რატომ ვერ შეთანხმდნენ ივანიშვილი და სააკაშვილი?

რატომ ვერ შეთანხმდნენ ივანიშვილი და სააკაშვილი?

ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს 4 მარტს შეხვდნენ. გარღვევასა და ყოვლისმომცველ დარეგულირებას ამ შეხვედრისგან არავინ მოელოდა; «ქართული ოცნების» მხარდამჭერებს, უპირველესად, საკონსტიტუციო ცვლილებები და სააკაშვილისთვის მთავრობის ერთპიროვნული დათხოვნა-დანიშვნის უფლების ჩამორთმევა აინტერესებდა, «ნაციონალებს» კი _ ამნისტია ყოფილი ჩინოვნიკებისთვის (ისინი ამას «დევნის შეწყვეტას» უწოდებენ). სააკაშვილი ცდილობდა, საქმე ისე წარმოეჩინა, თითქოს მისთვის მთავარი სულ სხვა საკითხები იყო, თუმცა ყველამ იცოდა, რომ კომპრომისის მიღწევა თებერვალში იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ მხარეები «ნაცამნისტიის» დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ; ყველა სხვა შემაფარხებელი ფაქტორი იმ მოლაპარაკების დროს მოიხსნა. ივანიშვილისა და სააკაშვილის ორშაბათის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და იმ ადამიანებმა, რომლებიც შიშობდნენ, რომ შეთანხმების ნაწილი ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გაუმართლებლად ლმობიერი ამნისტია გახდებოდა, შვებით ამოისუნთქეს. შეხვედრის შემდეგ ცხადი შეიქმნა, რომ კონფორნტაცია გრძელდება და დრამატული კულმინაცია გარდაუვალია.

ბალადა ბრალდების მოწმეზე


ეს არ იყო მოლაპარაკება თანასწორთა შორის, რადგან ივანიშვილის პოზიციები, როგორც შესაძლებლობების, ისე საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურება. ეს უფრო მოაგონებდა სცენას მძაფრსიუჟეტიანი ფილმიდან, როდესაც, სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, ალყაშემორტყმულ ბანდას, გარკვეული პირობების სანაცვლოდ, მძევლების გამოშვებასა და იარაღის დაყრას სთავაზობენ. ამ მეტაფორის ფარგლებში ერთი საინტერესო ნიაუანსის დაფიქსირება შეიძლება _ საზოგადოების დიდი ნაწილი არ გაკიცხავს შერიფს იმ შემთხვევაში, თუ ის ბანდიტს მოატყუებს და ასე გაანეიტრალებს: ცრუ დაპირებას მისცემს, რომელსაც შემდეგ არ შეასრულებს. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ პარტნიორების «გადაგდების» ტაქტიკას ისე ხშირად იყენებდა (ეს მისი რეჟიმის კრახის ერთ-ერთი მიზეზი გახდა), რომ ნაკლებად სავარაუდოა, ვინმე დიდად აღშფოთებულიყო იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი გარანტიების მიცემის ნაცვლად მას ბანალურად მოატყუებდა, ისე, როგორც ამას აკეთებს ზოგიერთი შერიფი კინოში; მაგრამ პრემიერმა ამის გაკეთება არ ისურვა. გარკვეული ლოგიკა და წინადახედულობა ამაში ნამდვილად არის _ ადრე თუ გვიან შეიძლება გამოჩნდეს მეორე ბანდიტი, რომელსაც ეცოდინება, რომ შერიფმა შეიძლება მოატყუოს და ანალოგიურ სიტუაციაში, მოლაპარაკებების გამართვის ნაცვლად, მძევლებს დახოცავს.

ვიდრე უშუალოდ ორშაბათის შეხვედრაზე ვისაუბრებთ, ალბათ, აუცილებლად უნდა შევეხოთ რამდენიმე წინარე ეპიზოდს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე ორი დღით ადრე სააკაშვილმა თქვა: «არავისთვის დასამალი არ არის, რომ ჩვენ ვითხოვთ საშუალო და ქვედა რგოლის პირების დევნის, წამების, დაკითხვებზე დაბარების შეწყვეტას», _ და ამით სიტუაცია ერთობ ბუნდოვანი გახადა. ამ მომენტამდე ცნობილი იყო, რომ ამას «ნაციონალები» კი არ ითხოვდნენ, არამედ «ქვედა და საშუალო რგოლის» თემა თებერვლის მოლაპარაკებებზე ცალკე დავით უსუფაშვილმა გამოყო: «სრული და უპირობო ამნისტია საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებისთვის 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის, გარდა ძალადობრივი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მსგავსი მძიმე დანაშაულებებისა». გაუგებარია ისიც, რას გულისხმობდა სააკაშვილი «წამებაში”; აქამდე არც ერთ «ნაციონალს», უდრეკი ნუგზარ წიკლაურის ჩათვლით, არ უთქვამს, რომ მის თანაპარტიელებს აწამებენ. იდეაში, სააკაშვილმა ან კონკრეტული ფაქტები უნდა დადოს, ან აღიაროს, რომ იცრუა (სავარაუდოდ, არც ერთს და არც მეორეს არ გააკეთებს). რაც შეეხება იმუნიტეტს დაკითხვისგან, მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს, ამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მოიძებნება; და, რაც მთავარია, სწორედ ამ დეტალებში, სააკაშვილის ერთობ გაუფრთხილებლად ნათქვამი სიტყვების უკან შეიძლება იმალებოდეს ფრიად მოზრდილი ეშმაკი.

