მიხეილ სააკაშვილმა სიცრუეში საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. გასულ კვირას მისი განცხადებების უარყოფა, მათგან დისტანცირება და გაკვირვების გამოხატვა თიბისი ბანკს, ლიბერთი ბანკს, ეროვნულ ბანკს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, პატრიარქის მდივანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს მოუხდათ. სეზონური გამწვავება თუ მიზანმიმართული მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ? ერთი მეორეს, პრინციპში, არ გამორიცხავს. სააკაშვილი, როგორც ჩანს, ცდილობდა, მიეყენებინა ზიანი ქართული საბანკო სისტემისთვის, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, პატრიარქის ავტორიტეტისთვის, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებისთვის და ა.შ., მაგრამ ეს იმდენად უხეშად და უნიჭოდ გააკეთა, რომ ეჭვები მის მენტალურ არამდგრადობასთან დაკავშირებით ლამის აქსიომად აქცია.
ვიდრე არსებით განხილვაზე გადავალთ, ალბათ, აუცილებელია, ერთ მნიშვნელოვან ნიუანსს შევეხოთ. ჩვენ, როგორც წესი, ვცდილობთ, არ ვუწოდოთ «მტერი» ამა თუ იმ პოლიტიკოსს, თითქოსდა გასული საუკუნის 30-იან წლებში ვცხოვრობდეთ, როდესაც ამ სტატუსის მინიჭება საკუთარ თავში რეპრესიების და ფიგურანტის სამუდამო ნეიტრალიზაციის მოთხოვნას შეიცავდა. ალბათ, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ მტრის იდენტიფიცირება და მის წინააღმდეგ ზომების მიღება, რომელიც ჩვენს (ფარდობითად) ჰუმანურ ეპოქაში შეიძლება სავსებით ზომიერი იყოს. არც ერთი ზედემოკრატიული სახელმწიფო და საზოგადოება არ ერიდება იმას, რომ მტერს მტერი უწოდოს, მაშინ როდესაც მისი მოქმედება აშკარად გამანადგურებელი ხდება. თუ მიხეილ სააკაშვილი იქცევა, როგორც საქართველოს მტერი, რატომ არ შეიძლება ღიად და რევერანსების გარეშე ვუწოდოთ მას მტერი და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ? (ცხადია, ჰუმანურად; ჩვენ XXI საუკუნეში ვცხოვრობთ). სეზონური გამწვავება ამ შემთხვევაში შემამსუბუქებელ გარემოებად ვერ ჩაითვლება; ანალოგიური პრობლემა ადოლფ ჰიტლერსაც ჰქონდა, თუმცა ამის გამო არავინ ამბობს, რომ ის კაცობრიობის მტერი არ გახლდათ და ის გარემოება, რომ სომოსას დინასტიის ყველა წარმომადგენელი დამსახურებული შიზოფრენიკი იყო, არ ათავისუფლებს მათ პასუხისმგებლობისგან იმაზე, რაც ნიკარაგუას დამართეს.
უამრავი ადამიანი (სავარაუდოდ, ქართველების უმრაველოსობა) დარწმუნებულია იმაში, რომ 2008 წლის აგვისტოში და, საერთოდ, მთელი ამ წლების განმავლობაში სააკაშვილი მოქმედებდა, როგორც საქართველოს მტერი, როდესაც ფაშისტური რეჟიმის ჩამოყალიბებას ცდილობდა. აპრიორი ცნობილია, რით დასრულდება ნებისმიერი გამოკითხვა ამ თემაზე: ძალიან დიდი ალბათობით, გამოკითხულთა სამი მეოთხედი (როგორც მინიმუმი) მას მტერს უწოდებს. ამის და ფიგურანტის ნამოქმედარის გათვალისწინებით, ალბათ, უფრო კორექტული იქნება, განვიხილოთ ის არა როგორც ლეგიტიმური პოლიტიკოსი, რომელსაც «კარგი უნდა, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოსდის», არამედ როგორც მტერი, რომელიც საქართველოს ებრძვის. არაფერი ზებუნებრივი ამაში არ არის და თქმულიდან სულაც არ გამომდინარეობს სიძულვილის გაღვივება, მოწოდება არაკონვენციური მეთოდების გამოყენებისკენ ან მტრის ხატის შექმნა (რა საჭიროა ხატის შექმნა, როდესაც მტერი რეალურად არსებობს). უბრალოდ, ნებისმიერი საფრთხე, რომელიც ქვეყანას ემუქრება იდენტიფიცირებული უნდა იქნას. მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოების გააზრებაც: თუ ვინმე მიზნად ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებას ისახავს, მისი შეჩერება არა პოლიტიკის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს პირი ყველა უფლებას კარგავს; დემოკრატიული სახელმწიფო გასული საუკუნის ავტორიტარულ სტილში ვერ იმოქმედებს.
