“ბაჩო ახალაია ბოლო ხმაზე ღრიალებდა, ესენი ცოცხლები რაში მჭირდებიანო

“ბაჩო ახალაია ბოლო ხმაზე ღრიალებდა, ესენი ცოცხლები რაში მჭირდებიანო"

2008 წლის აგვისტოს ომში, თბილისიდან 30 კილომეტრში, მუხროვანში განლაგებულ საქართველოს სამხედრო შეიარაღებული ძალების სატანკო ბატალიონს უმნიშვნელოვანესი პოზიცია ეკავა. ომის დამთავრებიდან ლამის წლისთავზე კი, 2009 წლის 5 მაისს, სატანკო ნაწილის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი მამუკა გორგიაშვილი, ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი კობა კობალაძე, თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმ “დელტას” ყოფილი მეთაური გია ღვალაძე და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფის რამდენიმე ხელმძღვანელი სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეს და, როგორც იმჟამინდელმა შს სამინისტრომ განაცხადა, ქვეყნის დესტაბილიზაციისა და პრეზიდენტის მკვლელობის მუხანათური გეგმა გაიხსნა. ამასთან, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამბოხების ორი მეთაური _ გია კრიალაშვილი და კობა ოთანაძე გაიქცნენ... “ნაციონალურმა” ხელისუფლებამ ამბოხების საბაბად, რომელიც თითქოს კრემლის ორგანიზებული იყო, ნატო-ს სამხედრო წრთვნების ჩაშლა დაასახელა... “მუხროვანის ამბოხზე” მომზადებული “ვანოფიქჩერსის” “ფილმში” ყველაზე შთამბეჭდავი კადრი კი ის იყო, სააკაშვილი თავდახრილ სამხედროებს რომ ტუქსავდა: “თქვენ სამხედროები გქვიათ? თქვენ თვალწინ დღეს, დილას, ტანკები დაქოქეს და არაფერი მოიმოქმედეთ. შესაძლოა, სულაც თქვენ დაქოქეთ. არ გრცხვენიათ? გადაყოლილი ვართ მე და სახელმწიფო თქვენზე. შესაძლოა, გაგაბრიყვეს და ისე ჩაგითრიეს ამ ყველაფერში, მაგრამ ადამიანს მხრებზე თავი რისთვის ადგას? _ რომ გააანალიზოს რაღაც. სად არის ის თქვენი პოლკოვნიკი გორგიაშვილი? რას მებლუკუნებოდა ტელეფონში, რატომ მეუბნებოდა, 2 დღე ვაცხადებთ ამბოხებასო, ორი დღის შემდეგ ვის ელოდებოდით? ვინ უნდა ჩამოსულიყო? თქვენ მე შევარდნაძე ხომ არ გგონივართ? ხომ არ გეგონათ, რომ მოვიდოდი და თავზე ხელს გადაგისვამდით და ფერებას დაგიწყებდით?” სინამდვილეში, რა მოხდა 2009 წლის 5 მაისს მუხროვანში? _ ,,ქართული სიტყვა” ე.წ. ამბოხის ერთ-ერთ მონაწილეს, უფროს სერჟანტ ვაჟა ხუცურაულს ესაუბრა, რომელიც გლდანის ციხიდან 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა:

_ ქართულ ჯარში 2002 წლიდან ვმსახურობ. თავიდან დაზვერვის დეპარტამენტში, ავთო იოსელიანთან ვიყავი, ,,ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი,  უშიშროების სამსახურში გადამიყვანეს. მერე, კოჯრის სპეცრაზმში ვიყავი, სადაც მომზადებას ამერიკული პროგრამით გავდიოდით. 2007 წლიდან ვაზიანში, მე-4 ბრიგადაში გადავედი. მოგვიანებით, შევიტყვე, რომ ჩვენი ნაწილი შეიძლება, ახალციხეში, ან თეთრიწყაროში გადასულიყო. პატარა შვილი მყავდა და გადავწყვიტე, სხვაგან გადავსულიყავი. იმ დღეს მუხროვანის სატანკო ნაწილში სწორედ ამიტომ მივედი. მახსოვს, წვიმდა... ჩემთან ერთად, სხვა ბიჭებიც იყვნენ, ზოგი _ ამ თემაზე, ზოგიც _ სხვა საკითხზე. ბატალიონის მეთაურს მოსაცდელში ველოდებოდით. ცოტა ხნის შემდეგ გამოგვიცხადეს, მეთაური დაკავებულია, ვერ მიგიღებთ, აქაურობა დატოვეთ და სხვა დროს მოდითო. წამოვედით. ნაწილს 8-10 კილომეტრით ვიქნებოდით გამოცილებული, მანქანით დაგვეწივნენ და უკან დაგვაბრუნეს. იქ საშინელი ქაოსი დაგვხვდა _ ყველაფერი არეული იყო, ნიღბიანები და უნიღბოები იქით-აქეთ დარბოდნენ. მერე, საინფორმაციო საშუალებებით თქვეს, მუხროვანის სატანკო ბატალიონი ამბოხისთვის მზადყოფნაში დაქოქილი ტანკებითა და შემართული იარაღით იყოო, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა...
