ავთანდილ მარგიანი: საბჭოთა ანაბრები „მოქალაქეთა კავშირის“ რეფორმატორთა გუნდმა შეჭამა!

ავთანდილ მარგიანი: საბჭოთა ანაბრები „მოქალაქეთა კავშირის“ რეფორმატორთა გუნდმა შეჭამა!

„იმ პატიოსანი, მშრომელი ადამიანების ვალების გასტუმრება ყველა ხელისუფალის უპირველესი მოვალეობა უნდა იყოს. მე ამ თემაზე ბევრი მიმუშავია და იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩვენს მოპოვებულ დოკუმენტაციას გაეცნობა და ამ საქმეს სამართლიანად გადაწყვეტს“ - აცხადებს ავთანდილ მარგიანი.

სანამ ამაზე ვისაუბრებდეთ, გვითხარით, როგორ მოხდა ანაბრების დაკარგვა?

- უცოდინარმა და სამშობლოს მოღალატე მარალჩინოსნებმა ხალხის ფული გაფანტეს და ჯიბეში ჩაიდეს. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან მოყოლებული, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებით დამთავრებული, ყველას მიუძღვის წვლილი ამ უბედურებაში. არცერთმა არ იზრუნა, რომ პატიოსანი ხალხის შრომით მოპოვებული დანაზოგი არ დაკარგულიყო. ეს დანაზოგი 1992 წლის ივლისის მდგომარეობით, 12 მილიარდ 156 მილიონ მანეთს შეადგენდა. ამავე წლის ივნისის ბოლოს საქართველოს მთავრობასა და პირადად ედუარდ შევარდნაძის მიერ მოსახლეობას ემცნო, რომ, ვინც ივლისის თვეში სახელმწიფო შემნახველ ბანკში ფულს შეიტანდა, თანხა გაუორმაგდებოდა. მოსახლეობამ ირწმუნა ეს, უმრავლესობამ საცხოვრებელი ბინებიც კი გაყიდა და ამ დროს სახელმწიფო შემნახველ ბანკში დამატებით 8 მილიარდი მანეთი შევიდა. ამავე პერიოდში კომერციული ბანკების მიერ მოტყუებულმა მეანაბრეებმა 17 მილიონი მანეთი დაკარგეს.

ეს ფული ინფლაციამ შეჭამა?

- ინფლაცია რა შუაშია?.. ბანკში ჩაბარებული ფული ოქროსავით არის, ინფლაცია არ ეხება. ინფალაცია ეხება იმ ფულს, რომელიც ტრიალებს. ეს ფული ბანკში იყო, კი ბატონო, კურსი შეიცვალა, მაგრამ ქაღალდი ხომ არ გაქრა?  მერე სხვა ფული რომ შემოვიდა, ბანკებში შენახული ფულიც ხომ უნდა გადაცვლილიყო ახალ ვალუტაში იმ კურსით, რაც დაწესდა? რა შუაშია ინფლაცია?

თუ ხაზინაში ფული იყო, რატომ მოუწოდა შევარდნაძემ ხალხს, სალაროში შემოიტანეთ და გაგიორმაგდებათო?

- ეს ჰკითხეთ მას, ვინც მაშინ ეკონომიკურ საკითხებს განაგებდა. ედუარდ შევარდნაძესაც ატყუებდნენ ბევრ რამეს.

ამ დროს დაიწყო ომი, ათასი უბედურება. ასეთ ვითარებაში ბატონი ედუარდი მეანაბრეების ინტერესებს წინა პლანზე ვერ დააყენებდა.

