"ევროპარლამენტს ჰყავს 754 დეპუტატი, ბიძინა ივანიშვილის მისამართით დაწერილ წერილს კი ხელს აწერს 23 კაცი, თანაც მხოლოდ ევროპის სახალხო პარტიიდან. მეტიც, ხელმომწერთა შორის ერთი ქვეყნის წარმომადგენლები დომინირებენ. მართალია, ხელს რამდენიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელიც აწერს, მაგრამ, ძირითადად, მაინც პოლონელი დეპუტატები არიან - კაჩინსკის პარტიის წარმომადგენლები და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების დეპუტატები. 23 დეპუტატი 754-დან მთელი რაოდენობის სადღაც 2,5%-ია, მაშინ, როდესაც თვითონ ევროპის სახალხო პარტიას ევროპარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქცია აქვს, დაახლოებით 250 კაცის შემადგენლობით. მოგეხსენებათ, ამ პარტიის წევრია "ნაციონალური მოძრაობაც". საკუთარ პარტიაშიც კი 10%-საც ვერ აგროვებს სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლება მათთვის სასურველ და საკმაოდ უხამს ტექსტზე ხელმოსაწერად. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპარლამენტის სულ რაღაც 2.5% გელაპარაკება მთელი ევროპის სახელით, სრულიად შესაბამისია საქართველოს პარლამენტისადა რესპუბლიკუ¬რი პარტიის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პასუხი", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობისა და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერი დავით ბერძენიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "საკონსტიტუციო ცვლილების მხარდამჭერთა რიცხვი ასს ასცდება".
"არასათანადო პრეტენზიების მქონე 23-კაციანმა ჯგუფმა ევროპის სახელით დააპირა საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო ლანძღვა, შესაბამისად, მიიღო შესაფერისი, კვალიფიციური და გაცილებით კორექტული პასუხი. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ ბევრი საგულისხმო რამ შეახსენა. ამ დეპუტატებს შორის არიან ისეთებიც, ვინც კარგად გვიცნობს და იციან, რას წარმოადგენს რესპუბლიკური პარტია, იციან ჩვენი პოლიტიკური წარსული და დისიდენტობაც. სწორედ ამიტომ გაუსვა ხაზი ამ ფაქტორს პარლამენტის სპიკერმა და მიანიშნა - შეგნებულად ცრუობთო. როგორ შეიძლება რუსეთის ინტერესების გამტარებელი იყოს საქართველოს ახალი ხელისუფლება, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც რესპუბლიკური პარტიაა? ასე რომ, უსუფაშვილმა მათ სათანადო - 2,5%-იანი ადგილი მიუჩინა ევროპარლამენტის სახელით უპასუხისმგებლო ლაპარაკის გამო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ბერძენიშვილი.
"იუსტიციის საბჭოს შეცვლის პროცესი წარიმართება მხოლოდ და მხოლოდ კანონის შესაბამისად და გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც. ამ კომისიის შეფასებით, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები აუმჯობესებს ორგანული კანონის ბევრ დებულებას და კანონს ევროპულ სტანდარტებთან აახლოებს. მოკლედ გეტყვით, რა შეიცვლება - პრეზიდენტი ვეღარ დანიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ის 15 წევრიდან 2-ს ნიშნავდა. შესაბამისად, პარლამენტი აირჩევს 4-ის ნაცვლად 6 წევრს, ოღონდ ესენი იქნებიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და არა პარლამენტარები, როგორც ეს აქამდე იყო. იუსტიციის საბჭოში ადგილს შეინარჩუნებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მერწმუნეთ, ეს კანონი გაცილებით გააუმჯობესებს სასამართლო სისტემას", - განმარტავს რესპონდენტი.
"2004 წელს მიხეილ სააკაშვილმა გადადგა სრულიად არადემოკრატიული ნაბიჯი და უკანონოდ მიიკუთვნა იმგვარი უფლება, რაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ვენეციის კომისიის კრიტიკის საგნად იქცა. მან დაიკანონა არა მხოლოდ მთავრობის დათხოვნის უფლება, არამედ ამ მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტების შესაძლებლობაც. დღეს დგას საკითხი ასე, რომ მას ეს ავტორიტარული უფლება ჩამოერთვას. მომზადებულია საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღონ, არჩევანი გააკეთონ წესიერებასა და უწესობას შორის. ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდამჭერთა რიცხვი ასს ასცდება. ვვარაუდობ, კიდევ რამდენიმე ათეული დეპუტატი დაუჭერს ამას მხარს უმცირესობიდან, ისინი, ვინც ბოლო წამს მოიფიქრებენ დაძრულ მატარებელზე შეხტომას", - განაგრძობს დავით ბერძენიშვილი.
"გარდა ორი საკონსტიტუციო ცვლილებისა, სხვა ინიციატივა კონსტიტუციასთან დაკავშირებით მომზადებული არ არის. პირველზე უკვე მოგახსენეთ, მეორე ცვლილების განხილვა კი პარლამენტის ადგილსამყოფელის განსაზღვრას ეხება და მარტის ბოლოს დაიწყება. ვფიქრობ, ეს ცვლილებაც განხორციელდება. რაც შეეხება კონსტიტუციაში საგარეო კურსის თაობაზე ჩანაწერს, მე ვიყავი ინიციატორი, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანის თაობაზე კონსტიტუციის პრეამბულაში ჩაგვეწერა, ეს კვლავაც შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, თუმცა ამჯერად ამგვარი ინიციატივის საკანონმდებლო დონეზე განხილვა არ იგეგმება. პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საგარეო კურსის შესახებ, რომელზეც ხელი საპარლამენტო უმცირესობამაც მოაწერა, რის შემდეგაც კიდევ უფრო კარიკატურულად იქცა ისედაც სასაცილო 19 აპრილის აქციის ანონსი", - დასძენს რესპონდენტი.