“ნაციონალური” დემაგოგია პიკს, ალბათ, 19 აპრილს მიაღწევს _ ამ დღეს ვადაგასული “ვარდოსნები” რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, პარლამენტის ჯერჯერობით გაუქმებულ შენობასთან ე.წ. პატრიოტთა შეკრებას გეგმავენ. ვანო მერაბიშვილისა და მისნაირად მოაზროვნეთა გადასახედიდან, პატრიოტი ისაა, ვინც “ოცნებას” მხარს არ უჭერს და რუსეთს “დედას აგინებს”. რუსეთი, რასაკვირველია, ოკუპანტია, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ვინც რუსეთს ოკუპანტად მიიჩნევს, ავტომატურად “ნაციონალების” ფანია. ასეა თუ ისე, ყოფილი მმართველი გუნდი 19 აპრილზე დიდ იმედს ამყარებს, თუმცა პრემიერი ივანიშვილი ამბობს, რომ ყველაფერი ეს, “ცარიელი ბაქი-ბუქია”.
“19 აპრილი არის ცარიელი ბაქი-ბუქი. მერაბიშვილს სათქმელი არაფერი აქვს. იცის, რომ პროკურატურაში, როგორც უგულავას, ასევე, მის მიმართაც არსებობს შეკითხვები. მგონი, 19 აპრილი მხოლოდ ამას მიუძღვნა. უგულავას დროს 350 კაცი გამოიყვანეს ქუჩაში, ამ მუხტის ნახევარს შეინარჩუნებენ 19 აპრილამდე, რადგან საზოგადოება კიდევ უფრო კარგად ერკვევა და კარგ ანალიზს აკეთებს. მგონია, რომ ეს გაუგებარი მუხტი არ შედგება. არ არსებობს ჩვენს საზოგადოებაში მთავრობის წინააღმდეგ მუხტი, გარდა ამ ჯგუფისა, რომელიც საკუთარი სახის შენარჩუნებას ცდილობს”, _ აცხადებს ივანიშვილი.
ამასობაში კი, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” 19 აპრილის მიტინგის ალტერნატიული შეკრება ანონსდება. ამ იდეის ავტორი იურისტი, ამჟამად გაზეთ „ოლიმპის“ ჟურნალისტი და განყოფილების რედაქტორი გიორგი ნოზაძეა.
“19 აპრილისთვის დაანონსებული აქცია, რომელსაც “ნაცმოძრაობა” რუსთაველის პროსპექტზე გეგმავს, შესაძლოა, გარკვეული საშიშროების მატარებელი აღმოჩნდეს. ამთავითვე ცხადია, რომ ვანო მერაბიშვილის დაძახილზე მითიური რუსიფიკაციის წინააღმდეგ საბრძოლველად მეტისმეტად მცირე ოდენობის აქტივისტთა მობილიზება თუ მოხერხდება. “ნაცმოძრაობა” და პირადად მიხეილ სააკაშვილი განზრახ მიდიან ამ ნაბიჯზე, რათა დასავლეთს განუცხადონ, ხომ ხედავ, რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა რუსული ფულით დაუბინდა გონება საქართველოს მოსახლეობას და დასავლური კურსის დისკრედიტაცია მოახდინაო. შასაბამისად, დასავლეთისთვის საკუთარი უალტერნატივობის წარმოჩენისა და სამომავლო მხარდაჭერის გარანტიების მიღებასაც შეეცდებიან. იმისთვის, რომ “ნაცმოძრაობის” მორიგი მზაკვრული პიარაქცია ჩაიშალოს და მისთვისვე დამანგრეველი შედეგები მოიტანოს, გთავაზობთ:
იმავე 19 აპრილს, 12 საათზე, შევიკრიბოთ თბილისის იპოდრომზე და დავაფიქსიროთ, რომ დასავლური ღირებულებები, ან პოლიტიკური ორიენტაცია “ნაცმოძრაობის” ექსკლუზიური უფლება არ არის. ამ აქციაზე, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი შიდაპოლიტიკური განცხადებებისგან, საქართველოს მოსახლეობამ უნდა დააფიქსიროს, რომ ნატო-სა და ევროკავშირთან გაცილებით ახლოს აღმოვჩნდებით კომუნისტურ-კომკავშირული მეთოდებით მომუშავე და პიარზე დამყარებული “ნაცმოძრაობის” გარეშე.
