„დაწყებული შარლ მიშელის დოკუმენტზე მორგებით, დამთავრებული მელიას მიერ გირაოს მიღებით, ეს არის ოპოზიციის კრახი“

„დაწყებული შარლ მიშელის დოკუმენტზე მორგებით, დამთავრებული მელიას მიერ გირაოს მიღებით, ეს არის ოპოზიციის კრახი“

„ხელისუფლება იტყვის, რომ შეასრულებს შარლ მიშელის ხელშეკრულების სულისკვეთებას და ამნისტია მაინც იქნება მიღებული. ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ და იტყვიან, რომ მელიას მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებს და არ ფიქრობს სხვა მომიტინგეებზე, ამ შემთხვევაში თავი დავანებოთ პოლიციელებს, - მათი ბედი ისედაც საერთოდ არ ადარდებს მელიას, თუმცა, არც მომიტინგეების“, - ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსმა, პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა.

როგორ ფიქრობთ, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაო ევროკავშირმა გადაიხადა, ამნისტიის კანონს „ქართული ოცნება“ მაინც მიიღებს? მელიას პოზიცია იყო, რომ თუკი ამ კანონპროექტზე უარს იტყოდნენ, იგი გირაოს დათანხმდებოდა...

- ამნისტიის კანონპროექტს მიიღებენ და ამით 20 ივნისის თემა დაიხურება. გირაო თავისთავად არ უარყოფს მელიას ე.წ. დანაშაულს. მელიას ან ამნისტია სჭირდება ან პროკურატურამ უნდა შეცვალოს სასჯელის აღკვეთის ფორმა და, საბოლოო ჯამში, მაინც სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. გირაო თავისთავად არ ამბობს, რომ მელია დამნაშავე არ არის. გირაოთი მელია, უბრალოდ, გარეთ გამოდის.

თქვენი აზრით, რატომ დათანხმდა გირაოს ნიკა მელია?

- იმიტომ, რომ მისი პროექტი ჩავარდა, არა მარტო მისი, მთელი ოპოზიციის. დღეს ვიღას ახსოვს, როდესაც ოპოზიცია ამბობდა, რომ გაყალბდა არჩევნები, მგონი მხოლოდ მე მახსოვს მათი სიტყვები. ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და არ შევლენ პარლამენტში. ვადამდელი არჩევნების თემა დარჩა, მაგრამ არა გაყალბებული არჩევნების გამო, არამედ გადალახავს თუ ვერა ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ 43%-ს. მაშინ ვიღას ახსოვდა საერთოდ ადგილობრივი არჩევნები?! მარტო მე მოვუწოდებდი ოპოზიციას - თუ მართლა რაღაცის გამკეთებლები ხართ, თქვენი ენერგია დახარჯეთ ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც მაინც მოვა და გარდაუვალია. ახლა, თითქოს არც კი არსებობდა გაყალბებული არჩევნები, ისე იქცევიან, თითქოს რაიმე სიახლეს ვამბობდე. ამ ფონზე, ოპოზიციის მთელი პროექტი ჩავარდა. მათ ჰქონდათ იმედი, რომ დასავლეთი ასე ბრმად დაეთანხმებოდა გაყალბებაზე, როდესაც მტკიცებულებები პრაქტიკულად გაფლანგეს. ვფიქრობ, გაყალბება ნამდვილად იყო, ალბათ 7-8%, მაგრამ ოპოზიციას მტკიცებულბები არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ვერავინ დაიჯერა დასავლეთში, რომ გაყალბებული იყო არჩევნები. დაწყებული შარლ მიშელის დოკუმენტზე მორგებით, დამთავრებული მელიას მიერ გირაოს მიღებით, ეს არის ოპოზიციის კრახი.

„ქართული ოცნება“ მელიაზე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე სახელმწიფოზე, ლარის კურსზე, ვაქცინაციაზე და ა.შ. სულ იმაზეა ლაპარაკი, როდის გამოვა მელია, გირაოთი გამოვა თუ როგორ, არჩევნების გარშემო ვტრიალებთ დღემდე. სრულიად მიუღებელია ჩემთვის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, მაგრამ კიდევ უფრო მიუღებელია ოპოზიციის გაუგებარი პოლიტიკა. თუმცა, ყველაფერზე პასუხისმგებელი მაინც მმართველი პარტიაა, რადგან ისინი დაიბარეს ამერიკაში და არა მელიები და ვიღაცები. ამერიკაში ტყავი გააძრეს კობახიძეს და არა სხვა ვინმეს, რადგან ისინი არიან მმართველები.

აბსოლუტურად ამორალური და უპასუხისმგებლო ხელისუფლება იმალება ასევე უპასუხისმგებლო და ამორული ოპოზიციის ზურგს უკან და არაფერს აკეთებს. ეს უფრო შემაშფოთებელია ჩემთვის, ვიდრე ის, მელია გარეთ იქნება თუ არა.

ვიხილავთ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში?