კიდევ ვიმეორებ, ანაბრები არსად გამქრალა, ბოლომდე იდო ბანკში, მაგრამ ამ ფულით სხვა პრობლემებს წყვეტდნენ! ხალხს ანაბრებს კი არა, ხელფასებსა და პენსიებს არ აძლევდნენ, სამაგიეროდ, მათი ფულით საკუთარ პრობლემებს იგვარებდნენ, ბიზნესებს იწყობდნენ. ეს ფულიო არის მიტაცებული. ამ თანხების მითვისება დაიწყო „მოქალაქეთა კავშირის“ შექმნის შემდეგ. ამას ხელმძღვანელობდნენ სწორედ ის ადამიანები, რომელთაც შემდეგ „მოქალაქეთა კავსირის“ რეფორმატორთა გუნდი დაერქვა და „ვარდების რევოლუცია“ მოაწყვეს. „მოქალაქეთა კავშირი“ სწორედ საბჭოთა ანაბრებით შეიქმნა. აბა, იმ გაპარტახებულ ქვეყანაში როგორ წარმოგედგინათ ყველა რაიონსა და ქალაქში ოფისების გახსნა და შენახვა? საქართველოში ყველა უბედურების სათავე „მოქალაქეთა კავშირია“!

ამბობთ, „მოქალაქეტაკავშირი“ ანაბრებზე რიცხული თანხით შეიქმნაო. „მწვანეთა პარტიის“ მიერ გამოტანილ კრედიტს გულისხმობთ?

- არა მხოლოდ „მწვანეთა პარტიის“ მიერ გამოტანილ კრედიტს. კრედიტი ჰქონდა თითქმის ყველას, ვინც მაშინ „მოქალაქეთა კავსირში“ იყო და დღეს სააკაშვილის გუნდშია. არც ერთ მათგანს კრედიტი არ დაუბრუნებია. დემურ დვალიშვილი იყო უპატიოსნესი კაცი. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სუფთად და კრისტალურად ექნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს კაცი უხერხულობაში ჩააგდეს, შეცდომაში შეიყვანეს და კრედიტები გააცემინეს.

დემურ დვალიშვილი თავს არ მოიკლავდა. რატომ უნდა მოეკლა თავი, როცა ის სუფთა იყო? როგორ წარმოგიდგენიათ თვითმკვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ფოიეში და თანაც, საკუთარი იარაღით? იარაღს კი არა, კალამს არავინ შეგატანინებდა იქ. თუ თავის მოკვლა უნდოდა, საკუთარ კაბინეტში მოიკლავდა თავს, რაღად უნდა გაევლო იმხელა მანძილი?

ვინ აიძულებდა დემურ დვალიშვილს კრედიტის გაცემას, ედუარდ შევარდნაძე?

- მე უკვე გითხარით, ბატონ ედუარდსაც ბევრს ატყუებდნენ. მოღალატე ძნელი ამოსაცნობია მანამ, სანამ შედეგი არ დადგება. ვინ უღალატა ედუარდ შევარდნაძეს, თქვენც კარგად იცით. შევარდნაძის უფრო მაკაცრი და გადამჭრელი ზომები უნდა მიეღო, მაგრამ მასაც უღალატეს.

ვიმეორებ და სადაც გნებავთ, დავამტკიცებ – ეს ფული შეჭამა „მოქალაქეთა კავშირმა“! მათი ხელმძღვანელობით მოხდა საქართველოში ყველა უბედურება. საქართველოს დაღუპვა დაიწყო მაშინ, როცა ეს პარტია ჩაუდგა ქვეყანას სათავეში! დიდი ძიება არ სჭირდება იმას, თუ ვინ მიიტაცა საბჭოთა ანაბრები. ეს ძალიან ადვილად გაირკვევა, ოღონდ უნდა ეროვნული, შეგნებული და, რა თქმა უნდა, საქმეში ღრმად ჩახედული ადამიანების მუშაობა.

თქვენ ხელს „მოქალაქეთა კავშირს“ რეფორმატორთა გუნდს ადებთ, ისინი კი ხელს ვანო ჩხარტიშვილისკენ იშვერენ.

- ვანო ჩხარტიშვილს რა ეკითხებოდა? ვინ იყო მაგ დროს ვანო? სწორედ იმიტომ ადებენ ხელს ჩხარტიშვილს, რომ თავად არიან ამ საქმეში დამნაშავეები!