მუხროვანის სატანკო ნაწილში მიბრუნებულებს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ბაჩო ახალაია გამოგვეცხადა, რომელიც ბოლო ხმაზე ღრიალებდა: ,,მე ესენი ცოცხლები რაში მჭირდებოდნენ?!” მისვლისთანავე ჩემსკენ წამოვიდა და ხელებშეკრულს კარგა ხანს მირტყამდა. როცა დაიღალა, სხვები დამესივნენ, არც მახსოვს, თუ რამდენი მირტყამდა კონდახით, ფეხითა და მუშტით. მერე, ხრამის პირას დამაყენეს და მითხრეს, მოვიდა შენი აღსასრული, ,,მამაო ჩვენო” თქვიო. ავტომატის ლულა კეფაზე მომადეს... ყველანი ყვიროდნენ და ვერც გავარკვიე, თუ რა უნდოდათ, რას მთხოვდნენ.
_ ამბობთ, რომ იმ დღეს მუხროვანში შემთხვევით მოხვდით. ესე იგი, სხვა “ამბოხებულებს” არ იცნობდით?
_ ,,მუხროვანის ამბოხის “ მონაწილეებმა ერთმანეთი სასამართლო პროცესებზე გავიცანით. ამ საქმეზე 41 ადამიანი იყო დაჭერილი, მათ შორის, _ სამოქალაქო პირებიც იყვნენ.
_ ეს “ამბოხება” ხომ დახურულ სამხედრო ნაწილში მოხდა და სამოქალაქო პირები რა შუაში იყვნენ?
_ დიახ, გასამართლებულთა შორის 12 სამოქალაქო პირია, მათ შორის, მეც _ იმ დღეს ფორმა არ მეცვა, თან მუხროვანის ბატალიონის წევრი არ ვიყავი. მერე, ზოგი ახლომდებარე სოფლებიდან აიყვანეს...Mმოსახლეობამ ნახა კადრები, თუ როგორ ტუქსავდა პრეზიდენტი დამწკრივებულ ჯარისკაცებს და არცხვენდა. ეს ცირკი სპეცოპერაციის შემდეგ ჩაატარეს...
_ ვაჟა, სამშობლოს ღალატის მუხლით გაგასამართლეს?
_ თავიდან ამბოხების მუხლი მოგვიყენეს, მაგრამ მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს და, ბოლოს, 316-ე მუხლი, ანუ დაუმორჩილებლობა ჩაგვიწერეს, რომელიც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აცხადებდნენ, რომ თითქოს 3-3 ათასი დოლარი გვქონდა აღებული, ანუ სამშობლო ამ თანხაზე გავყიდეთ, მაგრამ ვისზე გავყიდეთ, ეს ვეღარ მოიფიქრეს. ჯარს ამბოხი რომ სდომებოდა, არ გაუჭირდებოდა...
მუხროვანის ამბოხის 39 ე.წ. მონაწილეს განაჩენი 2010 წლის იანვარში გამოგვიტანეს და 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მომისაჯეს. სახაზინო ადვოკატი მყავდა, რადგან ჯერ ერთი, ჩემს ოჯახს ადვოკატის დასაქირავებელი ფული არ ჰქონდა, მეორეც, ადვოკატის აყვანა უაზრობა იყო, რადგან სიმართლე არავის აინტერესებდა.
_ ამქვეყნად ყველაფერს თავისი მიზეზი და მიზანი აქვს. ვაჟა, თქვენი აზრით, “მუხროვანის ამბოხის” საქმის შეკერვას რა მიზანი ჰქონდა?
