"კოჰაბიტაცია ცივილიზებულ ჩარჩოში მოექცა"

"ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას საინტერესო და პოზიტიური განვითარება მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პრემიერი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა. ბიძინა ივანიშვილი ყველაფერ იმას, რაც დაგეგმილი იყო სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით, ნელ-ნელა ახორციელებს. კოტე კუბლაშვილი კი იუსტიციის საბჭოს ჩამოშორდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრის გაგრძელებაა. ძალიან პოზიტიურ ნაბიჯად მიმაჩნია, პარლამენტის მიერ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღება, რომელსაც მხარი დაუჭირა როგორც უმრავლესობამ, ისე უმცირესობამ. კოჰაბიტაცია ცივილიზებულ ჩარჩოში მოექცა, რაც ძალიან მომწონს. ასევე, ჩემი აზრით, გავა საკონსტიტუციო ცვლილებები და კანონი "საერთო სასამართლოების" შესახებ. მოკლედ, ყველაფერი კარგად მიდის", - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "კოტე კუბლაშვილი იუსტიციის საბჭოს ჩამოშორდება" / "კოჰაბიტაცია ცივილიზებულ ჩარჩოში მოექცა".

"სააკაშვილს თურმე ღამე არ ეძინა და 9 წელი დემოკრატიის განვითარებაზე ფიქრობდა. ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მიხეილ სააკაშვილამდე უფრო თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოება გვქონდა და ეს საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმა მოსპო. ამიტომ მისი მხრიდან დემოკრატიაზე ლაპარაკი ცინიზმია, ისევე, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ლაპარაკი ფინანსურ ამნისტიაზე. მოიპარეს ფული და ახლა უნდათ, რომ შერჩეთ. ფინანსურ ამნისტიაზე ლაპარაკი მიუღებელია. რაც უფრო ვუახლოვდებით ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის გავლენა მით უფრო მცირდება. ალბათ, სააკაშვილსაც უდებენ მაგიდაზე საზოგადოების გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, "ნაციონალებს" ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავთ. ამიტომ დღეს სააკაშვილის მთავარი ამოცანაა მშვიდი და უპრობლემო ცხოვრების გარანტიების მიღება და არა ძალაუფლების დაბრუნება. ამ თვალსაზრისით ძალიან სასაცილო იყო "ნაციონალების" მიერ 19 აპრილის აქციის დაანონსება. ისინი ვერ შეძლებენ იმდენი ხალხის მოგროვებას, რომ აქცია ფართომასშტაბიანად წარმოაჩინონ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

"ნაციონალებმა" ბოლო მომენტში უკან დაიხიეს. თუმცა მათი მთავარი მიზანი იყო, ეჩვენებინათ, რომ რაღაც პოლიტიკურ ძალას კიდევ წარმოადგენენ. უმრავლესობამ რეზოლუციის პროექტში "ნაციონალების" აზრიც გაითვალისწინა, ანუ პატივი სცეს მათ პოზიციას. ეს მისასალმებელია, რადგან ოპოზიციის აზრის გათვალისწინება ყოველთვის პოზიტიურია. უბრალოდ, უნდა გვყავდეს ისეთი ოპოზიცია, რომლის პატივისცემა შესაძლებელია. წავიკითხე ნუგზარ წიკლაურის კომენტარი, რომლის მიხედვითაც, აქცია ძალაშია. აქცია დააანონსა მერაბიშვილმა, რომელსაც ზემოხსენებულ პროცესში მონაწილეობა არ აქვს მიღებული. მოკლედ, სახეზე გვაქვს ერთი და იმავე გუნდის სხვადასხვა მიმართულება და რომლის აზრიც გაიმარჯვებს, იმის მიხედვით, აქცია ან იქნება, ან არა. თუმცა მე პირადად აქციის პერსპექტიულობაში ეჭვი მეპარება. თუ აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური და ჩიორა თაქთაქიშვილი მარტო გაისეირნებენ, ხალხი დაესევა და გალახავს. მხოლოდ ასე თუ შეძლებენ შეხლა-შემოხლის გამოწვევას. სხვანაირად, რაიმე რეალურის გაკეთების რესურსი მათ არ აქვთ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ვთქვი, რომ სანამ ქვეყნის შიგნით არ დალაგდება მდგომარეობა, ამერიკაში ვიზიტი არ უნდა შედგეს. ბიძინა ივანიშვილი იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკაში ვიზიტს, რომ უნდა, რაც შეიძლება რაციონალური იყოს ეს ვიზიტი და არ გახდეს ჭორაობის საბაბი. სჯობს, გვიან და კარგად, ვიდრე ადრე და უშედეგოდ. პრემიერობის პერიოდში სულ ორჯერ თუ სამჯერ მოახერხებს ივანიშვილი ამერიკაში წასვლას და თითოეული ვიზიტი რაც შეიძლება ნაყოფიერად უნდა იქნას გამოყენებული. არაერთხელ მითქვამს - ახალი ხელისუფლების დრამატული შეცდომა იყო, რომ ლობისტურ მიმართულებას არ აქცევდა ყურადღებას. 2-3 თვის წინ რომ გაეკეთებინათ ეს, უკეთესი იქნებოდა. მაგალითად, ვენეციის კომისიის დასკვნისთვის ამდენ ხანს ლოდინი არ დაგვჭირდებოდა. უბრალოდ, დრო დავკარგეთ. რაც შეეხება ევროპარლამენტის წევრების წერილს, ეს ჩვეულებრივი ევროპული ბიუროკრატიაა - ერთმა კაცმა დაწერა მიმართვა და სხვებმა კოლეგიალობის ნიშნად ხელი ასწიეს. ამ მიმართვაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. სჯობს, ასეთი ექსცესები არ განმეორდეს, თუმცა რასაც წერენ ევროპარლამენტარები წერილში, იმის 90% უკვე გააბათილა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა რეზოლუციამ. ასე რომ, ეს ღია კარის მტვრევას ჰგავს და არასერიოზულია. ორი თვის წინ რომ დაექირავებინა ახალ მთავრობას ლობისტური კომპანიები, ასეთ ექსცესებს ადგილი აღარ ექნებოდა", - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

"რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს, პარლამენტმა დროულად უნდა დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც ლაშა ტუღუშმა და საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრებმა მოამზადეს. ძალიან მომეწონა კახა ბექაურის განცხადებაც, რომელმაც თქვა - ზემოხსენებული პროექტი კარგია, თუმცა მედია მეოთხე ხელისუფლებაა და სჯობს, ის ხალხმა აირჩიოსო. ჩემთვისაც გაუგებარია, რატომ უნდა აირჩიოს საპარლამენტო უმრავლესობამ ან უმცირესობამ სამეურვეო საბჭოს წევრები. მაგალითად, არსებობს ფრანგული მოდელი, რომლის დროსაც, ბორდის არჩევნებში ყოველი მეასე მოქალაქე მონაწილეობს. გარდა ამისა, არსებობს "ფეისბუკი", პლებისციტი და სხვა საშუალებები. თუ საინიციატივო ჯგუფის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დამტკიცდა, ამის საფრთხე მოიხსნება. ჩემი აზრით, ბორდი აპოლიტიკური უნდა იყოს და იქ ცნობილი პირები უნდა იყვნენ წარმოდგენილი. ხელფასს კი არ უნდა იღებდნენ, ბორდის წევრობა საამაყო უნდა იყოს. ეს პატივია და არა სამსახური, ისევე როგორც ნაფიცი მსაჯულობა", - დასძენს რესპონდენტი.