კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ უცხოური კაპიტალი სულ უფრო მეტად მცირდება. შარშანდელი წელი საკმაოდ რთული გამოდგა საინვესტიციო კუთხით. ქვეყანაში პირდაპირი უცხოური კაპიტალის რაოდენობა მინიმუმამდე დაეცა და 616 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ბოლოს ასეთი მძიმე შედეგი ქვეყანას 15 წლის წინ ჰქონდა. როგორც ჩანს, წელსაც უარესი ვითარება იქნება. პირველი კვარტალში საქართველოში უცხოური ინვესტიციების სახით მხოლოდ 125.4 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც შარშანდელთან შედარებით 28.3%-ით ნაკლებია.
როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციიდან ირკვევა, მთლიანობაში პირველი კვარტალის განმავლობაში ყველაზე მეტი ინვესტიცია დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდა - 88 მლნ დოლარი. მეორე ადგილზეა რუსეთი - 32.9 მილიონით, მესამეზე კი თურქეთი - 24.1 მილიონით.
სექტორების ჩამონათვალი უცხოური ინვესტიციების მიხედვით ასე გამოიყურება: საფინანსო სექტორი - 93.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -1%; ენერგეტიკა - 35.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან - 274%; დამამუშავებელი მრეწველობა - 27.9 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან - 513%; უძრავი ქონება - 24.4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან - 30%; ჯანდაცვა და სოციალური დახმარება - 12.0 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან - 119%; სასტუმროები და რესტორნები - 2.2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან - 86%; მშენებლობა - 1.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან - 81%; სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - 0.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 198%; ტრანსპორტი - მინუს 5.0 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან - 177%; სამთომოპოვებითი მრეწველობა - მინუს 20.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან - 300%; კავშირგაბმულობა - მინუს 68.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან - 644%; ეკონომიკის დანარჩენი სექტორები - 21.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 934%;
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებულ მაჩვენებლებზე საუბრისას საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ 2021 წლის პირველი კვარტალი, წინა წლის პირველ კვარტალს კი არ უნდა დარდებოდეს, არამედ ზოგადად 3-4-წლიანი ტენდენცია უნდა შეფასდეს.
„ზოგადად, ბოლო 3-4 წელია დინამიკა ძალიან ცუდია. რა უნდა გაკეთდეს ამ სიტუაციაში, როდესაც ინვესტორები არ ხარჯავენ და მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდებიან? რა უნდა დავახვედროთ ინვესტორებს, რომ მაინცდამაინც საქართველოში წამოვიდნენ? ამაზე უნდა ვიფიქროთ.
პრობლემები კომპლექსურია. დაწყებული ლარის კურსით, რადგან დოლარში ინვესტირება და ლარში უკუგება პრობლემას ქმნის ნებისმიერი ინვესტორისთვის, როდესაც კურსი უფასურდება, გაგრძელებული რეგულაციებით, რადგანაც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზე უფრო მაღალი სტანდარტები გვაქვს დაწესებული და ეს დამატებითი ტვირთია ნებისმიერი საინვესტიციო პროექტისთვის. პრობლემაა ინვესტიციების დაცულობა და ამ კუთხით ყველა სასამართლოს უყურებს, სადაც დავა 5-6 წლის განმავლობაში გრძელდება.
არანაკლები თავსატეხია ადამიანური რესურსი და კვალიფიკაცია, რადგან ახალი ინვესტიციები გვინდა-არ გვინდა ახალ ტექნოლოგიებს უკავშირდება. ინვესტორი უყურებს ახალი ტექნოლოგიისთვის რამდენად მზადაა ადგილობრივი სამუშაო ძალა. როდესაც ჩვენი კვალიფიკაცია და პოტენციური ინვესტიციებისთვის აუცილებელი სამუშაო ძალის კვალიფიკაცია მნიშვნელოვნად აცდენილია, ეს კომპლექსური პრობლემებია, რომლებიც დამატებით წნეხს ქმნის უცხოურ ინვესტიციებზე“, - აცხადებს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
ვითარება მართლაც რთულია. „კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი კი პირდაპირ აცხადებს, რომ საინვესტიციო თვალსაზრისით ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა.
„ნამდვილად კატასტროფული მდგომარეობაა. შარშან უცხოური ინვესტიციების მოცულობა ისედაც შემცირებული იყო და ახლა 50 მილიონით კიდევ დაიკლო. ასე გაგრძელება რომ არ შეიძლება, ეს უდავოა. ამ 125 მლნ დოლარის დიდი ნაწილი, რომელიც პირველ კვარტალში შემოვიდა, არის რეინვესტირება. ინვესტიციების დიდი ნაწილი ფინანსურ სექტორში მიდის. ეს ცუდი არ არის, მაგრამ სხვა სექტორები რომ ვერ ძლიერდება, ეს ხომ პრობლემაა?
ინვესტიციების შემოდინება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. მნიშვნელოვანია, რომ გარედან შემოდიოდეს კაპიტალი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა ეკონომისტმა.