„ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრები ბიზნესმენებთან და პოლიტიკურ აქტივისტებთან მართავენ შეხვედრებს, რომლის დროსაც საკუთარ თავს მმართველი პარტიის ახალი პროექტს „ოცნება 2"-ს უწოდებენ. მმართველი გუნდის წევრები ამ ტენდენციით შეშფოთებული არიან, თუმცა ასეთი შეხვედრების კონკრეტულ დროსა და ადგილს ვერ ასახელებენ.
„ე.წ. გუნდი დადის საზოგადოებაში, იქ ბიზნესმენებთან დადიან, აქტივისტებთან, ჩვენს აქტივისტებთან მათ შორის და ამბობენ, რომ ესენი არიან „ოცნება 2" - „ქართული ოცნების" მეორე პროექტი. მესიჯებში აირივნენ - ან არიან „ოცნების" პროექტი, რითაც ატყუბენ აქტივისტებს და ბიზნესმენებს, ან ვიღაც ახორციელებს მათზე ზეწოლას. ერთიც და მეორეც ტყუილია. ისინი არ არიან „ქართული ოცნება". შესაბამისად, ტოვებენ პოლიტიკურ თანამდებობებს და ვურჩევ მესიჯებში არ აიბლანდონ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აღნიშნულ საკითხზე „ქართული ოცნების" წევრებმა დეტალები არ იციან. პარლამენტარ ლადო კახაძის თქმით, მან არ იცის სად, როდის და რა სახის შეხვედრებს მართავენ გახარიას გუნდის წევრები, თუმცა ირაკლი კობახიძის სიტყვებს ენდობა.
„კონკრეტულად რომელ რეგიონებში იყო მსგავსი შეხვედრები, ან რა საკითხები განიხილეს, მე ნამდვილად ვერ გეტყვით, თუმცა ეს ფაქტი ცნობილია და ირაკლი კობახიძის, როგორც პარტიის თავმჯდომარის სიტყვებს მე ვენდობი.
„ადამიანები რომ ასეთ მაპროვიცირებელ ნაბიჯებს დგამენ, რასაკვირველია შეშფოთებას იწვევს და ძალიან შემაწუხებელია მსგავსი ქმედებები. არ ვიცი რა ლოგიკით მსჯელობენ - იმით, რომ „პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა?" რეალურად ჩვენი გუნდი ნებისმიერ ნაბიჯს კეთილსინდისიერად დგამს და ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ ქვეყანაში ყველაფერი იყო გამჭვირვალე და სანდო, არა ბოროტული ნაბიჯებით, არამედ სიკეთით," - ამბობს ლადო კახაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
„ქართული ოცნების" წარმომადგენელი კიდევ ერთი დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თქმით კი, ის არავითარ დეტალებს არ ფლობს იმის შესახებ, თუ სად და რა შინაარსის შეხვედრებს მართავენ გახარიას გუნდის წევრები.
„მე არ ვიცი ნამდვილად რა სახის შეხვედრებს მართავენ და სად. ამ საკითხში კომპეტენტური ირაკლი კობახიძე იქნება, რადგან ამაზე ინფომაცია მან გაავრცელა," - ამბობს ირაკლი ზარქუა „რეზონანსთან" საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძემ გახარიას გუნდის წევრების გააქტიურებაზე განცხადება ზუგდიდის მერის გადადგომაზე საუბრისას გააკეთა, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ მსგავსი ფაქტები სამეგრელოში ხდება, სადაც გიორგი გახარიას საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს.