდეს ფიასკოთი, ან სანდინისტების მიმართულებით.

- ვანო მერაბიშვილს არც დაუმალავს, რასაც აპირებს მისი გუნდი. თქვა, რომ უნდა დაიწყოს ნაცმოს რეანიმაცია, რომ ამ ხელისუფლებას დიდხანს ვერ აიტანენ. ბიძინა ივანიშვილმა კი საზოგადოებას მოუწოდა, იუმორით მიუდგეს დაანონსებულ 19 აპრილს, რომელიც სერიოზულ ანალიზს არ ექვემდებარება და ღია კარის მტვრევას ჰგავს...
- დიახ, მერაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რასაც აპირებენ. 1917 წლის სექტემბერში ტროცკიმაც გამოაქვეყნა თეზისები, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბოლშევიკური პარტია არ შეეგუებოდა მმართველი მენშევიკური პარტიის მმართველობას, ისინი ირჩევდნენ ახალი ბრძოლის სტრატეგიას და შეეცდებოდნენ ხელისუფლებაში მოსვლას.

- ანუ, მერაბიშვილს ლევ ტროცკის ადარებთ?
- ტროცკი გენიოსი იყო! მერაბიშვილს სად აქვს ამდენი ტვინი, ეს არის კაცი-ამება. მას მინი ტროცკის დავარქმევდი. რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, სხვათა შორის, კერენსკიმაც იუმორით შეხედა ტროცკის ამ თეზისებს, მაგრამ ამას რაც მოჰყვა, ცნობილია. ნაცმო და ბოლშევიკები იდეოლოგიურად ჰგვანან ერთმანეთს - ორივენი ბოროტებას ქადაგებენ. ამ საკითხს იუმორით არ მოვეკიდებოდი, რადგან, როგორც აღვნიშნე, ნაცმო გადაიქცა გასამხედროებულ პოლიტიკურ ძალად. თუ ნაცები გაბედავენ გადატრიალების მოწყობას, იმედია, მათი მცდელობა ფიასკოთი დასრულდება და არა ხელისუფლებაში მათი დაბრუნებით. ჩვენი მიზანია, საზოგადოებას დავანახოთ ამის საშიშროება. შეიძლება ვაჭარბებ შეფასებებში, მაგრამ როგორც პოლიტოლოგი, ვამბობ, რომ ფაქტების კონსტატაციით, შეიმჩნევა სახელმწიფო გადატრიალების ტენდენცია, რასაც ნაციონალები არც მალავენ.