გივი მიქანაძე მელიას, უგულავას და სააკაშვილის სარჩელებზე: ეს არის ცინიკური დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოების მიმართ

გივი მიქანაძე მელიას, უგულავას და სააკაშვილის სარჩელებზე: ეს არის ცინიკური დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოების მიმართ

საუბარია, წინა ხელისუფლების სამი მაღალჩინოსნის მიერ სტრასბურგის სასამართლოსთვის საქართველოს წინააღმდეგ საჩივრით მიმართვაზე. ნიკანორ მელიას ამის აღიარებაც კი არ ძალუძს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მაქვს ეს სარჩელი შეტანილიო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა

მისი თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნების საჩივრებს შემდგომი გაგრძელება ვერ ექნება.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საჩივარი შეიტანოს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს წინააღმდეგ მისი კონკრეტული უფლების დარღვევის ალბათობის შემთხვევაშიც კი. სასამართლოს აქვს დადგენილი პროცედურა, როდესაც ის სწავლობს შეტანილ საჩივარს, ისევე, როგორც კონკრეტულ ქვეყანას, მთავრობას, ხელისუფლებას გარკვეული კითხვებით მიმართავს იმ ფაქტების თაობაზე, რაც დაკავშირებულია ამ საჩივართან. შემდგომში ხდება ერთიანი სურათის შეკვრა, რის საფუძველზეც სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას დაუშვას თუ არა ეს საჩივარი შემდგომ წარმოებაში და განხილვაში. სამივე მათგანს შეტანილი აქვს საჩივრები, მათი დასაშვებობის საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა. ეს არის ის პირველადი სტადია, რომლის პროცესშიც ნებისმიერი საჩივარი ანალოგიურად განიხილება და ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ როდესაც კითხვები გამოიგზავნება და ხელისუფლებისგან კონკრეტულ პასუხებს მიიღებენ, რაც მხოლოდ კანონიერებასა და სამართლიანობაზეა დაფუძნებული, სასამართლო მათ დასაშვებითობას არ ცნობს და ამ საქმეებს, ამ საჩივრებს შემდგომი გაგრძელება ვერ ექნება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან მომჩივანი და რაზე შეაქვთ საჩივრები. ეს არა მხოლოდ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული, ყოველგვარ მორალურ საფუძველს არის მოკლებული. ეს არის ცინიკური დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოების მიმართ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.