საქმე ისაა, რომ «საშუალო და ქვედა რგოლის» ჩინოვნიკმა, რომელსაც არ გაასამართლებენ, მაგალითად, საბიუჯეტო თანხის მითვისებისთვის, სულ სხვა საქმის ფარგლებში შეიძლება მისცეს ჩვენება, რომელიც მაღალჩინოსნების ბრალეულობას დაამტკიცებს. სააკაშვილის სრულიად უპრეცედენტო მოთხოვნა დაკითხვების შეწყვეტასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, სწორედ ამ საფრთხის ნეიტრალიზაციას ემსახურება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ზუსტად განვსაზღვროთ, რის გამო შეჩერდა მოლაპარაკება თებერვალში _ ერთადერთი საკითხი, რომელზე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს იყო სრული და უპირობო ამნისტია (ძალადობრივი და სხვა მძიმე დანაშაულის გამოკლებით) ზედა რგოლის შემდეგი ჩინოვნიკებისთვის: მინისტრების მოადგილეების, სამინისტროს მსხვილი სტრუქტურების ხელმძღვანელების, გუბერნატორების, გამგებლების, მათი მოადგილეების და ა.შ. «ნაციონალები» ამას ითხოვდნენ და ვერ მიიღეს. ამ ჩინოვნიკების ჩვენებები კი ხელისუფლების პირველი პირებისთვის განსაკუთრებით საშიშია, მათ, როგორც წესი, ბევრი რამ იციან.

პარლამენტის თავმჯდომარემ თებერვლის მოლაპარაკებებზე «ნაციონალებს» შესთავაზა, რომ ამ, ზედა რგოლის ჩინოვნიკებზე შემდეგი პრინციპი გავრცელდეს: ნაწილობრივი ამნისტია, რომლის მიხედვით ისინი გათავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი სასჯელისგან დანაშაულის აღიარების და 5 წლამდე საჯარო სამსახურში ყოფნის აკრძალვის პირობით. «ნაციონალებისთვის» ეს მიუღებელი აღმოჩნდა და ეს, გასაკვირი, ალბათ, არ უნდა იყოს, რადგან დანაშაულის აღიარება, იდეაში, თანამონაწილეების და დამკვეთების დასახელებას გულისხმობს.

ყოველივე ამან შეიძლება დაგვაფიქროს, რომ ყოფილი ხელისუფლებისთვის მთავარია პოტენციური მოწმეებისგან მომავალი საფრთხის განეიტრალება, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი კანონში მათთვის სასურველი ფორმულირების ჩაწერას მიაღწევენ, ეს, პრობლემას 100%-ით ვერ მოხსნის. ლათინური ამერიკის ისტორია სავსეა შემთხვევებით, როდესაც ყოფილი ჩინოვნიკები მაშინაც კი, როდესაც «ეროვნული შერიგების» ფარგლებში მიღებული კანონი მათ სისხლისსამართლებრივი დევნისგან იცავდა, იძლეოდნენ ჩვენებებს (ან ინტერვიუებს), რომლებიც მათი ყოფილი ხელმძღვანელების ბრალეულობას ადასტურებდა. ადამიანის მოტივაცია საკმაოდ ბუნდოვანი და ძნელად გასაშიფრი რამ არის და არ არსებობს მყარი გარანტია, რომ ვინმე ჩუმად იჯდება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ძველი დანაშაულისთვის არ დასაჯეს.


