ვახტანგ ძაბირაძე: გახარიას მესამე ძალის ფორმირება შეუძლია, ამიტომ „ოცნებასაც“ და „ნაციონალებსაც“ მისი ეშინიათ

ვახტანგ ძაბირაძე: გახარიას მესამე ძალის ფორმირება შეუძლია, ამიტომ „ოცნებასაც“ და „ნაციონალებსაც“ მისი ეშინიათ

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ბოლო დღეებში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს. ის „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას და ნიკა მელიას განცხადებას, ასევე გიორგი გახარიას პოლიტიკურ შესაძლებლობებს აფასებს.

ვახტანგ ძაბირაძე: არ მგონია, რეალურად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასახულ გეგმებს გადაუხვიოს. ის, რაც ადრე ქუჩაში ხდებოდა, ახლა პარლამენტში მოხდება. იგივე დაპირისპირება იქნება, ოღონ ეს იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმში და ასე გაგრძელდება. თანამშრომლობის პარლამენტი ნამდვილად ვერ იქნება. გინდა შარლ მიშელის დოკუმენტს მოაწერონ ხელი და გინდ არა. ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. სხვა რაიმე  კონსტრუქციულ და სერიოზულ თანამშრომლობას პარლამენტში არ ველი. ეს ორი ძალა „ოცნება“ და „ნაციონალები“ ისევ შეეცდებიან, რომ ერთმანეთთან ტანდემში დაპირისპირებულები იყვნენ. მთელი ყურადღება ისევ მათ გარშემო იყოს და მესამე ძალას აქტიურობის საშუალება არ მისცენ. იყვნენ პირველი და მეორე, ხოლო მესამე ძალა პოლიტიკურ ასპარეზზე არ გააქტიურდეს. ადგილობრივ არჩევნებამდე, აი, ამ იწილო-ბიწილოში  და რიტორიკაში იქნებიან. ყველაფერი კი შემდეგ იმაზე იქნება დამოკიდებული „ოცნება“ 43%-ზე ზემოდ აიღებს თუ არა. ასევე ხელისუფლებას ძალიან დიდი მუშაობა მოუწევს იმისთვის, რომ არჩევნები გამჭვირვალე იყოს და ისევ იგივე ბრალდებები არ გაისმას. 

„რ“: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მას თბილისის მერობის კანდიდატად ყოფნა არ სურს, მითუმეტეს გაერთიანებულ კანდიდატად. რას ნიშნავს მისი ეს განცხადება?

ვ.ძ: ჯერჯერობით მერობის კანდიდატობაზე საუბარი ძალიან ადრეა. აქ პრობლემა ნიკა მელიაში არ არის. აქ საქმე თავად „ნაციოანლურ მოძრაობას“ ეხება. მეორე ტურში ენმ-ის  და „ოცნების“  კანდიდატების გასვლა ავტომატურად ისევ მმართველი გუნდის კანდიდატის გამარჯვებას ნიშნავს. ამიტომ  მელია გადაწყვეტილება ლოგიკურია, რადგანაც მას ეს არაფერში სჭირდება. ის რომ არანაციონალური წარმომავლობის იყოს, მას კიდევ უფრო დიდი შანსები ექნებოდა. მელია მეორე ტურშიც რომ გადავიდეს. „ოცნების“ კანდიდატთან ვერ მოიგებს, მითუმეტეს ეს თუ ისევ კალაძე იქნება. დიდი პრობლემა აქვს ახლა ოპოზიციას, ვინ შეიძლება მმართველ გუნდს ისეთი კანდიდატი დაუყენონ, რომ მისი დამარცხება შეძლონ. რასაც მელიას  ვუსმინე, მას კატეგორიულადაც არ უთქვამს არ ვიქნებიო. ამიტომ დაველოდოთ, მაინც მგონია ჯერჯერობით ამაზე საუბარი ადრეა. ორი თვე ჯერ კიდევ წინაა და ამიტო ყველაფერი მოსალოდნელია.