საქართველოში ბევრი ოპოზიციონერია; მაგრამ არც ერთი მათგანი არ ცრუობს უტიფრად (ზომიერი მანიპულირება ინფორმაციით სულ სხვა რამ არის), არ ცდილობს, მიზანმიმართულად გააფუჭოს ურთიერთობები უცხო ქვეყნებთან, არ აშანტაჟებს არავის გადატრიალების მოწყობის შესაძლებლობით და ამიტომ აქვს სრული მორალური უფლება, ოპოზიციონერად იწოდებოდეს, მეტიც, არჩევნები მოიგოს და ხელისუფლებაში მოვიდეს. მაგრამ მტრის განხილვა ლეგიტიმურ ოპოზიციურ ძალად, ალბათ, მაინც არ შეიძლება. თუ, მაგალითად, «ალ ქაიდა» ისარგებლებს იურიდიული ხვრელით რომელიმე წამყვანი დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობაში და დაარეგისტრირებს ორგანიზაციას «ალ ქაიდას პოლიტიკური ფრთა», საზოგადოება მას არ მიიღებს, ოპოზიციის ნაწილად არ განიხილავს და სრულ იზოლაციაში მოაქცევს, იმიტომ, რომ მტერი მტერია და არა ოპოზიცია, ხოლო პრინციპიდან «გიყვარდეს მტერი შენი», რომელსაც ვცდილობთ მივსდიოთ, სულაც არ გამომდინარეობს ის, რომ მტერს ფართო ასპარეზი უნდა მივცეთ ან თავზე დავისვათ.
ალბათ, არ უნდა მოგვერიდოს გამოვიყენოთ სიტყვა «მტერი» მაშინ, როდესაც ეს მართებულია; სახელმწიფოს და ქართულ დემოკრატიას საკმარისზე მეტი აშკარა მტერი ჰყავს, ხოლო მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს, ცდილობს, ამ არასაპატიო რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავოს, თუმცა ცნობილი (უწმაწური, მაგრამ ამავე დროს ფრიად ფილოსოფიური) ანეგდოტის არ იყოს, სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც მეორე ადგილს დაიკავებს.
ადამიანი, რომლის მმართველობის წლებში ყველაფერი ღირებული, რაც ეკონომიკაში იყო, რუსული კომპანიების ხელში გადავიდა, საუბრობდა რუსების მიერ ლიბერთი ბანკის და თიბისი ბანკის ყიდვაზე, როგორც მომაკვდინებელ საფრთხეზე. ოციოდე წუთში გაირკვა, რომ ეს ტყუილია. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი განცხადება გამოიწვევდა თანამდებობის პირის სამუდამო დამშვიდობებას პოლიტიკასთან, ხოლო არადემოკრატიულში, გამორიცხული არაა, სარზეც დაესვათ, რადგან ორ წამყვან ბანკზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება მთელი სისტემის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. რა იყო ეს _ პოლიტიკოსის განცხადება თუ დივერსია?
აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ კი ადგა და თქვა, რომ გარდაბნელი ვინმე სადიკოვის მეთაურობით რუსეთში შეიქმნა დიასპორა, რომელშიც ალეკპეროვი და რამდენიმე სხვა მილიარდერი შეიყვანეს და რომ «მათი მიზანია, იმავე სცენარით ბრძოლა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გარანტი პრეზიდენტის მიმართ, როგორც ეს აწარმოეს საქართველოს არჩევნებზე გასული წლის ოქტომბერში _ ფულის, ოლიგარქების, რუსული კაპიტალის, შანტაჟისა და სხვადასხვა პროვოკაციის გამოყენებით. საინტერესო ის არის, რომ სადიკოვი გარდაბნელია და მან განაცხადა, რომ იბრძოლებს საქართველოში აზერბაიჯანელთა ავტონომიისთვის». ამის პასუხად აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნოვრუზ მამედოვმა განაცხადა: «სააკაშვილის განცხადება, რომ ჩვენი დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენელი საფრთხის შემცველ პოზიციას იკავებს აზერბაიჯანთან მიმართებაში, შეიძლება ასახავდეს მხოლოდ მის პირად მოსაზრებას. ვერ ვიჯერებ, რომ რაც მან განაცხადა ალეკპეროვთან და სხვებთან დაკავშირებით, რეალობაა. მე, როგორც სააკაშვილის მიერ ბაქოში გამართული არაერთი შეხვედრის მონაწილეს, შემიძლია განვაცხადო, რომ მსგავსი საკითხები მასთან განხილული არ ყოფილა და ამის საჭიროებაც არ იყო».
რას წარმოადგენდა სააკაშვილის ეს ანტიდიპლომატიური, ზედესტრუქციული განცხადება _ უმწიფარი პოლიტიკოსის ბოდვას თუ მიზანმიმართულ დივერსიას საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების და, შესაბამისად, რეგიონული უსაფრთხოების წინააღმდეგ?
