როგორ აღვზარდოთ ხელისუფლება, ანუ როზგის აპოლოგია

როგორ აღვზარდოთ ხელისუფლება, ანუ როზგის აპოლოგია

იდეა იმის თაობაზე, რომ უპრეცედენტოდ დამამცირებელი, სამარცხვინო მდგომარეობა, რომელშიც დღეს მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, არსებითად წარმოადგენს სასჯელს იმისთვის, რაც 2003-12 წლებში ჩაიდინა, ახალი და ორიგინალური ნამდვილად არ არის, მაგრამ კვლავინდებურად ღიად რჩება კითხვა: რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მას გაცილებით ადრე დასჯიდნენ? მოჰყვებოდა თუ არა ამას დადებითი აღმზრდელობითი ეფექტი? და საერთოდ, როდის, რისთვის და როგორ უნდა დავსაჯოთ პოლიტიკოსები?

ვიდრე როზგების შედარებით მახასიათებლებზე გადავალთ, ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ პრობლემის ერთ-ერთი სათავე, შესაძლოა, ლეგიტიმურობის წყაროს უცნაურ გაორებაშია. ფორმალური თვალსაზრისით, ის ერთია _ 2004 წლის იანვარში სააკაშვილი ქართველმა ხალხმა აირჩია. მაგრამ საიდუმლო არაა, რომ უდიდესი როლი მის აღზევებაში ვაშინგტონმა, ბუშის ადმინისტრაციამ შეასრულა. მეტიც, სააკაშვილის ჯგუფი მთელი ამ წლების განმავლობაში ლეგიტიმურობის ჭეშმარიტ წყაროდ სწორედ თეთრ სახლს განიხილავდა და ცდილობდა, ეს აზრი ქართულ საზოგადოებაში დაემკვიდრებინა, რამაც საბოლოოდ კარიკატურული ფორმები მიიღო; სახელისუფლო პროპაგანდა ამა თუ იმ პოლიტიკოსის პერსპექტივას იმის მიხედვით აფასებდა, თუ როგორ მიიღეს ის ვაშინგტონში, ხოლო საზოგადოების ნაწილში ფართოდ გავრცელდა პრიმიტიული ფორმულა, რომელიც შეიძლება დაახლოებით ასე ჩამოვაყალიბოთ: «ვისაც დანიშნავენ ამერიკელები, ის იქნება საქართველოს მმართველი» და მისგან გამომდინარე პასიური პესიმიზმი. 1 ოქტომბრის არჩევნებმა ეს განწყობები ნაწილობრივ გააქარწყლა (თუმცა არ აღმოფხვრა), მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში სულ სხვა რამ არის _ ზემოთ ნახსენებმა გაორებამ პასუხისმგებლობის გაორებაც გამოიწვია, გაუგებარი შეიქნა, თუ ვინ აგებს პასუხს ახალი ხელისუფლების აღზრდაზე. კრიზისულ ვითარებაში თბილისიდან ისმოდა «მიხედეთ ამ თქვენ რჩეულებს», ვაშინგტონიდან კი პასუხობდნენ «რა ვქნათ? თქვენს არჩეულ ხელისუფლებას თვითონ უნდა მიხედოთ». ამასობაში, გათავხედებული «ბავშვის» ცელქობა ტოტალური დივერსიის ხასიათს და მურვან ყრუს შემოსევის მასშტაბს იძენდა.

არაერთი ადამიანი საქართველოში მიიჩნევს, რომ ამერიკელებს სააკაშვილი სჭირდებოდა ზუსტად ისეთი, როგორიც გახდა, მაგრამ, თუ ობიექტურად შევაფასებთ, თუ რა ზიანი მიაყენა მან აშშ-ის ინტერესებს რეგიონში, «დემოკრატიის წინ წაწევის» პოლიტიკას და რით დასრულდა მთელი ეს ვოდევილი, მათი ქცევა შეიძლება უკიდურესად არარაციონალურად მოგვეჩვენოს. ალბათ, გაცილებით ლოგიკური იქნება ჩავთვალოთ, რომ მათ, ჩვენსავით დაუშვეს შეცდომა, რომელიც ადრე, სხვა რეგიონებში არაერთგზის მოსვლიათ. თქმული არ ნიშნავს, რომ საბოლოო მიზნები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებას 2003-ში ბუშის ადმინისტრაციამ და ქართულმა საზოგადოებამ დაუსახა, იდენტური იყო და ადრე თუ გვიან ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ შევიდოდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ფიგურანტი დასაწყისშივე ასცდა მაგისტრალს და უფსკრულისკენ გაექანა.

