"მაშინ ხმამაღლა ვთქვი, ძალოვან სტრუქტურებში მილიონები იფლანგება მეთქი. მე მევალებოდა, რომ ეს უნდა შემემოწმებინა და აღმოვაჩინე, რომ სამხედრო ფორმები, რომელიც თურქეთმა საქართველოს ჯარს აჩუქა, ვიღაცებმა სხვა გზას გაუყენეს და ამაზე ფული იშოვეს. ეს ვთქვი ხმამაღლა და მახსოვს, სამსახურში მერაბიშვილმა თვითონ დამირეკა ტელეფონზე და მითხრა, უშიშროების საბჭოში წარდგენილი ამ მასალის გამო მე-11 სართულიდან გადაგაგდებო. მაგ კონფლიქტის გამო დავტოვე სამსახური", - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი თემურ ხომერიკი, სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ყოფილი შეფი, გაზეთ "ქრონიკასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "მერაბიშვილმა თვითონ დამირეკა ტელეფონზე და მითხრა, უშიშროების საბჭოში წარდგენილი ამ მასალის გამო მე-11 სართულიდან გადაგაგდებო".
"შესყიდვების სამსახურში 2004 წელს ვიმუშავე და ვადასტურებ, რომ ელიტარული კორუფცია იყო. რეალურად ველოდით, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მაინც, დიდი ფულის ამღები ხალხი დასახელდებოდა. მართლაც, რეალური ფაქტები დაიდო, მაგრამ ეს ფაქტები ვერ აღიქვა საზოგადოებამ. იმიტომ, რომ "ნაციონალები" ფულს სხვისი სახელით იღებდნენ და ხარჯავდნენ. ამას წინათ რომ გვაჩვენეს, ახალციხეში რომელიღაც სტრუქტურამ ვანო მერაბიშვილის დაძალებით რომ იყიდა 7000-ლარიანი სახლი მილლიონ-ნახევარ დოლარად? ამ ფაქტების დადასტურება ძნელია, რადგანაც, თუ მყიდველებმა არ თქვეს, რომ ეს ფაქტი ძალმომრეობით მოხდა, ძალიან ძნელია, ამ შემთხვევაში იგივე მერაბიშვილი პირდაპირ დადანაშაულდეს", - აღნიშნავს გამოცხემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ ხომერიკი.
"კორუფცია ყველაზე რთულად დასადასტურებელი დანაშაულია, არადა ქვეყნისთვის ყველაზე დამანგრეველია. ეს ფული ხომ ნაწილდება ზემოთ, ეშელონებში? ის ადამიანი, რომელმაც ფული მოხსნა, ჩანს, მაგრამ მისგან ის თანხა როგორ გადაედინება სხვის ჯიბეებში - არა. ხვალ რომ მოვინდომო, ამ კონკრეტული ადამიანის საშუალებით დავუბრუნო ბიუჯეტს თანხა უკან, ვერ ვახერხებ, რადგანაც ეს უკვე გადანაწილებულია ზემოთა ქსელში. იმ ქსელიდან კი ეს ხალხი ძალიან კარგად არის მოკალათებული უკვე ოპოზიციაში. შეიძლება, პარლამენტში ოპოზიციას წარმოადგენდეს შესყიდვების ხელმძღვანელი გიორგი მელაძე? მართალია, ხმას არ იღებს, მაგრამ როგორი ოპოზიციონერია? ლევან ბეჟაშვილი თავის დროზე იყო ძალიან კარგი "აპარატჩიკი", მაგრამ რაც მან გააკეთა არჩევნების წინ, ის შეკვეთები და გაყალბებები, ის როგორ უნდა მელაპარაკებოდეს კანონზე? მე ადეიშვილიც მახსოვს, შესანიშნავი იურისტი, მაგრამ მან შექმნა უბედური წესები, იგივე უწესობის დასამკვიდრებლად. ხოლო მერაბიშვილს იმდენი ტვინი არ ჰქონდა და ღიად უტევდა ყველას, მაგრამ იგივე მერაბიშვილი დღეს ვიღაცისთვის მისაღებია, რომ იყოს ოპოზიციის ლიდერი", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ჩვენთან ტენდერები როგორ ტარდებოდა, იცით? ცხადდებოდა ფასი, მაგრამ ეს დასახელებული სამუშაოს სრულად შესრულების ფასი ნამდვილად არ იყო. იყო კომპანიები, რომლებიც მხოლოდ ფასით იგებდნენ ტენდერს, ამის შემდეგ ეს კომპანია ეძებდა უკვე რეალურად საქმის გამკეთებელს და უკვე ისინი ასრულებდნენ სამუშაოს, მაგრამ ისინი როგორღა შეასრულებდნენ საქმეს ამ არარეალურ ფასად? ამიტომ ისინი ამ საქმეს, ან ნახევრად ასრულებდნენ, ან დარღვევით. მახსოვს, როცა ვანო მერაბიშვილი უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი იყო, ბატონი პალიკო კუბლაშვილი მისი დავალებით ყველგან დარბოდა. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში რომ ვიყავი, პალიკო კუბლაშვილს სულ აწუხებდა ერთი რამ, რასაც ხმამაღლა ამბობდა: რა უნდა გააკეთოს მთავრობამ და როგორ უნდა შეიცვალოს წესები ისე, რომ შესყიდვები "ნაციონალების" სურვილისამებრ განხორციელდესო", - დასძენს თემურ ხომერიკი.