"შადრევან პირველის" საყვარელი შადრევანი დღემდე დაუსრულებელია

"მე, როგორც შადრევან პირველი, ამ შადრევანს ვანიჭებს უპირატესობას და ის ჩემი ყველაზე საყვარელი შადრევანი იქნება", - განაცხადა პრეზიდენტმა 2012 წლის 2 მაისს, ქუთაისქალაქობის დღესასწაულზე ტელეკამერების წინ კოლხური შადრევნის გახსნისას, მაგრამ შადრევანი, რომლის მოწყობა ქალაქის თვითმმართველობას 700 000 ლარი დაუჯდა, დღემდე დაუსრულებელია.

შადრევანი მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. შადრევანს სახელმწიფო ფირმა "მშენებელი 2011" აშენებდა, თუმცა მერიას ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტი დღემდე არ აქვს და კომპანია სამუშაოების გაჭიანურების გამო ყოველდღიურად 3 500 ლარით ჯარიმდება.

"მიუხედავად იმისა, რომ კოლხური შადრევანი ქუთაისობის დღესასწაულზე ავამუშავეთ, მიღება-ჩაბარების საბუთი დღემდე არ გაგვიფორმებია, რადგან ბევრი რამ კვლავ დასასრულებელია.

მაგალითად, გასაწმენდია შადრევნის შიდა ფილტრები, გასალაქია სკულპტურები, რომელიც შადრევანს ამშვენებს", - ამბობს ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე კი ამბობს, რომ შადრევნის მოწყობაზე დასაქმებულ ასობით მუშას ქუთაისის მერია ხელფასს თვეობით არ უხდიდა და მათ შანტაჟითა და მუქარით ამუშავებდა, შედეგად, ქალაქში უხარისხოდ აშენებული ასობით შენობაა. "შადრევნის მოწყობაზე 100-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა. ჩემი ინფორმაციით, მუშების უმეტესობას ხელფასს რამდენიმე თვის დაგვიანებით აძლევდნენ. ეს არის სქემა, რომლითაც ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ერთდღიან პიარს ემსახურებოდა, ამის შემდეგ კი ქვეყნის პირველ პირს აღარც აინტერესებდა, რა ბედი ელოდა ამა თუ იმ ნაგებობას", - ამბობს მღვდელაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" გემოვნებაზე მორგებული არქიტექტურა", - ასე აფასებს ქუთაისის არქიტექტორ-რესტავრატორი ანდრო მარჯანიშვილი შადრევანს, რომლის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობის წინააღმდეგი პირველი დღიდანვე იყო. მისი თქმით, ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებული კოლხური სკულპტურის ნიმუშები თანამედროვე არქიტექტურისათვის მიუღებელია. "არ არსებობს კომპოზიცია, არ არსებობს მასშტაბი. მთლიანობაში ეს შადრევანი არის ძალიან უგემოვნებოდ და უხარისხოდ გაკეთებული. თუმცა ბოლო ათწლეულში არა მარტო ქუთაისში, არამედ სრულიად საქართველოში, ყველაფერი არა არქიტექტორის, არამედ სააკაშვილის გემოვნებით კეთდებოდა", - ამბობს არქიტექტორი ანდრო მარჯანიშვილი.