"გუშინ მთელი დღე ავრცელებდა რექტორი "ფეისბუკით", რომ სტუდენტები მოგროვდით და დაიცავით ბენდუქიძეო. ეს სტუდენტები, ვინც რექტორატმა დაიყენა გვერდით, ძირითადად ის ბაკალავრები არიან, ვინც მასწავლებლად გადმოიყვანეს ბენდუქიძის უნივერსიტეტიდან და ბიზნეს-ადმინისტრაციის სტუდენტები, ამათ აგრარულ მიმართულებასთან კავშირი არანაირად არ აქვთ. სინამდვილეში ხდება უამრავი დარღვევა: რასაც აკეთებს ილიაუნი, იგივე ხდება ბენდუქიძის უნივერსიტეტშიც. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ყოფილი განათლების მინისტრი ხატია დეკანოიძე ახლა ამ უნივერსიტეტშია, მაგრამ რას აკეთებს, არავინ იცის. ჯანდაცვის მინისტრი ანდრო ურუშაძე აგრარულ უნივერსიტეტშია. ეკა კვესიტაძის ქმარი შოთა უტიაშვილი აქ მუშაობს. უკეთესს გეტყვით: გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილს ტელევიზია "ტაბულა" გახსნილი აქვს აგრარული უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსში", - აცხადებს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ლობჟანიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "კულუარული ინფორმაციები ბენდუქიძის აგრარული უნივერსიტეტიდან".
"ბენდუქიძე ყნოსვით გრძნობს დიდ ფულს. პრეზიდენტმა ერთხელ თქვა, რომ თანხის ჩადებას აპირებდა აგრარულ სექტორში და ჩაიდო 40 მილიონი. სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოუდგენელია აგრარული უნივერსიტეტის განვითარების გარეშე. როგორც კი თანხებზე დაიწყო ლაპარაკი, ბენდუქიძემ სასწრაფოდ დააფუძნა აგრარული განვითარების ფონდი და ეს მილიონები ამათ ხელშია. განათლების სამინისტრომ გამოარჩია აგრარული მიმართულებიდან ორი მიმართულება, აგრონომია და ვეტერინარია, რომელზეც სამინისტრო თანხის გაღებაზეა მზად, რომ ამ განყოფილებებზე უფასოდ იყოს სწავლება. არადა, საქართველოში ამ სპეციალობებზე სტუდენტები აღარ მზადდება. ყველა ის თანხა, რაც აქამდე გამოიყოფოდა, არის ჰაერში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ლობჟანიძე.
"აგრარული უნივერსიტეტი აღარ არის სახელმწიფო სტრუქტურა, დაფინანსება არანაირი აღარ გვაქვს, ყველა აგრარულ სპეციალობაზე სტუდენტები კანტიკუნტად გვყავს და ეს სპეციალობები მილევად რეჟიმშია. ბენდუქიძის ინტერესი უცნაურია: ჩვენთან გაიხსნა და ისწავლება სამშენებლო სპეციალობა, სამაგიეროდ სატყეოზე არის სულ 11 სტუდენტი. უნივერსიტეტი რომ ჩაიბარა ბენდუქიძემ, მას გარკვეული ვალდებულებები უნდა შეესრულებინა, რაც არ შესრულებულა და ამას ფინანსური პოლიცია გაარკვევს. დამფუძნებელი 8 წლის მანძილზე ვალდებულია, შეუნარჩუნოს უნივერსიტეტს აგრარული მიმართულება. არადა, ეს დღესვე ირღვევა. გარწმუნებთ, მთავრობა რომ არ შეცვლილიყო, აგრარული საკითხი ამ სასწავლებელში მალევე მომთავრდებოდა. ესენი აგრარულ სპეციალისტებს განიხილავენ, როგორც აგრარულ სექტორში დასაქმებულ მუშახელს და მუშების ჩამოყვანა უცხოეთიდან გაცილებით იაფი უჯდებათ. ბენდუქიძემ ხელში ჩაიგდო ქონება და სულ არ ადარდებს, ქვეყანაში იქნება თუ არა აგრონომი. დღეს ამ სასწავლებელს აქვს აგრარული უნივერსიტეტის სტატუსი. წესით კი, არ უნდა ჰქონდეს, რადგანაც სწავლების ყველა საფეხური მას არ აქვს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"აგრარული უნივერსიტეტის მთლიანი ფართობი არის 60 ჰექტარი და ბენდუქიძეს ვითომ აქ კამპუსი, ანუ სტუდენტური ქალაქი უნდა გაეშენებინა, მაგრამ ისეთ ხალხს აქვთ ის მიწები უკვე ნაყიდი, იქ ასეთი ქალაქის აშენება ტყუილია. სამწუხაროდ, არ ვიცით, ძველ სტუდქალაქში შენობები ვის საკუთრებაშია, ეჭვი მაქვს, ესეც ბენდუქიძისაა. დღეს აქაურ ლექტორებს აქვთ 600 ლარი ხელფასი და "თავისუფალი უნივერსიტეტიდან" მოყვანილ სტუდენტ ბაკალავრებს, ვინც სტუდენტებს ლექციებს უკითხავს, იმათ აქვთ 2000 ლარი", - დასძენს ზურაბ ლობჟანიძე.