რას გაითვალისწინებს ხელისუფლება ვენეციის კომისიის დასკვნიდან

რას გაითვალისწინებს ხელისუფლება ვენეციის კომისიის დასკვნიდან

”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონთან დაკავშირებულ ვენეციის კომისიის დასკვნას დადებითად აფასებს მისით დაინტერესებული ყველა მხარე - ხელისუფლება, ოპოზიცია, სასამართლო და არასამთავრობო სექტორიც. თითოეული მათგანი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიამ სწორედ მისი პოზიცია გაითვალისწინა. ამ კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი იუსტიციის სამინისტრო კი, თავად მინისტრი თეა წულუკიანი, აცხადებს, რომ, ვენეციის კომისიის დადებითი შეფასებიდან გამომდინარე, პარლამენტი კანონის განხილვას აღარ გადადებს და მეორე მოსმენით მის განხილვას მომავალი კვირიდან შეუდგება. უახლოეს მომავალში კი, წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო საზოგადოების წინაშე ახალი შემადგენლობით წარდგება.

”ჩვენ ძალიან მოკლე დროში გვეყოლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აბსოლუტურად ახალი შემადგენლობა”, - განაცხადა 11 მარტს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და იქვე ილაპარაკა საბჭოს დაკომპლექტების ძირითად პრინციპებზე, რომელიც, მისი თქმით, ვენეციის კომისიამაც მოიწონა. მისივე განმარტებით, მათი სურვილია საბჭოს ახალი წევრები კონფერენციამ დემოკრატიული წესით აირჩიოს.

”ვგულისხმობ იმას, რომ, ახლანდელისგან განსხვავებით, კენჭისყრა იქნება ფარული. და კოტე კუბლაშვილს, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, აღარ ექნება კანდიდატების დასახელების ექსკლუზიური უფლება. ისღა დაგვრჩენია, მომავალი კვირიდან პარლამენტში შევუდგეთ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სასამართლო რეფორმის მოდელი ყველაზე მეტად მიესადაგება და პასუხობს იმ დასკვნას, რომელიც ვენეციის კომისიამ მოამზადა. სწორედ ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას, პარლამენტს და მართლმსაჯულების წარმომადგენლებს სთავაზობენ კანონის შეჯერებულ და დაბალანსებულ ვარიანტს, სადაც მთავარი საკითხი ისევ და ისევ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრთა უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას ეხება. კერძოდ, აქ იგულისხმება, რომ მათი უფლებამოსილების შეწყვეტა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, ანუ უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ მხოლოდ ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ არჩეულ წევრებს:

”ხოლო წევრებს, რომლებიც, ამასთანავე, არიან სასამართლოს თავმჯდომარეები და მოადგილეები, უნდა მიეცეთ უფლება ამ ორ ადმინისტრაციულ თანამდებობას შორის არჩევანი გააკეთონ. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მოსამართლე წევრი, ამასთანავე, არის სასამართლოს თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე, თუ ის გადადგება თანამდებობიდან, მას აქვს უფლება შეინარჩუნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა. რაც შეეხება სასამართლოს იმ თავმჯდომარეებს და მოადგილეებს, რომლებიც არ არიან საბჭოს წევრები, მაგრამ აქვთ წევრობის სურვილი, მათ უნდა ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუ კოლეგების ნდობას მოიპოვებენ, მაგრამ მათი არჩევის შემთხვევაში ისინი უნდა გადადგნენ დაკავებული თანამდებობიდან”, - აცხადებს დავით ასათიანი, თავმჯდომარე ორგანიზაციისა ”ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის”. მისივე შეფასებით, ეს პრინციპი ხელს შეუწყობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდგრადობასა და მემკვიდრეობითობას და გააძლიერებს მოსამართლეთა კონფერენციის როლს.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური კი პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს არ აქციონ ეს საკითხი პოლიტიკური ვაჭრობისა და მანიპულაციების საგნად, რადგან ზოგადად პროცესისთვის, რომლის მთავარი მიზანი სასამართლო სისტემის რეფორმაა, არ იქნება სასარგებლო. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, რომლის სამუშაო ვერსიაზე დაყრნობით უკვე რამდენიმე ინტერპრეტაცია მოვისმინეთ, ეკა გიგაურის აზრით, კომისიამ მთლიანად არც ერთი მხარის პოზიცია არ გაიზიარა - არც ხელისუფლებისა და არც ოპოზიციის. დასკვნა, უფრო მეტად შუალედური ხასიათის, არასამთავრობო სექტორის ვარიანტთან მიახლოებულია.

”ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფორმა უმტკივნეულოდ გატარდეს და მხარეები შეთანხმდნენ ამაზე. ამ რეფორმის მნიშვნელობაზე ვენეციის კომისიაც ლაპარაკობს”.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლის პრინციპული საკითხის გარდა, განმარტავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, არსებობს ვენეციის კომისიის მიერ უკვე მხარდაჭერილი არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დღეს გარკვეულწილად ჩრდილშია მოქცეული. კერძოდ, საუბარია იმაზე, რაც ამ კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხევვაში უნდა მივიღოთ:

”სასამართლო სისტემაში გაიზრდება ინდივიდუალური მოსამართლის როლი; ასევე, იუსტიციის საბჭოს ფორმირების დროს მაქსიმალურად იქნება გადადგმული ნაბიჯები დეპოლიტიზაციისკენ, პრეზიდენტს აღარ ეყოლება წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში; ამავე დროს, დეპუტატებიც ვეღარ იქნებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლება აღარ იქნება მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა დასახელება, ეს უფლება მიენიჭება მოსამართლეთა კონფერენციას და წორედ ისინი გადაწყვეტენ, ვინ იქნება სასურველი კანდიდატი, რომ დაიკავოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საპასუხისმგებლო თანამდებობა”.

თავის მხრივ, 8 მარტის ვენეციის კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ დასკვნას დადებითად აფასებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილიც, რომელმაც 11 მარტს საგანგენო ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ვენეციის კომისიამ გაითვალსწინა სასამართლო ხელისუფლების მოსაზრებები. კუბლაშვილმა დასკვნის რამდენიმე მომენტზე გაამახვილა ყურადღება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ისევ და ისევ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის დაშლას უკავშირდება. მან ვენეციის კომისიის დასკვნიდან რამდნეიმე ციტატაც მოიშველია:

”ვენეციის კომისიის მოსაზრებით, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უწყვეტობას. საბჭოს ყველა წევრის ვადაზე ადრე შეცვლა დანერგავს იმის პრეცედენტს, რომ ყოველ ახალ მთავრობასა თუ პარლამენტს შეეძლება საბჭოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა. ბევრ შემთხვევაში ასეთი ცვლილება, განსაკუთრებით მცირე ვადაში, აღძრავს იმის ეჭვს, რომ რეალური განზრახვა შეიძლება იყოს საბჭოს მიმდინარე საქმეებზე ზეგავლენის მოხდენა. აქედან გამომდინარე, ვენეციის საბჭო რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავრობას, იუსტიციის საბჭოს მოქმედ შემადგენლობას მიეცეს მანდატის დასრულების შესაძლებლობა”.

საინტერესოა, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილიც ამბობს, რომ ვენეციის კომისიამ ოპოზიციის აზრი გაიზიარა და დასკვნაში ჩაწერა, რომ, მაგალითად, იუსტიციის საბჭოს ახალი წევრების არჩევნების დროს დაუშვებელია სასამართლოს თავმჯდომარეებს აეკრძალოთ, პრინციპულად და ზოგადად, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და გახდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.

ბოლო სიტყვა მაინც ხელისუფლებაზეა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა შესწორებები შევა კანონპროექტში „საერთო სასამართლოების შესახებ“, ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით. როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, ისინი აპირებენ რეკომენდაციების გაზიარებას, რის შემდგომაც პარლამენტში განსახილველად დაბალანსებული კანონპროექტი შევა.