დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც არაერთხელ მიუღია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოებულ საქმეებზე, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას ექსპერტმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რომელმაც კომენტარი სტრასბურგში შეტანილ სარჩელზე გააკეთა.
მისი თქმით, სიტყვების თამაშია ის ფაქტი, რომ ნიკა მელია სტრასბურგში არა ქვეყნის, არამედ პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ჩივის.
„ეს ახლა სიტყვების თამაშია და მცდელობა იმისა, რომ ისინი „ქართულ ოცნებას“ უჩივიან და არა ქვეყანას. რომ „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური პარტია. სარჩელს ჰქვია „სააკაშვილი-უგულავა-მელია საქართველოს წინააღმდეგ“ და არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ბუნებრივია, ამ სიტყვების თამაშში ისინი ვერავის მოატყუებენ, საკუთარ გულმხურვალე მხარდამჭერებსაც კი. ისინი საკუთარ სახელმწიფოს უჩივიან. სააკაშვილი უჩივის იმ ქვეყანას, რომელსაც 9 წლის განმავლობაში მართავდა. რომლისგანაც გაიქცა და იცით, მერე ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე თქვა უარი, შემდეგ კი ადეიშვილმა თქვა“, - განაცხადა ბოჟაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს დღევანდელი მართლმსაჯულება რეფორმირებას საჭიროებს და ამის შესახებ აღნიშნულია შარლ მიშელის დოკუმენტში, თუმცა დღევანდელი მართლმსაჯულება ბევრად უკეთესია, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იყო.
„ის, რომ ისინი არიან დამნაშავეები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე, ეს დღესავით ნათელია. დარწმუნებული ვარ, სტრასბურგის სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც არაერთხელ მიუღია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოებულ საქმეებზე და იმ რეჟიმის მიმართ, რასაც ისინი 2012 წლამდე ახორციელებდნენ. ისინი სტრასბურგიდან საკადრის პასუხს მიიღებენ“, - დასძინა ბოჟაძემ.
ნიკა მელიამ, გიგი უგულავამ და მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.