- დიდება უფალს, რომ ქვეყანას არ მართავს „ნაცმოძრაობა.“ არავინ არ არიან ისინი ჩემთვის. პრობლემა „ქართული ოცნებაა“, მაგრამ, ალბათ, მაინც შევლენ. ლოგიკურად, „ნაცმოძრაობას“ ურჩევნია, რომ არ შევიდეს პარლამენტში. თუ ცოტა მაინც დარჩა ჭკუა, ყველა შევიდა და საზოგადოების ნაწილში მაინც არის განცდა, რომ ოპოზიცია არასწორად იქცევა. ამიტომ, თუ „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში არ შევა, ამით მეტად შეინარჩუნებს თავის ამომრჩეველს და საპროტესტო მუხტის ამ ნაწილს, რომლისთვისაც მიუღებელია ოპოზიციის გამყიდველობა.

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას მუდმივად ეტყვის: არც გაყალბება გამოგივიდათ და მაინც ხომ შემოხვედით პარლამენტშიო. ვერ გათვლის ხელისუფლება, რომ პირიქით, შეაქოს ოპოზიცია. ამას კი, დაინახავს ამომრჩეველი. „ნაცმოძრაობა“ თუ არ შევა პარლამენტში, ის გმირი დარჩება. „ნაცმოძრაობას“ ჭკუა რომ ყოფნიდეს, უნდა თქვას, რომ არჩევნები იყო გაყალბებული და ვიდრე არ ჩატარდება ვადამდელი არჩევნები, პარლამენტში არ შევდივართო.

თუ „ნაცმოძრაობა“ და ნიკა მელია ამას გააკეთებენ, ისინი შემდეგ არჩევნებზე შეინარჩუნებენ ხმების გარკვეულ რაოდენობას. ვთვლი, რომ წესით, „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში არ უნდა შევიდეს, ეს მათი ლოგიკით, მაგრამ მე პირველ ნოემბერსვე ვამბობდი, რომ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში.

თუ „ნაცმოძრაობა“ ქუჩაში დარჩა, მოსალოდნელია საპროტესტო აქციების მორიგი ტალღა?

- ამ შემთხვევაში აქციები მოსალოდნელია, მაგრამ დაახლოებით იმ რაოდენობის, რაც იყო - მაქსიმუმ 5 ათასი კაცი. საქართველოში საპროტესტო აქციები დაიწყო რეალურად მხოლოდ არჩევნების წინ, მანამდე ისე ჩაიარა მთელმა 8 წელიწადმა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ აგროვებდა სერიოზულ ხმებს. თუ „ნაცმოძრაობა“ გარეთ მარტო რჩება, საპროტესტო აქციები იქნება ძალიან სუსტი, სამაგიეროდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც საპროტესტო აქციებზე არ გამოვა, მაგრამ მაინც მათთვის მიუღებელი დარჩება „ქართული ოცნების“ პოლიტიკა (სიღარიბე გაღრმავდება, კორონავირუსის პრობლემები გაგძელდება, ეკონომიკა ფეხზე ვერ დადგება 3 წელიწადში), მოსახლეობის სოციალურ უკმაყოფილება იქნება გადატანილი „ქართულ ოცნებაზე.“ ამ შემთხვევაში ვიღაც სხვას ხომ უნდა მისცენ ხმა, რომელიც მათი აზრით, დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“. ამ შემთხვევაში ერთადერთი შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობა,“ თუ არ შევლენ პარლამენტში.

ამ შემთხვევაში საზოგდოების თვალში ეს არის ერთადერთი პარტია, რომელიც „არ გაიყიდა“ და არ შევიდა პარლამენტში. ოპოზიცია ვერაფერს გააკეთებს პარლამენტში და „ქართულ ოცნებას“ ჭკუა არ ეყოფა, რომ ოპოზიციას რაღაცები გააკეთებინოს.

ელემენტარული იყო, რომ პრეზიდენტს ვეტო დაედო კანონპროექტზე, ამაზეც კი არ წავიდა „ქართული ოცნება,“ რომ ოპოზიციური ამომრჩევლის გული მოეგო. დადგა სამარცხვინო სპექტაკლი, თითქოს იყო კონსულტაციები და მაინც არ დაადო ვეტო. თუ ასე გაგრძელდება, ამომრჩეველი, რომელიც გამწარებული იქნება ეკონომიკური პრობლემებით, ის ხმას მისცემს ვიღაც სხვას, ვინც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იქნება და ეს „ნაციონალური მოძრაობაა“, სხვა არავინ რჩება გარეთ. თუ მათ ჭკუა ყოფნით, არ უნდა შევიდნენ პარლამენტში.

ანუ, ფიქრობთ, რომ მოსალოდნელია ერთგვარი სოციალური ბუნტი და, ამ შემთხვევაში, სათავეში „ნაცმოძრაობას“ ვიხილავთ?

- „ნაცმოძრაობა“ ვერ წამოიწყებს ამას. ხალხი შეიძლება ქუჩაში გამოვიდეს, მაგრამ ამ კატეგორიის ადამიანებისათვის „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გახდება აქციების ლიდერი, მაგრამ ის შეიძლება გახდეს არჩევნების ლიდერი. ადამიანი, რომელიც შეიძლება არ გამოვიდეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე, მას არჩევნებზე სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა.“

 

trampi ესეთი ზუსტი შედარება ნათქვამი(შედარება) ამ კაცს არასოდეს არ უთქვია!!!1
,,ნაციონალურ მოძრაობას ქართველი ხალხის სისხლი წურწურით გასდისო,,
ზუსტია ზუსტი
2 წლის უკან