მაშ ასე, 19 აპრილი, იპოდრომი 12.00 საათი _ ნატო-სა და ევროკავშირში “ნაცმოძრაობის” გარეშე!” _ წერს გიორგი ნოზაძე “ფეისბუქის” საკუთარ გევრდზე.
აღსანიშნავია, რომ ამ “სტატუსს” ბევრი “ალაიქებს” და აზიარებს.
თუკი გავითვალისწინებთ, რომ თავის დროზე ე.წ. არაბულ რევოლუციებში გადამწყვეტი სიტყვა სწორედ სოციალურმა ქსელმა თქვა, ამასთან, რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცია საქართველოშიც სწორედ “ფეისბუქით” დაიგეგმა, გამორიცხული არაა, რომ 19 აპრილს იპოდრომზე თავი, მართლაც, ბევრმა “ანტინაციონალმა” მოიყაროს.
მართალია, 19 აპრილის ალტერნატიული აქციის ორგანიზატორი გიორგი ნოზაძე მიუთითებს, რომ ეს პოლიტიკური ძალებისგან თავისუფალი შეკრება იქნება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ 9 წლის განმავლობაში “ვარდოსნებმა” ადამიანებს ბევრი ტკივილი და შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ მხრივ განსაკუთრებით შეურაცხყოფილნი ყოფილი პატიმრები არიან. ამასწინათ, ერთ-ერთ მათგანს ვესაუბრებოდი, რომელიც დაპატიმრებამდე სახელმწიფო უწყების თანამშრომელი იყო, ანუ კრიმინალსა და ქუჩასთან შეხება არ ჰქონდა, მაგრამ ციხეში ქრთამის აღების მცდელობის ბრალდებით აღმოჩნდა. ეს ადამიანი ამბობს, რომ მისნაირი უდანაშაულო ათასობითაა და ათასობით ღირსებაშელახულის დაშოშმინება არცთუ ადვილია, მით უმეტეს, როცა ღირსებაშემლახავები, ანუ “ნაციონალები” “პადჟიგატელობენ”. მოკლედ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არსებობს საფრთხე, რომ იპოდრომზე შეკრებილი ხალხი “რუსთაველისკენ” დაიძრას. ამასთან, არც ისაა გამორიცხული, რომ ამ “დაძვრის” პროვოცირება თავად “ვადაგასულმა” “ნაციონალებმა” მოახდინონ. ისე, აღსანიშნავია, რომ ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენლები აქცენტს სამოქალაქო დაპირისპირებაზე ხშირ-ხშირად აკეთებენ.
მაინც, რას ემსახურება 19 აპრილის “ნაციონალთა” მიტინგის ალტერნატიული აქცია? “ქართული სიტყვა” იდეის ავტორ გიორგი ნოზაძეს დაუკავშირდა:
_ გიორგი, 19 აპრილს “ნაციონალთა” ალტერნატიული აქციის გამართვა რატომ გადაწყვიტეთ და ამ აქციაზეც პატრიოტები უნდა მოვიდნენ?
_ 19 აპრილს აქციის დაანონსებით, “ნაცმოძრაობამ”, ერთი შეხედვით, წაუგებელი პარტია წამოიწყო: თუკი რუსთაველზე საკმაო რაოდენობის მხარდამჭერთა შეკრებას მოახერხებს, აქცია, რომელიც დასავლური კურსის ერთგულების დემონსტრირების მიზნითაა დაანონსებული, პოლიტიკურ გამოსვლაში გადაიზრდება. თუ პირიქით, 3-5 ათასზე მეტი ადამიანის მობილიზებას ვერ შეძლებს, დასავლეთელი მეგობრებისთვის სათქმელი ექნება, რომ „რუსმა ოლიგარქმა“ ივანიშვილმა ხალხი ცრუ დაპირებებით გააბრუა და რუსეთისკენ (დსთ-სკენ) მიაქანებს. ამით “ნაციონალები” უალტერნატივო პროდასავლური ძალის სტატუსს მიიკერებენ და სამომავლო მხარდაჭერის დაბევებას შეეცდებიან.
მნიშვნელოვანია, რომ აპრილის მეორე ნახევარში სააკაშვილს ყბადაღებული საკონსტიტუციო ნორმით სარგებლობის უფლება უკვე ექნება და ვითარების გამწვავების შემთხვევაში (რასაც ყოველმხრივ ეცდებიან), ამ უფლებას აუცილებლად გამოიყენებს.
