"მივესალმები დემოგრაფიული აღორძინების ფონდის დაარსებას. ეს დიდი ხნის წინ უნდა შექმნილიყო, დაგვიანებულიც კი არის, მე თუ მკითხავთ. საქმე ის არის, რომ ეს არის არაკომერციული, არამომგებიანი ფონდი. მისი შევსება საზოგადოების წევრების მიერ უნდა მოხდეს - ბიზნესმენები იქნებიან, ბანკირები თუ ასე შემდეგ. ამდენად, მისი სახსრები ყველაფერს ვერ გაწვდება", - აცხადებს დემოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარე ავთანდილ სულაბერიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "როდის გაუმჯობესდება საქართველოში დემოგრაფიული ვითარება".
"ჩემი აზრით, ეს ფონდი მიეხმარება ამ ოჯახებს, დაძლიონ ეკონომიკური პრობლემები, რათა მოთხოვნილება მესამე ბავშვზე, რომელიც გადადებულია 3-4-5 წლით, აღარ გადაიდოს. საჭიროა ახალგაზრდობაში ბავშვთა ყოლის მოთხოვნილების ამაღლება, რაც პროპაგანდისტულ მუშაობას გულისხმობს. სარეკლამო ბანერებზე უნდა გამოიკრას, პატრიარქი რომ ნათლავს მესამე ბავშვს, მით უმეტეს, თუ ფონდის მიერ ამ მოთხოვნილების მატერიალიზება მოხდება, ეს უნდა მოხდეს საბაზრო ეკონომიკის შესაბამისად. მწარმოებლურ და მომხმარებლურ ოჯახზე გადასვლას უნდა შეეწყოს ხელი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავთანდილ სულაბერიძე.
"სამხრეთ საქართველოს გარდა ანუ ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთის გარდა, ყველგან დეპოპულიზაცია გვაქვს სხვადასხვა დონეზე. ყველაზე დეპოპულაციური რაიონი ჩრდილოეთ თიანეთის რაიონია, შედარებით ნაკლებია კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთშიც მწვავედ დგას საკითხი, შემდეგ მოდის სამეგრელო, გურია. პირველად დეპოპულაცია აღინიშნა რაჭა-ლეჩხუმში გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, შემდეგ - იმერეთისა და გურიის მთიან სოფლებში. მაშინვე ვთქვით, რომ უნდა დაწყებულიყო აქტიური პოლიტიკა, მაგრამ, სამწუხაროდ, არავინ მიაქცია ყურადღება", - ამბობს ავთანდილ სულაბერიძე.
"თუ რამდენ ხანში შეიძლება ველოდოთ ეფექტს ფონდის გააქტიურების შემთხვევაში, ამის განსაზღვრა ძალიან რთულია. ყველაზე მეტი, ერთი თაობის შემდეგ მოხდება ეფექტი. არის კიდევ ხანმოკლე ეფექტი, როცა ბავშვთა რაოდენობა გაიზრდება. შეიძლება გამოჩნდეს ფონდის მუშაობა 3-5 წლის მანძილზე. ეფექტის ასეთ მაგალითს გეტყვით: 90-იან წლებში ძალიან შემცირდა შობადობა, მიგრაციის შედეგად ძალიან ბევრი ქალი წავიდა ქვეყნიდან. მიგრაციას რომ თავი დავანებოთ და შობადობის კოეფიციენტით ვიმსჯელოთ, ეს მაჩვენებელი გვიჩვენებდა, რომ 30-32%-ით ნაკლები იქნებოდა ქალთა რაოდენობა 20-25 წლის შემდეგ. ფაქტობრივად, დგება ეს პერიოდი. ჩვენ გვეყოლება 30-32%-ით ნაკლები ქალი დედის ასაკში ანუ უარყოფითი ეფექტია გამრავლების კუთხით. ახლა გვაქვს ქალთა ძალიან უარყოფითი სტრუქტურა საქორწინო ასაკის კუთხით, რეპროდუქციული ასაკის კუთხით, 32%-ით ნაკლებნი არიან 20-25 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით. შობადობას რა ზრდის? ან ქალთა მაღალი რაოდენობა, ან ბავშვზე ყოლის მოთხოვნილება. როცა ქალთა რაოდენობა მცირდება, უნდა მოხდეს ბავშვთა ყოლის მოთხოვნილების ამაღლება. თუ შობადობის მხრივ არ მოხდება მნიშვნელოვანი ზრდა, სოციალური, საოჯახო პოლიტიკის კუთხით ხდება. იმ ოჯახს ექნება ისეთი ბინა და საარსებო საშუალება, რომ ბავშვი ნორმალურად გაზარდოს. საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ჩვილთა, დედათა მოკვდაობის შემცირებასთან", - დასძენს რესპონდენტი.