ეგრე არ არ არის, თაყაო


«იყო ღია შემოთვლები, არა მხოლოდ პარლამენტარების, არამედ დიპლომატების მეშვეობით, რომ მოდი გავცვალოთ სახელმწიფო დაცვის სამსახურის, რეზიდენციისა და ასეთი საკითხები საკონსტიტუციო ცვლილებებზე», _ განაცხადა სააკაშვილმა 2 მარტს. «სხვა საკითხებში», სავარაუდოდ, ამნისტია იგულისხმებოდა; სააკაშვილი ამ ტერმინის გამოყენებას გაურბის. თუმცა აქ სხვა რამ იყო მნიშვნელოვანი _ დიპლომატების მონაწილეობა საიდუმლო მოლაპარაკების პროცესში და, ალბათ, ყველასთვის ცხადია, რომ სააკაშვილი ამ შემთხვევაში ლუქსემბურგის ელჩზე როდი მიანიშნებდა. ხოლო იმ ქვეყნის ელჩი, რომელიც მან, სავარაუდოდ, იგულისხმა, არასოდეს მიიღებდა მონაწილეობას ისეთი ტიპის პოლიტიკურ ვაჭრობაში, რომელიც მისი ქვეყნის მიერ საქართველოში განხორციელებული პოლიტიკის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამის საფუძველზე შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ სააკაშვილმა ხელი კომპრომისულ წინადადებაზე არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ დასავლელ პარტნიორებსაც აუკრა.

შესაძლოა, სააკაშვილი თვლის, რომ მთავრობის დათხოვნის უფლება ძალიან ძვირადღირებული რესურსია და მას შეუძლია ის მაქსიმალურ ფასად გაყიდოს, ხოლო ვიდრე ამას არ გააკეთებს, მასთან ზრდილობიანად გამართავენ მოლაპარაკებებს და თავზე ხელს გადაუსვამენ. ამ პროცესში ის ანგარიშგასაწევ პოლიტიკოსად წარმოჩინდება, სრულად ისარგებლებს «ცეცხლის შეწყვეტის» რეჟიმით, ძალთა გადაჯგუფებას მოახდენს, გააკეთებს ყველაფერს, რათა ახალი ხელისუფლების პოზიციები დაასუსტოს და, ვინ იცის, შეიძლება მოგვიანებით გადატრიალებასაც გამოჰკრას ხელი. ხოლო თუ სათანადო წინაპირობები ამ წარმოუდგენელი ავანტურისთვის არ შეიქმნება (სავარაუდოდ, არ შეიქმნება), შეეცდება, თავი დემოკრატ პოლიტიკოსად წარმოაჩინოს, რომელსაც «ჰქონდა მთავრობის დათხოვნის უფლება, მაგრამ ის დიდსულოვნად არ გამოიყენა». შესაძლოა, მას ჰგონია, რომ წაუგებელ თამაშს თამაშობს, თუმცა ის ქვეყნის ინტერესებთან ფუნდამენტურ წინააღმდეგობაში შედის. საქართველოს არ შეუძლია გაურკვევლობის, მუდმივი პოლიტიკური შანტაჟისა და დესტაბილიზაციის მოლოდინის რეჟიმში იცხოვროს.

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს მოქმედება ისე, როგორც ამას მისი ამომრჩევლების დიდი ნაწილი მოითხოვს _ ხისტად და სენტიმენტების გარეშე და ის, სავარაუდოდ, აღარ იზრუნებს იმაზე, რომ (როგორც თვითონ ამბობს) მოწინააღმდეგეს «სახის შენარჩუნების შესაძლებლობა მისცეს». თუ სააკაშვილი არ თმობს მთავრობის დათხოვნა-დანიშვნის დიქტატორულ, ანტიდემოკრატიულ უფლებას, მან უნდა ინანოს, თანაც ისე მწარედ, რომ თანამდებობიდან კი არ წავიდეს, არამედ გაიქცეს და გახოხდეს, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გორში გააკეთა. სავარაუდოდ, სწორედ ამას მოითხოვს უახლოეს დღეებში «ქართული ოცნების» ამომრჩეველი ბიძინა ივანიშვილისგან და ნებისმიერ ალტერნატიულ (და შესაძლოა, უფრო ეფექტურ) სტრატეგიას სისუსტის გამოვლინებად ჩაუთვლის. ეს გასაგებიცაა, მთელი ეს კატათაგვობანა და პოლიტიკური შანტაჟი სააკაშვილის მხრიდან ამ ხალხს ყელში ამოუვიდა.