„რ“: ექსპრემიერ გიორგი გახარიას ბოლო განცხადებები მინდა  შევაფასოთ.  მისი  საჯაროდ ისევ გამოჩენის მიუხედავად, ჯერჯერობით ბოლომდე მაინც არ იხსნება და როგორც ჩანს გარკვეულ კოზრებს არ ხსნის. ღია დაპირისპირებაში ბიძინა ივანიშვილთან არ შედის, მაგრამ პარტიის ამჟამინდელ მმართველობასთან დაკავშირებით უფრო მწვავედ საუბრობს. ამბობს, რომ „ოცნება“ ხვალინდელი დღეა და მისი ლეგიტიმურობა კითხვის ქვეშ დადგება  რიგგარეშე არჩევნებში 43%-იანი ბარიერიც რომ გადალახოს. 

ვ.ძ: გახარიას სწორი ტაქტიკა აქვს შერჩეული. მას კარტების და კოზირების ბოლომდე გახსნა ჯერჯერობით არაფერში სჭირდება. აქ ის იმდენად ბიძინა ივანიშვილზე არ თამაშობს, როგორც მის ამომრჩეველზე. ის ივანიშვილს კი არა „ოცნების“ ამჟამინდელ ხელმძღვანელობას უპირისპირდება. ამომრჩევლისთვის კი, რა თქმა უნდა, გარკვეული ორიენტირია. ივანიშვილმა რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, ამომრჩველი მაინც ფიქრობს, რომ ეს შეიძლება მაიც ერთგავრი თამაში იყოს. გახარია კვლავ  ივანიშვილის კაცია და ბოლომდე მის დამოუკიდებლობას არ იჯერებს.

გახარიას ეს განწყობა აწყობს კიდევაც. მას ივანიშვილთან დაპირისპირება არაფერში სჭირდება. თუ დააკვირდებით, ის არც „ნაციონალების“ ლიდერს სააკაშვილს უპირისპირდება, მაგრამ ირაკლი კობახიძის და ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოდის. ის ლიდერ ნაცვლებს უპირისპირდება, რადგანაც კარგად იცის, რომ ორივე პარტიაში ამ ადამიანების მიმართ მხარდამჭერებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. აქაც ტატიკურად სწორი გათვლაა, მელიასაც და კობახიძესაც პარტიის  შიგნით, ასევე დაპირისპირებული ჯგუფები ჰყავთ. ამიტომ მათზე დარტყემები ხელს უფრო აძლევს, რადგანაც კონკრეტულ ელექტორატზე მუშაობს. რამდენად  მომგებიანი იქნება და რამდენ ხმას მოუტანს ამის გაზომვა რთულია, მაგრამ ტაქტიკურად სწორად მოქმედებს.

„რ“: თუმცა გახარია ორივე პარტიის  მხრიდან დარტყმის ობიექტია. „ოცნება“ მას „ნაციონალებთან“ გარიგებაში ადანაშაულებს და ენმ-ი პირიქით, ამბობს, რომ ის ივანიშვილის პროექტია. ორივეს ექსპრემიერის ასე რატომ ეშინიათ?

ვ.ძ: დავიწყოთ იქიდან, რომ ბოლო კვლევების  მიხედვით მას საქართველოში ყველა ლიდერზე მაღალი რეიტინგი აქვს. მართალია ეს სრულად მხოლოდ მისი  პირადი რეიტინგი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ მას საზოგადოების დიდი ნაწილში მხარდაჭერა აქვს. ეს იცის როგორც „ოცნებამ“, ასევე „ნაციონალებმა“, და მისი ეშინიათ. იმიტომ კი არა, რომ ის კატასტროფულად მოიგებს და მათზე წინ იქნება.  აქ საუბარი მის ქმედებასა და ტაქტიკაზეა. როგორც ახლა ის პოლიიტკურ ცხოვრებაში ხელახლა შემოვიდა, მას ყველაზე მეტი შანსი აქვს, რომ მესამე ძალის ჩამოყალიბება შეძლოს. ამიტომ ეს არცერთ ამ პარტიას არ აწყობს. ამიტომ ისინი ებრძვიან, რადგან ეს პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს აცოხცლებენ. როგორც კი სხვა ალტერნატიული ძალა გაჩნდება, ორივე პოლიტიკურ მომავალს დაკარგავს. გახარიას აქამდე გამოჩენილი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ყველაზე დიდი პოლიტიკური კაპიტალი და წონადობა აქვს. ამიტომაც ხიფათს ხედავენ და უნდათ გახარია 1%-იდან 5%-მდე დარჩეს.