პრეზიდენტ კენედის ყოფილი მრჩეველი, გამოჩენილი ისტორიკოსი არტურ შლეზინგერი (უმცროსი) თავის წიგნში «ამერიკული ისტორიის ციკლები» წერდა: «აზრი იმის თაობაზე, რომ იარაღის მიმწოდებელი შეიძლება აკონტროლებდეს მის მიმღებს, რომ პატრონი იმპერია შეიძლება აკონტროლებდეს კლიენტს «მესამე სამყაროში» მუდმივი ამერიკული შეცდომაა. ამ შეცდომამ, გაუგებარია როგორ, გაუძლო მწარე გამოცდილებას, რომელიც 40-იანებში ჩინეთში და 60-იანებში ვიეტნამში მივიღეთ. როგორც კი პატრონი პირობას დებს, რომ კლიენტს მისი მიზნების მიღწევაში დაეხმარება, მისი გავლენის საშუალებები სუსტდება. დღეს პატრონმა საკუთარ თავს უმაღლესი სანქციის უფლება, კლიენტისთვის დახმარების შეწყვეტა წაართვა. მიიღებს რა ერთხელ ამერიკულ დახმარებას, კლიენტი ვეღარ ხედავს მიზეზს, რომლის გამო უნდა წავიდეს დათმობებზე ადგილობრივ ჯგუფებთან, რომლებიც დემოკრატიულ ცვლილებებს და პოლიტიკურ პროცესში საკუთარი თავის ჩართვას მოითხოვენ. ამის ნაცვლად, მათ მარქსისტებს (წიგნი 1986-ში გამოქვეყნდა) უწოდებს და ამერიკელების მდუმარე თანხმობით თავს ესხმის». «კლიენტი აგდებით უყურებს პატრონს, რომელიც ასე იოლად გაასულელა», _ აღნიშნავს შლეზინგერი და დასძენს, რომ «80-ანი წლების ამერიკული «იმპერიის» ყველაზე ცუდი გამოვლინებები, ამერიკელების გამოუსწორებელი გულუბრყვილობისა და ამპარტავნების შედეგია, რომლითაც თაღლითები «მესამე სამყაროდან» ასე მოხდენილად სარგებლობენ».

ძნელი მოსაძებნია ტექსტი, რომელიც უფრო კარგად აღწერს იმ შეცდომის არსს, რომელიც ამერიკელებმა, მისი გამოქვეყნებიდან 20 წლის შემდეგ, საქართველოში დაუშვეს. საუბარი ამ თემაზე ძალიან დიდხანს შეიძლება, მაგრამ ეს ქართული საზოგადოების პასუხისმგებლობისგან შორს წაგვიყვანს. ის მოსაზრება, რომ შეიძლება ნაწილობრივ მაინც მოახდინო საკუთარი ხელისუფლების კონტროლის მოვალეობის დელეგირება უცხო სახელმწიფოზე ან საერთაშორისო სტრუქტურაზე, არსებითად სუვერენიტეტზე უარის თქმას წარმოდგენს. მაგრამ ჩვენ რატომღაც ჩავთვალეთ, რომ ამერიკელები ჩვენს საქმეს გააკეთებდნენ, თითს დაუქნევდნენ თავგასულ რეჟიმს, დაამშვიდებდნენ, დააბალანსებდნენ... ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ასე ხდება ხოლმე, დედა მამის რეაქციას ელოდება, მამა _ დედის, სკოლა ხელს ოჯახისკენ იშვერს, ოჯახი _ სკოლისკენ, ამასობაში კი მოზარდი დამნაშავედ ყალიბდება.

