საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. პოზიტიური დინამიკა იმდენად თვალიშსაცემია, რომ ზაფხულის პერიოდში დარგი დიდი ნახტომისთვის ემზადება. როგორც კი ქვეყანაში კომენდანტის საათი გაუქმდება, ტურისტული ვიზიტები და შესაბამისადა ავიარეისები კიდევ უფრო გახშირდება, რაც ორივე დარგის გამოცოცხლების გარანტიაა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, დღეისთვის აღდგენილია მიმართულებების 53%. ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც კოვიდ-19-მდე დაფრინავდნენ საქართველოში, 58%-ით დაუბრუნდნენ ქვეყნის საავიაციო სივრცეს. ასევე აღდგენილია პანდემიამდე არსებული სიხშირეების 57%-იც.
„სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დიდი ძალისხმევის შედეგად, ჩვენს საავიაციო ბაზარზე შემოვიდა „ეურო ვინგს“ და „ომან აერი“ - ავიაკომპანიები, რომლებიც კორონავირუსამდე არ დაფრინავდნენ საქართველოში. ეს შედეგები ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ავიაციის და ტურიზმის ინდუსტრიის პოტენციალს, მათ შორის კოვიდ-19-ის ფარგლებშიც“, - აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმედიანადაა განწყობილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილიც, რომელიც ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ავიაციის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ დღეისთვის უკვე აღდგენილია ავიარეისების 2019 წლის მოცულობის 55%.
„მისასალმებელია, რომ ავიაციის სექტორი თავადაც აღნიშნავს იმ დადებით დინამიკას, რაც სტატისტიკაშიც აისახება. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას კერძო სექტორთან, მათ შორის - ახალი მიმართულებებით, როგორებიცაა: სექტორში დასაქმებული პირების ვაქცინაცია, ავიაციის სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება, ასევე, ინდუსტრიაში ჩართული კომპანიების ხელშეწყობა, რათა კიდევ უფრო სწრაფად მოხდეს სექტორის გაძლიერება, რაც, პირველ რიგში, ტრანსპორტისა და ტურიზმის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ავიაინდუსტრია ახლა ზაფხულის ტურიზმისთვის ემზადება. ამ ეტაპზე ავიარეისების რაოდენობაც გაზრდილია და ჯავშნებიც მეტი კეთდება, თუმცა უკეთესის მოლოდინია. დადებით ტენდენციებზე საუბრობს „ჰაბ ჯორჯიის“ დამფუძნებელი გიორგი კოდუა, რომელსაც მოლოდინიც საკმაოდ ოპტიმისტური აქვს.
„აშკარად დადებითი ტენდენციაა. ბევრი უცხოური ავიაკომპანია შემოდის საქართველოში და რეისებიც იმატებს. მალე საზაფხულო სეზონი გაიხსნება და პირადად მე ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს, თუ, რა თქმა უნდა, რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა და მორიგი ჩაკეტვის წინაშე არ აღმოვჩნდით. კომენდანტის საათი რომ საერთოდ არ არსებობდეს, გაცილებით უკეთესი იქნებოდა და უფრო მეტი ტურისტი შემოვიდოდა ქვეყანაში. რადგანაც ქვეყანაში ღამით კომენდანტის საათი მოქმედებს, აქ ჩამოსვლისგან თავს იკავებენ და ამის შესახებ ძალიან ბევრს უთქვამს“, - ამბობს კოდუა.
ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ ტურიზმი აუცილებლად გამოცოცხლდება, რაც ავიაინდუსტრიის აღდგენის მთავარი პირობაა.
სხვისი კომპანიების ფრენა ავიაცია არ არის.
ხოლომ რა ბარდაკიც არის სფეროში, კარგად ჩანს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ტურიზმის საკურატოროში გადატანეს.
ე.ი. ფრენის უსაფრთხოებაზე , საავიაციო პოლიტიკაზე ახლა ტურიზმის საკურატორო იზრუნებს.