_ ყოფილი მმართველი გუნდი ხაზს უსვამს, რომ საზოგადოება ორადაა გაყოფილი და მოსალოდნელია სამოქალაქო დაპირისპირება. 19 აპრილს ორი საწინააღმდეგო აქციის გამართვა ხომ შეიძლება, სამოქალაქო დაპირისპირების საბაბი, მართლაც, გახდეს?
_ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე რეალური მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი სააკაშვილმა უფრო ძლიერი სხვა ძალა არ დაინახა. მას დღეს სჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობას ივანიშვილის ხელისუფლებამ იმედები გაუცრუა და თუ ჩვეული ენერგიულობით შემოირბენს საქართველოს, 2003 წლის ნოემბრის სცენარს კიდევ ერთხელ გაათამაშებს. ალტერნატიული შეკრების ადგილად იპოდრომის დათქმა სწორედ იმითაა ნაკარნახევი, რომ “ნაციონალების” აქციასთან შემთხვევითი ფიზიკური კონტაქტიც კი გამოირიცხოს. მერაბიშვილი და სააკაშვილი მომხრეებს 16 საათზე ელიან. ამ დროისთვის საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს გაცილებით მეტმა ადამიანმა და მიაწვდინოს ხმა დასავლეთსაც, რომ ევროპული ღირებულებები, ან ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებები “ნაცმოძრაობის” დაპატენტებული უფლება სულაც არაა. “ნაცმოძრაობის” ნეობოლშევიკური სტილი რეალურ ევროპულ ფასეულობებს დღითიდღე გვაშორებს.
_ გიორგი, თქვენს ინიციატივას სოციალურ ქსელში მხარდამჭერები გამოუჩნდნენ თუ არა?
_ “ფეისბუქში” ჩემი ინიციატივა საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მოიწონა და საკუთარი პოზიციაც გამოხატა.
_ თქვენ, როგორც ერთი რიგითი ქართველი, როგორ აფასებთ „ოცნების“ ხელისუფლებას?
_ საერთოდ, კრიტიკული ადამიანი ვარ და ხბოს აღტაცებით არც ივანიშვილისადმი ვარ განწყობილი, თუმცა იმის დაუნახავობა, რაც გასულ თვეებში მოესწრო, არ შეიძლება. ყველაზე მთავარი, რაც პირველმა ოქტომბერმა მოიტანა, დაკარგული ღირსების დაბრუნებაა _ დაშინებულმა, შეურაცხყოფილმა, მოტყუებულმა და უიმედოდ დარჩენილმა ხალხმა იგრძნო, რომ ერი ძალაა და არა _ ვინმეს “ხუშტურების” აღსრულების იარაღი, ან საექსპერიმენტო მასალა.
მოკლედ, თუკი 19 აპრილს, მართლაც, მასშტაბური სამოქალაქო შეკრება გაიმართება, ამას მხოლოდ დასავლეთისთვის კი არა, “ნაცმოძრაობისთვისაც” დიდი ეფექტი ექნება, რადგან დაინახავს, რომ ინიციატივა ხელში სამოქალაქო საზოგადოებამ აიღო. 19 აპრილს, იპოდრომზე გამართული აქციის მაშსტაბურობა სააკაშვილს სულელური ნაბიჯის გადადგმაზე ხელს ააღებინებს!
მაშ ასე, 19 აპრილი ერთგვარი წყალგამყოფია. საერთოდ, ეს თარიღი ისტორიაში შავ-თეთრადაა შესული. ყოველ შემთხვევაში, 19 აპრილს რამდენიმე უსიამოვნო ამბავი უკავშირდება. ასე, მაგალითად: 1803 წლის 19 აპრილს გიორგი მე-12-ის ქვრივმა, დედოფალმა მარიამმა გენერალი ლაზარევი მოკლა; 1969 წლის 19 აპრილს ჩრდილოეთ ირლანდიაში კათოლიკეებისა და პროტესტანტების შეტაკებამ ახალი ძალით იფეთქა; 2007 წლის 19 აპრილს რუმინეთის პარლამენტმა პრეზიდენტ ტრაიან ბესესკუს, ძალაუფლების გადაჭარბების გამო, უფლებამოსილება შეუწყვიტა...