წერილის ავტორისთვის პრინციპულად მიუღებელია ძალადობის გამოყენება ბავშვის აღზრდის პროცესში, მაგრამ, რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მიიჩნევს, რომ ისინი მცირე გადაცდომისთვისაც კი სასტიკად უნდა გაიროზგონ (ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით და არა ისე, როგორც ქართველი პოლოტიკოსების გადამკიდე, ზოგიერთმა ამ ფრაზის წაკითხვის შემდეგ იფიქრა), არც ერთი მათი გადაცდომა შეუმჩნეველი და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. როგორი გახდებოდა საქართველო იმ შემთხვევაში, თუ 2004 წელს, როდესაც სააკაშვილმა კონსტიტუციის დიქტატორული რედაქტირება დაიწყო, საზოგადოება აქტიურ, აგრესიულ (ამ სიტყვის არ უნდა შეგვეშინდეს) პროტესტს გამოხატავდა? ან კიდევ მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ დამოუკიდებელ მედია-საშუალებებს შეუტია და პირველად გამოიყენა სამართალდამცავი სტრუქტურები, როგორც რეპრესიული ხელკეტი. ვინ იცის, იქნებ ამ შემთხვევაში არც 7 ნოემბერი და შემდგომი, მისგან გამომდინარე ტრაგიკული მოვლენები არ მოხდებოდა? მაგრამ, ალბათ, უნდა ითქვას, რომ მაშინ სამართლიანობისა და დემოკრატიის დაცვა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მთავარ პრიორიტეტს არ წარმოადგენდა და ძალიან ცოტა ადამიანი მზად იყო, შესაბამისი იდეალების გამო საკუთარი თავისთვის თუნდაც ფარდობითი პრობლემები შეექმნა. რეალურად, პროტესტი გამოითქვა მხოლოდ მაშინ, როდესაც ვითარება აუტანელი გახდა, მაგრამ ამ მომენტისთვის რეჟიმს უკვე დაკარგული ჰქონდა რეალობის შეგრძნება და თვლიდა, რომ «დაუსჯელობის ლიცენზია» მიიღო.

დღეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს როზგავს (სხვა სახელის მოძებნა ამ პროცესისთვის ძალიან ძნელია), ამაში, ალბათ, არის ლოგიკაც და სამართლიანობის დაგვიანებული აღდგენაც, მაგრამ ახლა მთავარია არა ეს სახალისო სანახაობა, არამედ იმის პრევენციული ზომების მიღება, რომ მსგავსი სამარცხვინო სცენა საქართველოს ისტორიაში აღარასოდეს არ განმეორდეს.

პრობლემები ნელ-ნელა გროვდება; ზოგიერთი მინისტრი თუ უმრავლესობის წევრი აშკარა შეცდომებს უშვებს, საკადრო პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში კოშმარულ სიზმარს მოაგონებს, ნეპოტიზმი საშიშ მასშტაბებს იღებს, ქართული პოლიტიკა მნიშვნელოვანწილად მოექცა ჩრდილში, ხდება რაღაც გაუგებარი, გაუმჭვირვალე და ხშირ შემთხვევაში ძალიან საეჭვო, მაგრამ ამაზე ღიად თითქმის არავინ საუბრობს, რადგან საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ სურს, ირიბად მაინც, ხელი «ნაციონალების» პროპაგანდას შეუწყოს. ეს არანორმალური ვითარებაა, კრიტიკა და დისკუსია არ შეიძლება დაიბლოკოს იმის გამო, რომ მას თავისი მიზნებისთვის «ნაციონალები», კომუნისტები ან ფაშისტები გამოიყენებენ. დრო კი გადის, ნელ-ნელა ყალიბდება ხელისუფლების და საზოგადოების კომუნიკაციის, უფრო ფართოდ კი ურთიერთქმედების არაჯანსაღი სტილი, რომელმაც მომავალში შეიძლება ძალიან დიდი პრობლემები მოიტანოს. ალბათ, უნდა წარმოვიდგინოთ, რომ «ნაციონალები» ბუნებაში არ არსებობენ, ან მთავრობის კრიტიკას წინ დავურთოთ დაახლოებით ასეთი ფორმულა: «ეს, ცხადია, არ არის ის საშინელება, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი სჩადიოდა, მაგრამ...». უსამართლობის კვალობაზე გამოხატული მკვეთრი პროტესტისა და კრიტიკის გარეშე, ნებისმიერი ხელისუფლება მალევე გაირყვნება, თუნდაც ის ცითმოსული ანგელოზებისგან შედგებოდეს.