„რ“: ლოგიკას რომ გავყვეთ, ალბათ ივანიშვილს გახარიას ოპოზიციაში ყოფნა დიდად არც უნდა აღელვებდეს, რადგანაც თუ კი „ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს, მაშინ პოლიტიკურ ველზე გახარია იქნება და „ნაციონალების“  ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი კიდევ უფრო ნაკლები გახდება. ანუ ის ამ კომბინაციით მაინც არაფერს აგებს. ასევე ვნახეთ ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცერის განცხადება, რომელიც გახარიას ფაქტიურად ევროპელ ლიდერად მოიაზრებს, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს და ხომ არ ფიქრობთ, რომ მასზე დასავლეთი ფსონს დებს?

ვ.ძ: გიორგი გახარია ხმების ძირითად ნაწილს „ოცნებისგან“ აიღებს. ის დაახლოვებით თავისი ხმების 50%-ს მმართველ გუნდს წაართმევს და დაახლოვებით ამდენსავე შუა ამომრჩეველს წამოიყვანს. ხოლო  ხმების 20%-ი  ალბათ „ნაციოანლური მოძრაობის“ ხმები იქნება. არ გამოვრიცხავ  იმას, რომ ივანიშვილს  ორი და სამი გათვლა ჰქონდეს. ფიქრობდეს, რომ თუ კი „ოცნება“ წააგებს, მაშინ გახარია ერთგვარი დაზღვევა იქნება. რაც შეეხება კარლ ჰარცერის შეფასებას, ლოგიკურია, რადგანაც გახარია 2 წელი პრემიერი იყო და მას დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა და აქვს. რა თქმა უნდა, მათ მიაჩნიათ, რომ ის ევროპული ლიდერია და რატომაც არა. ეს ლოგიკურიც არის. საგარეო კურსთან  დაკავშირებით მის პოლიტიკურ შეხედულებებს  იცნობენ და თუ ისევ უკან პრემიერად დაბრუნდება მიესალმებიან.

„რ“: ხომ არ ფიქრობთ, რომ დასავლეთი ოპოზიციის  ბოლო დროინდელი ქმედებით   იმედგაცრუებულებია. მათი მთავარი მოკავშირე „ნაციონალები“ იყვნენ. თუმცა ბოლოს მათი ლიდერების განცხადებები კარგად გვახსოვს. მაგალითად სააკაშვილმა პირდაპირ თქვა, „ევროპა არა ტოროლაო“. ანუ ამით იმის თქმას ვცდილობ, რომ დასავლეთსაც ახალი პოლიტიკური ძალა და ლიდერი სჭირდება, რომელსაც როგორც მყარ პარტნიორს დაეყრდნოს.  ასეთს კი შესაძლოა გახარიაში ხედავდნენ?

ვ.ძ: რა თქმა უნდა, გახარიას ევროპელები და ამერიკელები ხმების აღებაში ვერ დაეხმარებიან. თუმცა თუ კი ის 5%-იან ბარიერს გადალახავს და ორ ნიშნა ციფრზე ავა, მას მხარდაჭერა ამერიკიდანაც და  ევოპიდანაც ექნება. გაგიკვირდებათ და მისი თანამდებობაზე დაბრუნების წინააღმდეგი არც რუსეთი იქნება. ასე რომ საგარეო ფაქტორი გახარიასთვის  პრობლემატური არ არის. საშინაოსგან განსხვავებით, მას საქმე საგარეო მიმართულებით უფრო მარტივად აქვს, რადგანაც ყველასთვის მისაღები ფიგურაა.