ია ანთაძე:

ია ანთაძე: "საზოგადოებრივი მაუწყებელი გაცოცხლდა"

"წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი რჩებოდა ხელისუფლების კონტროლის ქვეშ და როდესაც ხელისუფლება იცვლებოდა, ისე გადადიოდა ხელიდან ხელში, რომ რაიმე მტკივნეული პროცესი, რაიმე პროტესტი ჟურნალისტების მხრიდან, ვინც მუშაობდა ამ ტელევიზიაში, არ ყოფილა. ამიტომ დღეს გვაქვს პირველად ეს მდგომარეობა, როდესაც ტელევიზიაში შიგნით არის პროტესტი და გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ და არანაირი მოტივი არ აჩერებთ, რომ არ გამოთქვან თავიანთი აზრი იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება და მით უმეტეს, არ გააპროტესტონ რაღაც პროცესი. ეს უკვე კარგია, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს - გაცოცხლდა ტელევიზია და თვითონ ტელევიზიის წიაღში მიმდინარეობს რაღაც პროცესი, სადაც მთელი ეს ჯგუფი, რომელიც მუშაობს ტელევიზიაში, არ არის ერთ აზრზე, არ არის ჩუმად და არ იღებს უსიტყვოდ იმას, რასაც მათ სთავაზობენ", - აცხადებს მედიაექსპერტი ია ანთაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "საზოგადოებრივი მაუწყებელი გაცოცხლდა".

"პროცესი ნამდვილად არის ჩიხში შესული, იმიტომ, რომ ტელევიზიას ამ წუთში არც გენერალური დირექტორი ჰყავს, არც საინფორმაციო სამსახურის უფროსი. ბორდს კიდევ არა აქვს უფლება, რომ მართოს ტელევიზია პირდაპირ, ამიტომ რაღაც უნდა გადაწყდეს, რაღაც უნდა შეიცვალოს ამ ტელევიზიაში. ოღონდ კითხვა ასე ისმის - შესაძლებელია თუ არა, ვთქვათ, პატარ-პატარა ცვლილებებით მივიდეთ იქამდე, რომ თვისობრივად და არსებითად შეიცვალოს საზოგადოებრივი მაუწყებელი? პირადად ჩემი პასუხი არის უარყოფითი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ძირეული ცვლილებების გარეშე სიტუაცია სინამდვილეში ვერ გამოსწორდება. იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ყველა ხელისუფლებას ექნება პრეტენზია, რომ რაღაცნაირად აკონტროლოს ეს ტელევიზია, თუკი მიეცემა ამის შანსი. ამიტომ მე მგონია, რომ რადიკალურად უნდა შეიცვალოს სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესი და ეს წესი უნდა იყოს იმგვარი, რომ მეტ-ნაკლებად გამორიცხავს საბჭოს პოლიტიზებას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ია ანთაძე.

"კანონპროექტი, ანუ ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, არის შეტანილი მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ. პირადად მე ვესწრებოდი იმ შეხვედრებს, სადაც იხილებოდა ეს პროექტი. ის წესი, რომელიც არის ჩადებული კანონპროექტში, ნამდვილად არის თვისობრივად უკეთესი, ვიდრე ის წესი, რომლითაც ახლა ირჩევენ სამეურვეო საბჭოს. იმიტომ, რომ იქ არის გარკვეული ბარიერები ჩადებული იმისთვის, რომ არ იყოს საბჭო პოლიტიზებული. ამიტომ კარგი არის, რომ პარლამენტში დაიწყება განხილვა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ცვლილების არსი სწორედ ის არის, რომ დეპოლიტიზება უნდა მოხდეს. ახლა რამდენად არის შესაძლებელი ამ წესით დეპოლიტიზება, სინამდვილეში ეს იქნება დიდწილად დამოკიდებული თვითონ მექანიზმზეც დ აიმ ადამიანების კეთილსინდისიერებაზეც, რომლებმაც ეს მექანიზმი უნდა გამოიყენონ. რაც მთავარია, საზოგადოება უნდა იყოს ძლიერი და ძლიერად მოტივირებული, რომ მთელ პროცესს მიადევნოს თვალი და აკონტროლოს ეს პროცესი. იმის გამო, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ირჩევს მაინც საბოლოო საბჭოს 9 წევრიდან ექვსს, ეს უკვე თავისთავად ნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესი არის შემოსული ამ მექანიზმის ამოქმედებაში და მთლიანად ამ პოლიტიკური პროცესისგან ვერ გავმიჯნეთ ჩვენ საბჭოს არჩევის მექანიზმი, ეს ძალიან რთული იყო. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ აქ შეიძლება მაინც იყოს პოლიტიკური გავლენები, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია, მე ეს მესმის, მაგრამ მექანიზმი არის თვითონ ისეთი, რომ თუ ის შესრულდება ისე, როგორც წერია, ნამდვილად იქნება ძალიან დიდი გარანტი იმისი, რომ საბჭო არ იქნება პოლიტიკური", - დასძენს ია ანთაძე.