პრეზიდენტის ბულემია

პრეზიდენტის ბულემია

მართალია, იმედი ჰქონდა, რომ პრემიერი, რომლის ბიზნეს-ცენტრიც საკვებით, როგორც სააკაშვილმა თქვა, პრეზიდენტის სასახლეზე უკეთ მარაგდება, სადილად დაპატიჟებდა და მოლაპარაკებაც პურ-მარილის თანხლებით შედგებოდა, მაგრამ მიშას ოცნება არ ახდა _ პრემიერმა ივანიშვილმა “ვადაგასულ” პრეზიდენტს ბიზნეს-ცენტრში კი არა, სახელმწიფო კანცელარიაში უმასპინძლა. ის, რომ ჭამა-სმა სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანი, გნებავთ, სტრატეგიული საკითხია, ახალი არაა. აკი, ერთ-ერთ ბოლო საჯარო გამოსვლისას თავად მიშამ დაიწუწუნა, მთავრობამ, დაცვასთან ერთად, საჭმლით მომარაგებაც შემიზღუდაო...

ისე, ვიდრე პრემიერს ესტუმრებოდა, ბაქოს სტუმრობდა. ილჰამ ალიევი დიდი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. ჰოდა, ქართველ კოლეგას, აზერბაიჯანში ჩაისთან ერთად, რომელიც ჩვენს “მაღალს” ძალიან უყვარს _ 2003 წლის 23 ნოემბერს, პარლამენტში შევარდნილმა, ედუარდ შევარდნაძისთვის განკუთვნილი მწვანე ჩაი ამოუსუნთქავად “გადაყლურწა”, “ნა ვერტილეთი” და თევზის სხვა დელიკატესებითაც გაუმასპინძლდებოდა. ისე, “ასატრინაზე” გამახსენდა: “ვარდების რევოლუციამდე” იმდროისთვის ახალგაზრდა პოლიტიკოსებს ყველაზე მეტად აზერბაიჯანში “პაესტკა” უხაროდათ, რადგან იცოდნენ, რომ თევზეულის “დიდი ასორტიმენტი” დახვდებოდათ.

საერთოდ, მიშასა და ჭამა-სმას არაერთი ისტორია უკავშირდება. არსებობს უამრავი გადამოწმებული და ხალხში მოარული ამბავი, რომელიც სააკაშვილის საჭმლისადმი “მადიან” დამოკიდებულებაზე მიუთითებს. კაცმა რომ თქვას, ფაქტების გადამოწმება რა საჭიროა, როცა სააკაშვილის “საჭმელმოყვარეობის” ამსახველი კადრები პირდაპირ ეთერში გვინახავს. ასე, მაგალითად, გვახსოვს, თუ როგორ შეუჭამა კახეთში დავით გამყრელიძეს მწვადი. ასევე, გვახსოვს, თუ როგორ მადიანად შეექცეოდა ჯარისკაცებისთვის განკუთვნილ საკვებს.
ასევე, პირდაპირ ეთერში ვნახეთ, თუ როგორ შეჭამა აჭარაში თითქმის ერთი კილო “კაიმაღი” და, როგორც შემდეგ ადგილობრივებმა თქვეს, ზედ ერთი ამდენი თაფლიც დააყოლა. იმის შესახებ კი, არავის არაფერი უთქვამს, თუ როგორ ცუდად გახდა კარგად გამოკვებილი პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილს ჭამასთან დაკავშირებული ინციდენტი რამდენიმე წლის წინ, ჭოპორტში, ბესო ჯუღელის აგარაკზეც “შეემთხვა”. როგორც თვითმხილველები ამბობენ, იმ დღეს პრეზიდენტმა არაგვზე დაჭერილი “ცოცხალი” ბლომად მიირთვა და ზედ იმდენი ხინკალი დააყოლა, რომ “ერთ ბატალიონს” ეყოფოდა და... რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად გახდა. იმდენად ცუდად, რომ თბილისიდან ექიმის გამოძახებას აზრი არ ჰქონდა _ ვერ მიუსწრებდა და ამიტომ, დუშეთის სასწრაფო გამოიძახეს. ექიმი კი, რომელიც იმ დღეს მორიგეობდა და “გამაძღარ” პრეზიდენტს საკვების მონელებაში დაეხმარა, გააფრთხილეს, თუ ამის შესახებ სადმე რამეს იტყვი, საქმე ცუდად გექნებაო.

საერთოდ, ცნობილია, რომ ჭოპორტში, ბესო ჟუღელთან სტუმრობა სააკაშვილს ძალიან უყვარდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც, ჯუღელი აითვალწუნა და ამიტომ, დუშეთში სტუმრობას მოუხშირა, სადაც პატარა, რესტორნის ტიპის საზკვების ობიექტებში, ანუ “ზაბიგალოვკებში” ერთობოდა. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის შესახებ თავის დროზე “ქართული სიტყვაც” წერდა.
9 წლის განმავლობაში, დროდადრო ვრცელდებოდა ხმა, მიშა ზესტაფონში ვიღაცას ღორის “ქელეხში” დაუპატიჟებლად ესტუმრაო, ჭამა მეტი მოუვიდა რაჭაში თუ სამეგრელოშიო... პრეზიდენტის მადაზე საჯაროდ მსჯელობა, შეიძლება, არაეთიკურია, მაგრამ პერიოდულად, პრესა, სპეციალისტებზე დაყრდნობით, იუწყებოდა, მიშას ბულემია სჭირსო. ბულემია ისეთივე პრობლემაა, როგორც ანურექსია და საკვებთან დაკავშირებული სხვა დაავადებები.

მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ “ზაბიგალოვკები” კი არა, ძვირადღირებული რესტორნებიც ძალიან უყვარს _ ერთხანობას იაპონური “საკურასა” და იტალიური “ბუფეტის” “მუდმივი კლიენტი” იყო, თურმე. ბოლოს, სააკაშვილი პრესამ 22 თებერვალს, ფალიაშვილის 38-ში მდებარე რესტორან “დაინინგ რუმში” ნახა. ეს ის დღე იყო, როცა გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს. როგორც პრესაში ითქვა, მორიგი ქეიფის დროს, პრეზიდენტს გვერდს გიორგი ბარამიძე, დავით საყვარელიძე, გიორგი ვაშაძე და გიორგი კანდელაკი “უმშვენებდნენ”.