„ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, როგორც მოძრაობა წავაწყდით, მალე და ეფექტურად შევძლებთ, როგორც პოლიტიკური პარტია“

„ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, როგორც მოძრაობა წავაწყდით, მალე და ეფექტურად შევძლებთ, როგორც პოლიტიკური პარტია“

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე ყოფილმა წევრმა, ანა დოლიძემ სახალხო მოძრაობიდან, პოლიტიკური პარტიისკენ აიღო გეზი. რამდენიმე დღის წინ ანა დოლიძემ პარტია „ხალხისთვის“ პრეზენტაციაც გამართა. როგორც მან for.ge-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, ამ მომენტში განიხილავს მერობისთვის ბრძოლაში ჩაბმის საკითხსაც, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს. მისივე თქმით, პარტიიდან იბრძოლებს სასამართლო რეფორმის შესაცვლელად. დოლიძე მიიჩნევს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს, პარლამენტში მმართველი გუნდის ლიდერი ირაკლი კობახიძე მფარველობს.

for.ge ანა დოლიძეს ესაუბრა.

რატომ გადაწყვიტეთ მოძრაობა პარტიად გადაგექციათ?

- ზუსტად ერთი წლის წინ მოძრაობა დავაარსეთ. ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, როგორც მოძრაობა წავაწყდით, მალე და ეფექტურად შევძლებთ, როგორც პოლიტიკური პარტია, რომელიც შეძლებს, რომ ყველა ცვლილება გადააქციოს კანონპროექტად და გაიტანოს. ჩვენ, დღეს, როგორც მოძრაობას შეგვეძლო რაღაცა საკითხების წამოწევა - ეს იქნებოდა საპენსიო სესხებზე პროცენტების დაწევა თუ აზარტული თამაშები, მაგრამ ამ პრობლემების გადაჭრას ძალაუფლება სჭირდება. ამასთან, დიდუბე-ჩუღურეთმა აჩვენა, რომ სწორედ ასეთ ძალაზეა დაკვეთა და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პარტიის ფორმაშიც ასეთ ძალაზე მხარდაჭერა იქნება.

თქვენ ახსენეთ, რომ როდესაც მოძრაობა გქონდათ ბევრ პრობლემას წააწყდით. აზარტული თამაშებისა და საპენსიო საკითხის გარდა შეგიძლიათ გვითხრათ კიდევ რა პრობლემები დაინახეთ?

- პირველი, ეს არის სასამართლო რეფორმა. ჩვენთან არაა პოლიტიკური ძალა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ნდობა გააჩნია. ასევე, ამ პოლიტიკურ ძალებს საერთაშორისო გამოცდილება და კომპეტენცია არ გააჩნიათ, რათა სასამართლო რეფორმა განახორციელონ. ამის უფლება როგორც იუსტიციის საბჭოში დამოუკიდებელ წევრს „ქართულმა ოცნებამ“ არ მომცა. აქედან დაწყებული, ონლაინ აზარტული თამაშების აკრძალვით დასრულებული, ყველაფერი მოსაგვარებელია. ასევე ინფრასტრუქტურული პრობლემებია. ზოგადად, ქვეყანას მიხედვა სჭირდება. ამ პრობლემების მოგვარებას პოლიტიკური ძალა სჭირდება. კარგია მოძრაობა, მაგრამ პარტია არის მექანიზმი, რომ ეს გაატარო. სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა სხვა საშუალებას არ იძლევა. საბოლოო ჯამში მაინც გჭირდება, რომ პარტია გახდე.

სასამართლო რეფორმა ახსენეთ. თქვენ იყავით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევანი უნდა გაიმართოს, როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს?

- დღეს უნიკალური მომენტია, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამდენ ადამიანს ვადა გაუვიდა და უნიკალური მომენტია, რომ რაღაც ნაბიჯები უკეთესობისკენ გადაიდგას, თუნდაც შარლ მიშელის შეთანხმების დანერგისთვის.

თქვენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გარედან ადევნებთ თვალს. ახლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რა მინუსებს და პლუსებს ხედავთ?

- ერთადერთი შეიცვალა ის, რომ ადრე ყოველ ორშაბათს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უმწვავესი დებატები იყო ხოლმე და მედიის მხრიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საქმეები ძალიან აქტიურად შუქდებოდა, ახლა ესე აღარ ხდება. თუმცა, პრობლემატიკა ისევ იგივეა. ახლა, ყველას ვადა ერთბაშად გასდით. ისტორიული შანსია, რომ რაღაც შეიცვალოს.

შარლ მიშელის დოკუმენტი ახსენეთ და იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევნების დროს მისი რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება?

