ქართველ კათოლიკეებსაც ჰყავთ პაპი

ქართველ კათოლიკეებსაც ჰყავთ პაპი

მთელი მსოფლიოს მსგავსად, ქართველი კათოლიკეებიც სულმოუთქმელად ელოდებოდნენ ვატიკანში კონკლავზე შეკრებილი კარდინალების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩეული იქნა ბუენოს აირესის არქიეპისკოპოსი ხორხე მარიო ბერგოლიო, რომელსაც, მისივე გადაწყვეტილებით, ფრანცისკე პირველი ეწოდა. როგორ შეხვდნენ საქართველოში მცხოვრები ქართველი კათოლიკეები რომის ახალი პაპის არჩევას?

„საღამო მშვიდობისა!“ - რომის ახალი პაპის, ფრანცისკეს, ამ პირველ მისალმებას ასევე აღფრთოვანებით შეხვდნენ საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები, რომლებიც ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკური ეკლესიის მრევლის წარმომადგენლები არიან.

ნინა მერიკმარუტოვა: „მისგან ველი იმ პოლიტიკის თანმიმდევრულ გატარებას, რომელსაც ატარებდა არა იოზეფ რაცინგერი, არამედ იოანე-პავლე მეორე, რომლის მოწაფეც იყო ახალი პაპი, ფრანცისკე პირველი. გარდა ამისა, მისი მთავარი ღირსება უბრალოებაა. ის გამოვიდა და ისე გულწრფელად მიესალმა მორწმუნეებს, რომ აღფრთოვანება ვერ დავმალე. ხის ჯვარი, რომელსაც ახალი პაპი ატარებს, ასევე დიდი რწმენისა და თავმდაბლობის ნიშანია. მეტი რა შემიძლია გითხრათ, ძალზე გახარებული ვარ“.

ედუარდ ზახარიანი: „ვნერვიულობდი, რადგან აღდგომა მოდის და პაპი კი არჩეული არ იყო. დიდი ყურადღებით ვადევნებდი თვალს და მაინტერესებდა, როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი. სიმართლე გითხრათ, იმდენი კარდინალია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ ყველას შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ მქონდა, ვინ არის ვინ და რითი სუნთქავს. მე პირადად ინტერნეტში დავძებნე ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია ახალი პაპის შესახებ. მომეწონა, რომ მკაცრი ადამიანია. რატომღაც მგონია, რომ მისი არჩევა დადებითად იმოქმედებს ეკლესიასა და ჩვენზე“.

ახალი პაპის არჩევამ გაახარა ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტოც, რომლისთვისაც კონკლავზე შეკრებილი კარდინალების გადაწყვეტილება მოულოდნელი სიახლე აღმოჩნდა:

„ეს არჩევანი სულიწმინდის მფარველობის ქვეშ გაკეთდა! ახალი პაპი არის არგენტინელი და არის ძალიან უბრალო ადამიანი. დიდ ყურადღებას აქცევს სულიერებას და სიღარიბესთან ბრძოლას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელად აირჩია ფრანცისკე. კათოლიკურ ეკლესიას ჰყავს ამ სახელის წმინდანი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ეკლესიის განახლება“.

ჯუზეპე პაზოტოს მსგავსად, არგენტინელი კარდინალის პაპად არჩევას მნიშვნელოვან სიახლედ მიიჩნევს თეოლოგი ლევან აბაშიძე, რომლის თქმითაც, პაპად არაევროპელი კარდინალი ეკლესიის 2 ათასწლიან ისტორიაში პირველად იქნა არჩეული.

„მერე ის, რომ ფრანცისკე პირველი იტალიური ოჯახიდან არის და, შესაბამისად, იტალიასთანაც ახლოა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კარგად საუბრობს იტალიურად, ესპანურად და გერმანულად, მაგრამ ასევე მთავარია მისი, როგორც მოძღვრის, მწყემსის ხასიათი. როგორც ამბობენ, ის იქნება უბრალო პაპი, ანუ იქნება ხალხთან ახლოს, იზრუნებს გაჭირვებულებზე და, პირველ რიგში, იქნება ორიენტირებული პაპის, როგორც მწყემსის, ფუნქციაზე (რომ დამწყემსოს, იქადაგოს სახარება, გაავრცელოს სარწმუნეობა) და არა მმართველობაზე“, უთხრა ლევან აბაშიძემ რადიო თავისუფლებას.

ლევან აბაშიძის თქმით, ახალი პაპის სამშობლოსა და მთელ ლათინურ ამერიკაში ცხოვრობს კათოლიკეთა თითქმის მესამედი, სულ კი, მსოფლიოს მასშტაბით, მათი რაოდენობა მილიარდ 200 ათასს აღემატება:

„ანუ ლაპარაკია უდიდეს ქრისტიანულ გაერთიანებაზე და, დაწყებული 60-იანი წლებიდან (ვატიკანის მეორე კრებიდან), კათოლიკური ეკლესია გახსნილია სხვა ქრისტიანული კომფესიების მიმართ - დებად და ძმებად აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს და თავის თავს განიხილავს ყველა ქრისტიანის ქომაგად და, ზოგადად, ყველა რელიგიისა და რელიგიური უფლებების დამცველად მთელ მსოფლიოში. ამიტომ, ამ უდიდესი გავლენის გამო, რასაკვირველია, ძალზე მნიშვნელოვანია ვინ იქნება რომის პაპი და როგორი იქნება რომის კათოლიკე ეკლესიის საქმიანობა და პოლიტიკა“.

საქართველოში კათოლიციზმის მიმდევართა რაოდენობა 50 ათასს არ აღემატება, თუმცა კათოლიკეთა წვლილი ქართულ კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში არათანაზომიერად დიდია.