აშკარაა, რომ სააკაშვილი ებღაუჭება ამ ბერკეტებს და მისი პოლიტიკური განიარაღების, ანუ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საკითხი პარლამენტში კენჭისყრაზე უნდა დადგეს; სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ ჩანს. მიუხედავად იმისა, რა შედეგი დაფიქსირდება კენჭისყრის დროს, საზოგადოება დაინახავს, რომელი დეპუტატი უჭერს მხარს ამ ანტიდემოკრატიულ პრინციპს და შესაძლო გადატრიალებას და მათ მიმართ შესაბამის დამოკიდებულებას გამოხატავს. ყველაფერი დანარჩენი ბელეტრისტიკაა და დროის უაზრო ფლანგვა, რომელიც ყველაზე მეტად დღეს სააკაშვილის ჯგუფს აძლევს ხელს.

ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ბოლო მომენტში სააკაშვილის მიერ ნახსენები დიპლომატები (კოლმეურნეობის თავმჯდომარის გვარს ამჯერადაც არ დავასახელებთ) აუხსნიან, თუ რა შედეგი მოაქვს სიჯიუტეს და თამაშს დესტაბილიზაციის აჩრდილთან და მას დათმობაზე დაიყოლიებენ, თუმცა სასწაულს ამ შემთხვევაში, ალბათ, არ უნდა ველოდოთ, თანაც სასურველია, რომ ეს, უდავოდ საშინაო პრობლემა საკუთარი ძალებით გადავწყვიტოთ.


მშვიდობის მტრედის ჩახოხბილი


ორშაბათს საღამოს ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სააკაშვილის «ბოლოდროინდელი უპასუხისმგებლო განცხადებები და მოქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის კურსს... ლახავს ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს და უქმნის პრობლემებს ახალ ხელისუფლებას. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მეგობარი სახელმწიფოების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელით მათ ბოდიშს ვუხდი», იქვე აღნიშნული იყო, რომ სააკაშვილი «მოქმედებს პირადი პასუხისმგებლობით. მისი ვიზიტები არ არის კოორდინირებული საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მისი განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის პოზიციებს, თუ ეს არ არის დადასტურებული ქვეყნის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ». ბევრმა კომენტატორმა ეს განცხადება «გაატარა». არადა, ის მართლაც რომ უპრეცედენტოა, თუ შევეცდებით მას უცხოელი დამკვირვებლის თვალით შევხედოთ, სავარაუდოდ, მივალთ დასკვნამდე, რომ სიტუაცია საქართველოში კრიტიკულია და სასწრაფოდ უნდა დარეგულირდეს. საუბარი იმაზე, რომ ესა თუ ის თანამდებობის პირი საგარეო არენაზე მთავრობის პოზიციას არ გამოხატავს, როგორც წესი, მაშინ იწყება, როდესაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს ამ სიტუაციის სხვა, «მშვიდობიანი» ანალოგების მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს განცხადება, ალბათ, შეიძლება ჩავთვალოთ ერთ-ერთ ნიშნად იმისა, რომ ივანიშვილმა სააკაშვილის იზოლირება დაიწყო.

სამწუხაროა, რომ საქმე აქამდე მივიდა; ეს ქვეყნის იმიჯს სასიკეთოს არაფერს მოუტანს, თუმცა, როგორც ჩანს, სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ იყო, სააკაშვილის კომენტარები საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე ყოველგვარ ზღვარს გასცდა და აშკარა გახდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა თავისი არჩევანი _ უარი თქვა კომპრომისზე და ახალ ხელისუფლებასთან მზარდი კონფრონტაციის გზას დაადგა, რაც 4 მარტის სრულიად უსარგებლო შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა. ისიც აშკარაა, რომ უცხოეთში ვოიაჟების დროს ის მოქმედებს, არა როგორც ქვეყნის, არამედ საკუთარი თავის და «ნაცმოძრაობის» წარმომადგენელი. მნიშვნელობა არ აქვს, რა მოტივებით ხელმძღვანელობს ის ან რა სასწაულს ელოდება, მთავარია, რომ ეს მისი შეგნებული და, როგორც ჩანს, საბოლოო არჩევანია; ამოსავალი წერტილი მთელ ამ სიტუაციაში სწორედ ესაა. ეს კი, მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს იმას, რომ ქართულ პოლიტიკაში დასრულდა უაზრო საუბრებითა და ბუნდოვანი ფორმულირებებით სავსე პაუზა და დადგა კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული მოქმედების დრო. მომდევნო კვირა კი, სავარაუდოდ, იქცევა ერთგვარ ილუსტრაციად ცნობილი, ადგილობრივი რეალიების მიმართ მისადაგების მიზნით ოდნავ გადაკეთებული ფრაზისთვის: თუ სააკაშვილს სურს დაუნდობელი პოლიტიკური ომი, ის ამ ომს მიიღებს.