პორტუგალიურმა გამოცემამ Diario de Noticias გამოაქვეყნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სტატია, სათაურით "საქართველოს ხედვა".
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სტატიაში მაია ფანჯიკიძე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში განხორციელებულ ცვლილებებსა და ახალი გუნდის მთავარ პრიორიტეტებზე საუბრობს.
"ჩვენი პოლიტიკური კოალიციის მთავარი მიზანია უფრო ძლიერი და ეფექტური დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ჭეშმარიტად დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, კანონის უზენაესობის განმტკიცების, კარგი მმართველობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპის დამკვიდრების, ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოთა გამჭვირვალობის შენარჩუნების პროცესში", - ნათქვამია მაია ფანჯიკიძის სტატიაში.
მინისტრი აღნიშნავს, რომ საარჩევნო დაპირებების შესრულების მიზნით საქართველოს ახალმა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართულებები შეცვალა და იგი სოციალურად ორიენტირებული გახადა. "ეს იყო სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს შექმნის გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯი,"- წერს მინისტრი.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი Diario de Noticias-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საკონსტიტუციო ცვლილებებზეც საუბრობს. მაია ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციაში გასულ წელს შეტანილი ცვლილებები განუსაზღვრელ ძალაუფლებას ანიჭებს პრეზიდენტს და უგულვებელყოფს საკანონმდებლო ორგანოს მთელ რიგ უფლებებს.
"დაგეგმილი კონსტიტუციური ცვლილებების მიზანია, აღადგინოს პარლამენტის თავდაპირველი ფუნქციები, კერძოდ, ხელისუფლების აღმასრულებელ შტოზე ზედამხედველობის ფუნქცია. ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველად მივაღწიეთ იმას, რომ პარლამენტში არ არსებობს საკონსტიტუციო უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციის თანხმობა სჭირდება იმისთვის, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ბალანსის სისტემა ამოქმედდეს. პარლამენტმა უკვე დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების ტრანსპარენტული პროცესი, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო კონსტიტუციონალისტ ექსპერტებს მოიცავს", - აღნიშნავს მაია ფანჯიკიძე.
საგარეო საქმეთა მინისტრი სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხსაც ეხმაურება. მისი თქმით, მთელი რიგი ნაბიჯების მიუხედავად, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის მიღწევა წინა წლებში არ მოხდა. "მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა სასამართლო სისტემაში კორუფციის აღმოფხვრისა და სასამართლო ადმინისტრაციის გაუმჯობესების მიზნით, რთული აღმოჩნდა სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საგამოძიებო სამსახურებსა და სასამართლოს შორის არსებული უკანონო კავშირი შეწყდა. მმართველი პოლიტიკური ძალის შეცვლამ ბუნებრივად გადაწყვიტა ის პრობლემა, რომელსაც ქმნიდა პროკურორების მიმართ მოსამართლეთა ლოიალური დამოკიდებულება. სასამართლო სისტემას აქვს მყარი პოტენციალი იმისთვის, რომ გახდეს სრულიად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს მიმართ სასამართლო შტოს ლოიალური დამოკიდებულების აღმოფხვრა თავისთავად პოზიტიური ფაქტია, მაგრამ არა - საკმარისი,"- აღნიშნავს მაია ფანჯიკიძე.
Diario de Noticias-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მაია ფანჯიკიძე დიდ დროს უთმობს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ სტატეგიაზე საუბარს. მინისტრი აღნიშნავს, რომ ახალი მთავრობის უპირველეს პრიორიტეტად რჩება ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის განმტკიცება და არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება, ისევე როგორც პრიორიტეტული და უცვლელია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება.
"საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი საქართველოს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის ძირითად საკითხად რჩება და მას ჭეშმარიტად დემოკრატიული და წარმატებული ქვეყნის მშენებლობის ერთადერთ გზად მივიჩნევთ. ევროპულ ოჯახში რეინტეგრაცია ჩვენი ერის გულწრფელი სურვილია. ქართველებს საკუთარი თავი ყოველთვის მიაჩნდათ ევროპული ცივილიზაციის ნაწილად როგორც გეოგრაფიული, ისე მენტალური თვალსაზრისით. ჩვენ გავაძლიერებთ და გავაღრმავებთ თანამშრომლობას საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან და შევინარჩუნებთ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ყველა მეზობელ ქვეყანასთან. დემოკრატიული მომავლისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოს აქვს პატივი, ამერიკის შეერთებული შტატები თვლიდეს თავის სტრატეგიულ პარტნიორად. გარდა ამისა, საქართველო ცდილობს, გააძლიეროს ორმხრივი ურთიერთობები ევროპის, აზიის, აფრიკის, ოკეანეთის, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან," - ნათქვამია მინისტრის სტატიაში.
აქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ რუსეთთან დაწყებულ დიალოგსაც ეხმაურება. "მტკიცედ გვწამს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მცდელობა, დავიწყოთ რუსეთთან დიალოგი საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით. გვჯერა, რომ საწყის ეტაპზე შესაძლებელი იქნება რუსეთთან სავაჭრო, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობათა აღდგენა. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ უნდა შენარჩუნდეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი და მიღწეულ იქნას საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია,"- აღნიშნავს მინისტრი.
სტატიაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი პორტუგალიასა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებსაც ეხმაურება. მისი თქმით, საქართველო აქცენტს აკეთებს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაფართოებაზე. მისივე თქმით, საქართველომ პორტუგალიის ეკონომიკური პოტენციალი და გამოცდილება უნდა გამოიყენოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა განვითარების სფეროში და მიიზიდოს პორტუგალიური ინვესტიციები. "აუცილებელია ეკონომიკური კავშირების გააქტიურება ორი ქვეყნის საქმიან წრეებს შორის. ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პორტუგალიის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკას", - ნათქვამია მაია ფანჯიკიძის სტატიაში.
მინისტრი მიიჩნევს, რომ აუცილებელია პორტუგალიის მეტი ინფორმირება საქართველოს შესახებ. ამ კონტექსტში, მაია ფანჯიკიძის აზრით, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს სხვადასხვა კოლტურულ ღონისძიებებს.
საქართველომ პორტუგალიურენოვანი ქვეყნების გაერთიანების წევრობის მოპოვების მიზნით 2012 წლის იანვარში ოფიციალური მოთხოვნა წარადგინა. საქართველოში პორტუგალიური ენის პოპულარიზაციის მიზნით კი, 2013 წლის მარტში ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა.
მინისტრის სტატიის ქართული ვერსია "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა მიაწოდა.