პარადოქსული კია, მაგრამ ამავე დროს, ალბათ, კანონზომიერია _ «ნაციონალური მოძრაობა», ოპოზიციაში ყოფნის პირობებშიც კი დემოკრატიისთვის ზიანის მიყენებას ახერხებს; პოლიტიკურ არენაზე მისი არსებობის ფაქტი ხელს უშლის უამრავ ადამიანს, ხელისუფლება გააკრიტიკოს.

მარტივი მაგალითი: იყვნენ თუ არა ახალი ხელისუფლების ჩინოვნიკები გასაროზგნი იმისთვის, რომ საკუთარი თავისთვის საკმაოდ დიდი პრემიების გამოწერა დაიწყეს? (ისე თავხედურად არა, როგორც ამას «ნაციონალები» აკეთებდნენ, მაგრამ მაინც). ალბათ, იყვნენ, მაგრამ ხმა კაციშვილს არ ამოუღია და ამის გამო ხვალ შეიძლება უარესი მოხდეს. რატომ ვიქცევით ასე? იმის გამო, რომ «ერთიან ნაციონალურ მოძრაობად» წოდებული მარგინალური, იზოლირებული ჯგუფი (არაფერი საწყენი ამ დახასიათებაში არაა; ეს ფაქტის კონსტატაციაა) ამას თავისი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენებს თუ იმის გამო, რომ ისევე, როგორც 2004-05 წლებში ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაფუჭება და საკუთარი თავისთვის თუნდაც თეორიული პრობლემების შექმნა არ გვსურს? მაშინ რა გვიცავს, მორიგი მახინჯი რეჟიმის ჩამოყალიბებისგან ბიძინა ივანიშვილის კეთილი ნების გარდა? მაგრამ ერთი ადამიანი, რაოდენ ჭკვიანი და გავლენიანი არ უნდა იყოს, ან თუნდაც კეთილშობილი ადამიანების მთელი ბატალიონი, ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერ გააკეთებს. შესაძლოა, საზოგადოება ამ შემთხვევაშიც იცილებს საკუთარი პასუხისმგებლობის იმ ნაწილს, რომელიც «ვარდების რევოლუციის» შემდეგ ძია სემსა და სააკაშვილის გუნდის წარმოსახვით კეთილგონიერებას გადააბარა. ამჯერად, სავარაუდოდ, ჩავთვალეთ, რომ ჩვენი საქმე (პოლიტიკოსების მუდმივი კონტროლი) ივანიშვილის გასაკეთებელია.

არგუმენტი აუცილებელ მდუმარე პაუზაზე, მორატორიუმზე იმ პერიოდში, რომელიც სააკაშვილის ჯგუფისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებას სჭირდება, თავის დროზე ლოგიკას მოკლებული არ იყო, მაგრამ დღეს ის გადაიქცა ერთგვარ ფარად მანიპულატორებისთვის, რომელთა მიზანი არა დემოკრატიის, არამედ ახალი ცეზარისტული რეჟიმის ჩამოყალიბებაა, რომლის პირობებში თავს კომფორტულად იგრძნობენ. ალბათ, უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ აღარ განვიხილავთ სააკაშვილს და «ნაცმოძრაობას» (მორჩა, გათავდა, წერილი წაიღო), როგორც შემაფერხებელ ფაქტორს და დღესვე დავიწყებთ ნორმალურ დიალოგს, აზრთა კრიტიკულ გაცვლასა და დისკუსიას ისე, როგორც ეს ნორმალურ ხელისუფლებასა და ნორმალურ საზოგადოებას შეშვენის.