"რატომ უნდა დაისაჯოს გიორგი ტუღუში"

"ახალმა ხელისუფლებამ პირდაპირ გამოაცხადა, რომ, პირველ რიგში, ბრძოლა უნდა დაწყებულიყო შერჩევითი მართლმსაჯულების წინააღმდეგ, მაგრამ შედეგად რა მივიღეთ? დიდი მოლოდინი იყო დაკავშირებული წამების, არადამიანური მოპყრობის ასეულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრასა და გამოძიებაზე, რომელზეც მთელი 9 წლის განმავლობაში ერთი საქმე არ იქნა მიყვანილი ბოლომდე, ერთ საქმეზეც კი არ დამდგარა განაჩენი. არ გამართლდა მოლოდინი და არ მიეცა პასუხისგებაში არაერთი პირი, კონკრეტული არაადამიანური საქციელის ჩადენის გამო, რომელიც უმძიმესი კატეგორიის დანაშაულობებს მიეკუთვნება. ამიტომ დღეს "ნაციონალური მოძრაობა" გულმოცემულია. ტაშის გრიალით ხვდებიან ბაჩო ახალაიას სხდომის დარბაზში", - აცხადებს უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "რატომ უნდა დაისაჯოს გიორგი ტუღუში".

"გიორგი ტუღუში მინისტრი გახდა 2012 წლის 21 სექტემბერს. სახალხო დამცველი, ზოგადად, ობიექტურობის ეტალონი უნდა იყოს. ბატონი გიორგი ტუღუში კი ახლა აცხადებს, როდესაც ის დაინიშნა სასჯელაღსრულების მინისტრად, სერვერი დახვდა განადგურებული, მასზე ინფორმაცია იყო წაშლილი. მაშინვე უნდა განეცხადებინა, მაგრამ ბატონ ტუღუშს აზრადაც არ მოსვლია, რომ წინა მინისტრისა და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დაეყენებინა, ვინაიდან ეს არის, ელემენტარულად, პასუხისმგებლობის გადმობარება ერთი მინისტრიდან მეორეზე. მა შრა გამოდის? ე.ი. ერთნაირადა მხილებული ტუღუშისა და ძველი ხელისუფლების ურთიერთგაგება და ურთიერთთანამშრომლობა. სრულად იქნა მხილებული გიორგი ტუღუში, რომელიც სახალხო დამცველად არჩეული კი არა, დანიშნული იყო ძველი ხელისუფლების მიერ. ამის ნათელი დადასტურებაა, სწორედ სერვერზე არსებული ინფორმაციის წაშლასთან დაკავშირებით მისი უმოქმედება. დღემდე არ არის ცნობილი, სად გაქრა სასჯელაღსრულების სამინისტროს სერვერზე არსებული ინფორმაცია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე.

"პასუხისმგებლობა გიორგი ტუღუშსაც ეკისრება. აქედან გამომდინარე, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სწორედ ბატონ ტუღუშისა და ქალბატონ კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ეს არის ცალსახა. ამ ფაქტებს სჭირდება სამართლებრივი შეფასება. ამასთან დაკავშირებით ფეისბუქით განცხადება გავაკეთე, მაგრამ არავინ გამომხმაურებია, არც ახალი ხელისუფლებიდან, არც ძველი ხელისუფლებიდან და არც არასამთავრობო სექტორიდან. არ ვიცი, რა შეხმატკბილებით ხდება ხელმძღვანელობა სახელმწიფოს მართვა-გამგებლობის კუთხით. ამ საკითხებზე, როგორც მინიმუმ, პასუხები უნდა გვქონდეს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება არ დაწყებულა. სერვერებიდან კადრების გაქრობის ფაქტი არის უმნიშვნელოვანესი საკითხი იმისათვის, რომ ჩვენ ზუსტად გვქონდეს წარმოდგენა, რა მასშტაბების დანაშაულს ჰქონდა ადგილი ქვეყანაში, რადგან პენიტენციური სისტემა ერთგვარი ლაბორატორიული მოდელია ქვეყანაში ჩადენილი უკანონობისა. სერვერზე არსებული ინფორმაციები, რომელიც ციხის შიდა პერიმეტრზე არსებული ცხოვრების ეპიზოდებს ასახავდა, ერთგვარი კვლევის ობიექტიც უნდა იყოს გამოძიების ხელში, მაგრამ ჩვენ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია, ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება, როდესაც სერვერზე ყველა ინფორმაცია გამქრალია?!" - დასძენს დიმიტრი ლორთქიფანიძე.