- ხელისუფლება მზად არ არის, რომ დათმობაზე წავიდეს. მზად არის, რომ რაღაცები გადმოაგდოს, მაგრამ როდესაც მას სჭირდება რეალური დათმობა, ის ამ დათმობაზე არ მოდის. პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადება მოვისმინე, რომ თურმე არჩევნების გადავადება არ შეუძლიათ, როგორ არ შეუძლიათ - გარდამავალ დებულებებში ამ ცვლილების შეტანა შესაძლებელია.

თქვენი აზრით, რატომ არ იხევს ხელისუფლება უკან?

- სასამართლო მათთვის მთავარი ბერკეტია. სასამართლო შეიძლება პოლიტიკური დევნის იარაღად იქნას გამოყენებული. სასამართლო შეიძლება ბიზნესის წნეხის ინსტრუმენტად იქნას გამოყენებული. ყველაფერი სასამართლოზე დგას. სასამართლოს დათმობა ხელისუფლების მხრიდან იქნება რეალური დათმობა. კოსმეტიკურად რაღაცებს გადაასწორებენ-გადმოასწორებენ ხოლმე, მაგრამ რეალურად ძალაუფლების დათმობას არ აპირებენ. არადა ახლა, როდესაც უმეტესობას ვადა ერთდროულად ეწურება, ეს არის უნიკალური შანსი. უნდა ხელისუფლებას 4-5 თავისუფალი ადამიანი? - სისტემა დაინგრევა და ეს ძალიან კარგად იციან.

თქვენი აზრით, ვინ დაიკავებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების ადგილს?

- ასეთი სიტუაციაა - რატომ ცვლიან თავმჯდომარედ ერთი და იგივე ადამიანს? ვასილ მშვენიერაძესა და დიმიტრი გვირტიშვილს იქით-აქეთ დაატარებენ და ხან სად დანიშნავენ და ხან სად. კლანს ასეთი სანდო წევრი არ ჰყავს. ასეთი ბევრი არაა, სულ რამდენიმეა. სხვა წევრები რომ დანიშნონ, კლანისთვის საფრთხე იქნება. ყველა კლანის წევრი მურუსიძეა, რადგან ვიწრო წრეშია და დაკვეთებს ახორციელებს. თუმცა, ჩინჩალაძე-მურუსიძის მთავარი მფარველი პარლამენტში ირაკლი კობახიძეა.

გააქვთ არგუმენტი, რომ ირაკლი კობახიძე ჩინჩალაძე-მურუსიძის მფარველია?

- შეგიძლიათ მათი შეხვედრები ნახოთ. ყველაზე აქტიურად პარლამენტიდან მიქაუტაძე ირაკლი კობახიძეს ხვდება. ჩემი გადმოსახედიდან ყველაზე ცუდი კანონპროექტი ვინ დაუწერათ? ეს იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც ამ კლანს კბილებით იცავს.

თქვენი პარტიის დაფუძნების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ასამართლო სისტემას ებრძოლოთ?

- პარტია იმიტომ ჩამოვაყალიბეთ, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმა გვჭირდება, მათ შორის სახელისუფლებო ბერკეტების მოპოვების კუთხით. მაგალითებს გეტყვით, სამგორში მინდოდა წყალი გამეკეთებინა, მაგრამ შევქმენით წნეხი და საბოლოო ჯამში გამგეობამ გააკეთა. თუმცა, ივერთუბანში მერია კანალიზაციას არ აკეთებს. ანუ, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი რომ განახორციელო, ბერკეტები გჭირდება.

მერია და გამგეობა ახსენეთ და ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მერობისთვის ხომ არ იბრძოლებთ?

- საზოგადოებაში ამაზე საუბარი არის და ცოტა სასაცილოა, როდესაც საკუთარ თავზე ჭორებს ვიგებ. თუმცა, ამ საკითხზე დავფიქრდი. ჯერჯერობით ამ გადაწყვეტილებამდე არ მივსულვარ, რადგან ჯერ პარტიაში სხვა ბევრი საქმე გვქონდა. მერობა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ როგორც კანდიდატი, რითი მოდიხარ. ჯერ მნიშვნელოვანია, როგორც პარტიული სტრუქტურა ჩამოვყალიბდეთ, რათა კონკრეტული გეგმა წარმოვადგინოთ. თუმცა ამ შესაძლებლობასაც განვიხილავ.

თუ ითანამშრომლებთ ოპოზიციასთან?

- გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. საპენსიო სესხის პროცენტის დაწევასთან დაკავშირებით ყველას დაველაპარაკები, მაგრამ კოალიციურ გაერთიანებაზე საუბარი ნაადრევია. „ნაციონალური მოძრაობა“ ამდენ ხანს კოალიციაზე საუბრობდა და პარლამენტში ახლაც არ შესულა.

Aburjga Tasmanieli Really Crazy! Here is how politics excites people!
2 წლის უკან