კიდევ ერთხელ შევეცადოთ ვუპასუხოთ კითხვას: ეს ადამიანი ასე ერთობა თუ ის ქართული სახელმწიფოს მტერია, ამერიკელი პარტნიორების თქმის არ იყოს, «ენიმი ოფ ზი სტეიტ»? სხვათა შორის, არც ამერიკელებს შეუძლიათ მშვიდად იძინონ, ხვალ შეიძლება მათ უარესი შარი მოსდოს, რაც გასულ კვირას _ ალიევს. არანაირი გარანტია არ არსებობს, შეიძლება გამოვიდეს და თქვას: «ერთხელ დამირეკა ჯორჯ ბუშმა (ბარაკ ობამამ, ჯონ მაკკეინმა, კონდოლიზა რაისმა, მნიშვნელობა არ აქვს) და მითხრა...», შემდეგ კი დაამატებს იმას, რაც ენაზე მოადგება, რაღაც სრულიად აბსურდულს და მოხდება დიდი საერთაშორისო სკანდალი. შენ ეს გჭირდება, ძია სემ?
იმაზე, რაც საკაშვილმა ილია II-ს და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ თქვა, ალბათ, მიზანშეწონილია, მომავალ კვირას ვისაუბროთ; ეს ცალკე საინტერესო თემაა, რომელიც სერიოზულ ანალიზს მოითხოვს. ამჯერად კი შეგვიძლია შევეხოთ მის დემონსტრაციულ უარს დაცვის სამსახურით სარგებლობაზე და გამგზავრებას აეროპორტში თითქოსდა «დაცვის გარეშე», რაზეც აღტაცებით წერდნენ მისი პროპაგანდისტები. სინამდვილეში დაცვის სამსახური, კანონის მოთხოვნიდან გამოდინარე, მას მთელ მარშრუტზე იცავდა, რაც ვიდეოჩანაწერში კარგად ჩანდა და ყველა თვითმხილველმაც ნახა. უბრალოდ, დაირღვა ესკორტის ჩვეულებრივი წყობა, დაცვის სამსახურის თანამშრომლებს იმპროვიზება მოუხდათ;Aამის გამო, მოულოდნელი ინციდენტის შემთხვევაში, საფრთხე მათი სიცოცხლისთვის გაცილებით დიდი იქნებოდა. რა მიზანს ისახავდა სააკაშვილი, როდესაც ამ პრობლემებს ქმნიდა?
საერთოდ, ნულოვანი რეიტინგის მქონე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს სჩვევიათ უახლოესი გარემოცვის დახმარებით, საკუთარ თავზე თავდასხმის იმიტაცია მოაწყონ. განსაკუთრებით ამის გაკეთება დიქტატორებს უყვართ; პოლ პოტი და იდი ამინი ამ მხრივ გამორჩეულები იყვნენ. თუმცა რაღა შორს წავიდეთ, შეგვიძლია გავიხსენოთ 2008 წლის ნოემბრის ინციდენტი ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან, როდესაც სააკაშვილისა და პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის, კორტეჟის სიახლოვეს ისროლეს. ამის შემდეგ პოლონურმა გამოცემა «დზენიკმა» გამოაქვეყნა ამონარიდები პოლონური სპეცსამსახურის «აბვ»-ს ანგარიშიდან, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ეს სროლა «ქართული პროვოკაცია იყო». შემდეგ კაჩინსკის კანცელარიის ყოფილ უფროსს, პეტრე კოვნაცკის, ბრალი დასდეს იმაში, რომ ამ საიდუმლო მოხსენების შესახებ «დზენიკის» ჟურნალისტს უამბო. 2011 წლის იანვარში ვარშავის საოლქო პროკურატურამ შეაჩერა გამოძიება ამ საქმეზე იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ამ ინციდენტის დეტალებზე ინფორმაცია არ მიაწოდა. პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მონიკა ლევანდოვსკამ მაშინ განაცხადა, რომ «პროკურატურამ არაერთგზის მიმართა შესაბამის ქართულ ორგანოებს, თუმცა მას პასუხობდნენ, რომ ქართული შსს ამ საქმის გამოძიებას განაგრძობს». ის ხალხი დღესაც ელოდება ინფორმაციას თბილისიდან და ძალიან საინტერესოა, მიიღებს თუ არა საბოლოოდ მას.
ამ ძალზე საეჭვო ეპიზოდს თავი რომ დავანებოთ, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ უამრავი დადგმული ეპიზოდი სააკაშვილის მონაწილეობით და ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ, რომ ზოგიერთ მანიაკალურ თავში «ფსევდო-თავდასხმის» იდეამ გაიელვა, რის შემდეგაც სააკაშვილი, ალბათ, დაადანაშაულებს ივანიშვილის ხელისუფლებას დაცვის «მიზანმიმართულ დასუსტებაში». რაც შეეხება რეალურ თავდასხმას, ნაკლებად სავარაუდოა, ის სააკაშვილის რომელიმე ოპონენტს ხელს აძლევდეს. დღეს სააკაშვილი პოლიტიკური გვამია და ძნელი დასაჯერებელია, ვინმე ჭკუათმყოფელმა იფიქროს მის წამებულად გადაქცევაზე, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, დაცვის სამსახურს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თავისი მოვალეობა შეასრულოს ისე, რომ სააკაშვილის საბოტაჟმა პრობლემები არ შეუქმნას. მიუხედავად იმისა, რომ ფართოდ გავრცელდა ეჭვი, რომ ფიგურანტი საქართველოს #1 მტერია, დაცვის სამსახურს ამის გაკეთებას კანონი ავალდებულებს და მას ხელი არ უნდა შეეშალოს.