_ 2008 წლის ომისა და ჯარისკაცების მიმართ ქვეყნის მთავარსარდლობისა და მთავრობის უპასუხისმგებლო, გაურკვეველი დამოკიდებულების გამო, ჯარში სამართლიანი პროტესტის გრძნობა არსებობდა. ბიჭებმა უაზრო ომში მეგობრების უაზროდ ჩახოცვა ვერ მოინელეს, თან სოციალური პრობლემებიც ჰქონდათ. ჯარში გამეფებულმა საპროტესტო განწყობამ “ნაციონალების” ყურამდე მიაღწია. 2009 წლის აპრილში რუსთაველზე მიტინგები იმართებოდა და ამის გადასაფარად ჩვენი მონაწილეობით კარგი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი დადგეს... სხვათა შორის, სასამართლოებზე ბიჭებისგან გავიგე, რომ მუხროვანის ბატალიონი 26 მაისს, სამხედრო აღლუმში მონაწილეობაზე უარს ამბობდა, რა გვეაღლუმებოდა, რა, ომი მოვიგეთო?! ჯარს არ ეზეიმებოდა და ბევრს ქართველი ხალხისა რცხვენოდა _ იარაღი ეჭირა და სამშობლო ვერ დაიცვა.
_ ვაჟა, აღიარებითი ჩვენება მიეცით?
_ მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაიამ და სხვებმა მცემეს, “მოდულში” გადამიყვანეს. იქაც მცემეს, მერე, “პრესში გამატარეს”. შენობაში უამრავი ხალხი იყო, ჯარისკაცები იატაკზე ისხდნენ... ოჯახის განადგურებით მემუქრებოდნენ. კისრის ქვემოთ ცემისგან, სულ გაშავებული ვიყავი, მაგრამ ,,კაპეზეში” ეს დაზიანებები არ აღნიშნეს, გლდანის ციხეში, დათვალიერების დროს კი, რაღაცა ნაწილობრივ ჩაწერეს.
შოკში ვიყავი და არ მახსოვს, აღიარებით ჩვენებას ხელი მოვაწერე თუ არა.  გლდანში ჩემზე მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. ერთხელ ოლეგ ფაცაციამ დაბლა, პირველ სართულზე ჩამიყვანა და ლაპარაკი დამიწყო. ეს მაშინ მოხდა, როცა ჩვენი საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავიდა.Mფაცაცია მეუბნებოდა, თუ შენთვის ნაცნობ საქმეზე, ან პიროვნებაზე რამეს მიამბობ, აქედან გასვლაში მოგეხმარებიო, მაგრამ მერჩივნა, ციხეში ვმჯდარიყავი, ვიდრე დასმენით ვინმე გამეუბედურებინა... ბევრმა აღიარა არარსებული ბრალდება _ ზეწოლას ვერ გაუძლო და მოაწერა ხელი საპროცესო გარიგებებს. თექვსმეტმა კი, თავი არ დავხარეთ, არ გავტყდით...
_ ვაჟა, რეაბილიტაციისთვის ბრძოლას აპირებთ?
_ “მუხროვანის ამბოხის საქმე” სტრასბურგში 2012 წლის ოქტომბერში გაიგზავნა, ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო და ნომერიც მინიჭებული აქვს. Pპირადად მე ვითხოვ, რომ საქმეს გრიფი ,,საიდუმლო” მოეხსნას და ხელახალ ძიებაში დაბრუნდეს. საქმესა და განაჩენში ბევრი კაზუსია. დღემდე ვერ გაგვიგია, თუ რა დავაშავე. თუ სამშობლოს ვუღალატეთ, ხომ უნდა მითხრა, რომელი ქვეყნის სასარგებლოდ? თავიდან უნდოდათ, რომ საქმეში რუსეთის ხსენება ყოფილიყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ... მოსამართლე ჯემალ კოპალიანის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ  ძალაში დატოვა, უზენაესმა კი, არც მიიღო _ საბუთები უკან მოგვაყარა.
განა, მარტო მე გამაუბედურეს? _ მთელი ჩემი ოჯახი განადგურდა: ჩემი ძმა, ლევან ხუცურაული, წლების განმავლობაში, სტრატეგიული მილსადენების დაცვის სამსახურში იყო, რუსთავის განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა. როგორც კი დამაკავეს, მაშინვე დაიბარეს და სამსახურიდან დაითხოვეს, შეკამათებას აზრიც არ ჰქონდა. ოჯახური პრობლემების გამო, ბინა იპოთეკაში გვქონდა ჩადებული, მე დამიჭირეს, ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს და ბანკმა ბინა გაგვიყიდა. დედაჩემი სამუშაოდ იტალიაში წავიდა... ჯანმრთელობაც შემერყა _ მეხსიერებაში ჩავარდნები მაქვს.
ყველანაირად ვცდილობ, ძალა მოვიკრიბო და ჩემი სიმართლე დავამტკიცო... იმედი მაქვს, ახალი მთავრობა ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და  სამართლიანობა აღდგება!